მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს?!
    ახალი ფინანსთა მინისტრი - დავით ონოფრიშვილი
   

    «საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ფინანსთა მინისტრ მიხეილ ჭკუასელისგადადგომა» - ეს ევროპული ფორმულირებაა. საბჭოური ენით თუ ვიტყვით, ედუარდ შევარდნაძემ დააკმაყოფილა ჭკუასელის «თხოვნა» გადადგომის შესახებ და აღნიშნა, რომ მათი (ანუ პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის) აზრები ამ საკითხში ერთმანეთს დაემთხვა. თუმცა, სინამდვილეში, ალბათ ეს აზრი პრეზიდენტს უფრო ადრე მოუვიდა და მამაშვილური რჩევაც მისცა (შესაძლოა არა პირდაპირ, არამედ ქარაგმულად) ჭკუასელს.
    სხვათა შორის, ყველა უბედურებაში ჭკუასელის დადანაშაულებაც არ შეიძლება. მართალია უმძიმესი შეცდომა იყო მისი ცნობილი განცხადება «საგადასახადო ამნისტიის» შესახებ (ქართველ ბიზნესმენს «ამნისტია» გააგონე და ის რამეს გადაგიხდის?) მაგრამ მთლიანობაში, თუ ობიექტურნი ვიქნებით, ჭკუასელმა ალბათ მაინც გააკეთა მაქსიმუმი იმისა, რისი გაკეთებაც საერთოდ შესაძლებელი იყო შექმნილ ვითარებაში.
    1998 წელს, ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრს ჯიბრზე, რამდენიმე ნეგატიური ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს.
    პირველი: თვით ჭკუასელის ზემოთხსენებული დაუფიქრებელი განცხადება, რომელიც, რასაკვირველია, «ნოყიერ ნიადაგში» მოხვდა;
    მეორე: გალის მოვლენები, რის შემდეგაც ქართველმა ბიზნესმენებმა (აფერუმ მათ ვაჟკაცობასა და პატრიოტიზმს) აქაოდა, «სახელმწიფოს ჩვენთვის არა სცხელაო», საერთოდ შეწყვიტეს გადასახადების გადახდა.
    მესამე: რუსეთის ფინანსური კრახი, რასაც ერთის მხრივ, მოჰყვა რუბლის მიერ დოლარის «გაწოვა» საქართველოს ფინანსური ბაზრიდან, მეორეს მხრივ, კI ინფლაციური მოლოდინი, ექსპორტის კატასტროფული შემცირება, იმპორტის ასევე კატასტროფული გაიაფება, უარყოფითი სავაჭრო სალდოს ზრდა, რამაც ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შეთხელება და მიზერამდე დასვლა გამოიწვია.

    გულმხურვალე პატრიოტმა ქართველმა მეწარმეებმაც იფიქრეს: «ეგ არის და გვეშველა, ქართული სახელმწიფოებრიობა მაინც სულს ღაფავს და საერთოდ აღარ გადავიხდით «გადასახადებსო», მაგრამ იმას კი ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს დაქცევის შემთხვევაში თავადაც ოხრად დარჩებათ ყველაფერი.
    ობიექტური მიზეზების რიგს მიეკუთვნება, აგრეთვე, წარმოების მოცულობის შემცირება.
    მართალია მთლიანი შიდა პროდუქტი კვლავ იზრდება 7 პროცენტით, მაგრამ წარმოების ზრდის ტემპი ერთ პროცენტამდე შემცირდა, ნაცვლად შარშანდელი 12 პროცენტისა, რაც აგრეთვე ქართული წარმოების «პრორუსული» ორიენტაციის შედეგია.
    მკითხველმა თავად განსაჯოს, რა არის ამ მიზეზებში სუბიექტურად მიხეილ ჭკუასელის ბრალი, რა - მთლიანად ხელისუფლების და რა - ობიექტური მიზეზებისა.
    ასეა თუ ისე, მიხეილ ჭკუასელი წინასაარჩევნო კამპანიის მსხვერპლი გახდა. «მოქალაქეთა კავშირმა» შეასრულა ოპოზიციისა და მთლიანად, საზოგადოების კატეგორიული მოთხოვნა: როდესაც ადამიანები თვეობით ვერ იღებენ ხელფასს, როდესაც არ რიგდება პენსიები - ვიღაცა უნდა დაისაჯოს, რათა ხელისუფლებამ ხალხი დაარწმუნოს, რომ «პასუხისმგებლობის» საკითხი მისთვის აქტუალური თემაა.
    უპასუხისმგებლო ხელისუფლება, ვისაც ხალხის არანაირი გაჭირვება გულს არ შეუტოკებს, სულ მალე დამარცხდება ნებისმიერ არჩევნებში. ელექტორატი ხმას მისცემს «ოპოზიციას», არა იმის გამო, რომ მაინცდამიანც სჯერა მისი, არამედ ხელისუფლების «ჯინაზე»; ოღონდ, ისიც გასათვალისწინებელია, - სადამდე შეიძლება მივიდეს მასათა სეტისფექციის (დაკმაყოფილების) პროცესში ხელისუფლება? მით უმეტეს, როდესაც კრიზისი დიდწილად (თუნდაც არა მთლიანად) ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული. დაბალი საგადამხდელო კულტურა და ყველა სახელისუფლებო სტრუქტურის ტრადიციული, საუკუნოვანი ლპობა-კორუმპირებულობა კი, ამ შემთხვევაში ობიექტური მოცემულობაა.
    მიხეილ ჭკუასელი შორს არ წასულა. მან «მოქალაქეთა კავშირის» ოფისში გადაინაცვლა; ეს უკვე მეორე შემთხვევაა ნიკო ლეკიშვილის შემდეგ. არც ერთს, არც მეორეს, «კარი არ გაუჯახუნებია», ანუ სულაც არ განაწყენებულან. ყოველ შემთხვევაში, მათი ქმედებით ეს არ მჟღავნდება.
    დღეს ან ხვალ პრეზიდენტთან საგანგებო თათბირზე უაღრესად ვიწრო წრე (თავად ედუარდ შევარდნაძე, ზურაბ ჟვანია და ვაჟა ლორთქიფანიძე) გადაწყვეტენ, თუ ვინ შეცვლის მიხეილ ჭკუასელს ფინანსთა მინისტრის პოსტზე.
    ერთი რამ ცხადზე უცხადესია: ახალი მინისტრიც «მოქალაქეთა» კრეატურა იქნება. ყველაზე რეალური კანდიდატურაა ეკონომიკური რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ონოფრიშვილი; როგორც ჩანს, სწორედ მას წარუდგენს პრეზიდენტი პარლამენტს დასამტკიცებლად. შესაბამისი ბრძანებულების პროექტი ალბათ მზად არის და ორშაბათს საღამოს, ან სამშაბათს დილით მოეწერება ხელი, რის შემდეგაც მინისტრის დასამტკიცებლად აუცილებელი გახდება პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევა.
    საეჭვოა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ეს საქმე «გააჯანჯლონ», ვინაიდან ფინანსთა მინისტრთან ერთად სამინისტროს მთელი ხელმძღვანელი რგოლი გადადგა; ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში კი თითოეული დღე ჭკუასელისა და ონოფრიშვილის (ერთად) წონა ოქროს ტოლფასია.
    დავით ონოფრიშვილს აშკარად ეტყობა, რომ სულაც არაა წინააღმდეგი, დაიკავოს პოსტი. ანუ, უარის თქმას ნამდვილად არ აპირებს.
    «უარი რა სათქმელია» თითქოს, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ პრობლემათა სირთულეს, ამჟამინდელი მდგომარეობის კარიკატურულ ილუსტრაციად წარმოგვიდგება რუსეთის რევოლუციისდროინდელი სურათი: ნიკოლოზ მეორე გადადგა, ჯარისკაცი კი შეფობის კანდიდატებს ღიმილით ეპატიჟება სამეფო სავარძლისაკენ, რომლის საჯდომიდან წვეტიანი ხიშტებია ამოშვერილი.

მერიდიანი, 16 ნოემბერი, 1998 წ.

მთელ გვერდზე