საქართველოს «შავი წილი» დაღუპავს

    უკვე ერთი წელია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო როგორც ადრე იტყოდნენ, «ავრალითა და შტურმოვშჩინით», ღამეების თენებით, ლიტრობით ყავის სმით, მაგრამ მაინც ახერხებს მომავალი წლის ბიუჯეტის წარდგენას პარლამენტში კონსტიტუციის შესაბამისად - 1 ოქტომბრამდე.
    როგორც ჩანს, ვადა არც ამჯერად დაირღვევა, მაგრამ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა კიდევ უფრო რთულად და დაძაბულად მიმდინარეობს.
    შედეგად, ფინანსთა სამინისტრომ ისეთი ბიუჯეტი «გამოაცხო», რომ მინისტრებსა და მხარეთა გუბერნატორებს «დანა პირს არ უხსნის» - ისინი მიშა ჭკუასელს უღრენენ და სალამს არ აძლევენ. თუმცა, ეს უკანასკნელი ამგვარ ბოიკოტს აინუშშიც არ აგდებს. მისთვის მთავარია, როგორმე შეაკოწიწოს ბიუჯეტი, რომელიც შეესაბამება ამჯერად შექმნილ კატასტროფულ ვითარებას.
    ვითარება კი ჭეშმარიტად კატასტროფულია.
    საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტთა მონაცემებით (ისინი ჯერ ერთხელაც არ შემცდარან პროგნოზში), 1998 წელს ქვეყანა დაასრულებს 130 მილიონ ლარიანი გარღვევით ბიუჯეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ან უნდა განახორციელოს ემისია (რაც გამორიცხულია, ვინაიდან ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს ჰიპერინფლაციას და სავალუტო ფონდთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტას), ან შეკვეცის ხარჯები (მოახდინოს ბიუჯეტის სეკვესტრირება). არც მეორე გამოსავალია იოლი ხელისუფლებისათვის. მით უმეტეს, არჩევნების წინ, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.
    «საბიუჯეტო გარღვევის» მიზეზთა თაობაზე ბევრი ითქვა. დამკვირვებელთა უმრავლესობის აზრით, არსებობს სამი ძირითადი მიზეზი:
    1) მაისის მოვლენების შედეგად გადამხდელთა უმრავლესობამ (აფერუმ მათ პატრიოტიზმს) იფიქრა: არიქა გვეშველა, ახლა ჩვენთვის აღარავის სცალიაო და გადასახადების გადახდა საერთოდ შეწყვიტა.
    2) თვით მიხეილ ჭკუასელის განცხადებამ ე.წ. «საგადასახადო ამნისტიის» თაობაზე დამანგრეველი გავლენა იქონია მთლიანად საგადასახადო სისტემაზე. ქართველ მეწარმეს (ბიზნესმენს) «ამნისტია» უხსენე და ის რამეს გადაიხდის?
    3) კორუფციის დონემ შესაბამის უწყებებში «საშუალო ქართულ» მაჩვენებელსაც კი გადააჭარბა. განმკითხავი არავინ არის, ვინაიდან «ფაქტზე დაჭერა» თითქმის შეუძლებელია, ხოლო ის, ვინც «ფაქტზე დამჭერი» უნდა იყოს, თვითონაც «ამღებია».

    რუსეთის ფინანსურმა კრიზისმა ვითარება უფრო დაამძიმა; პირდაპირი, უშუალო ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე მან თითქოს ვერ მოახდინა, მაგრამ, სამაგიეროდ, შესამჩნევად გამკაცრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია.
    მიშელ კამდესიუს მაგრად «მოხვდა» ამერიკელი კონგრესმენებისაგან თანხების უყაირათო ხარჯვის გამო. ამიერიდან სსფ უფრო ფრთხილი და პრინციპული იქნება კრედიტების გამოყოფისას.
    ფაქტობრივად, ვაშინგტონში ყოფნისას, «საგანგებო კრედიტის» გამოყოფის ნაცვლად, მიხეილ ჭკუასელს ულტიმატუმი წაუყენეს 1999 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით.
    ჯერ ერთი (რაც მთავარია), ფონდმა მოითხოვა თურქმენეთის ვალის ძირითადი თანხის (400 მლნ დოლარზე მეტი) ნაწილობრივი დაფარვა. ამ მოთხოვნამ მთლიანად დაანგრია ფინანსთა სამინისტროს ჰიპოთეტური კონსტრუქცია და იძულებული გახადა იგი, ხარჯები შეემცირებინა.
    კიდევ უფრო მკაცრი მოთხოვნები წაუყენა სავალუტო ფონდმა ეროვნულ ბანკს, რომელიც ვალდებულია 1999 წელს სავალუტო რეზერვები გაზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღებს ისააფის კრედიტის მეორე ტრანშს 40 მილიონი დოლარის ოდენობით.
    არადა, სავალუტო რეზერვები ამჟამად, კრიზისამდელი 140 მლნ დოლარის ნაცვლად, სულ 10 მლნ დოლარია და კიდევ მცირდება.
    ზემოთქმულის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტრომ ყველას მოსთხოვა «ქამარი მჭიდროდ მოეჭირათ». 1999 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი განისაზღვრა 1 მილიარდ 156 მილიონი ლარის ოდენობით. ხარჯები - 1 მილიარდ 251 მილიონი ლარი იქნება.
    ბევრი უწყება შარშანდელი (ვგულისხმობ 1998 ფინანსურ წელს) ბიუჯეტის დონეზეც ვერ ფინანსირდება. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი იყო სულ 61 მილიონი ლარი (10 მილიონით ნაკლები, ვიდრე 1998 წელს) ანუ «დაცული მუხლების»: კვების, პენსიების, ხელფასის გაცემის შემდეგ სამინისტროს სულ 1 მილიონი ლარი რჩებოდა საქმიანობისთვის.
    მას შემდეგ, რაც კახა თარგამაძემ ბიუჯეტის პირველი განხილვისას სკანდალი მოაწყო (მას სხვა «ძალისმიერებიც» აჰყვნენ), შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროთა დაფინანსების გადასაწყვეტად ეროვნული უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა იქნა მოწვეული, რომელზეც თანხა სხვებს ჩამოაჭრეს და შსს-ს 64 მილიონამდე გაუზარდეს. 50 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი აქვს გამოყოფილი თავდაცვის სამინისტროს (1998 წელს - 70 მილიონი). დავით თევზაძეს მთავრობის სხდომაზე კრინტი არ დაუძრავს, მაგრამ პრეზიდენტმა «გასცა», რომ «ეროვნული უშიშროების» საბჭოზე მასაც უღვრია ცრემლები.
    თუმცა, მეორე მხრივ, მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას ორიენტირი უნდა იყოს არა წინა წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის ოდენობა, არამედ ის, თუ რა «ამოვიდა» ბიუჯეტში რეალურად. რეალურად კი, სამივე ძალისმიერმა სამინისტრომ, ისევე, როგორც ყველა სხვა უწყებამ, «ბუს კვერცხები» მიიღო.
    მათი დაფინანსება 50 პროცენტის დონეზეა. რა თქმა უნდა, 1999 წელსაც ლაპარაკი ზედმეტია სახელმწიფო ინვესტიციებზე. მთავარი საზრუნავი ის იქნება, როგორმე 2000 წლამდე გავიტანოთ სული; თუმცა «თურქმენეთის ვალი» კიდევ 10 წლის განმავლობაში დააწვება უმძიმეს ტვირთად საქართველოს გაძვალტყავებულ ბიუჯეტს, რომელიც გაისად პირველად გადააბიჯებს 1 მილიარდიან ზღურბლს, მაგრამ მთლიანობაში მაინც მიზერულად რჩება.
    მომავალი წლისთვის სამინისტროთა და უწყებათა განაცხადმა 3 მილიარდი ლარი შეადგინა; ფინანსთა სამინისტრომ ეს თანხა სამჯერ შეამცირა. «საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიხურო» - ხშირად იმეორებენ შევარდნაძეც და ჭკუასელიც; გაისისათვის კი პრეზიდენტი ერთადერთი სწორი მიმართულებით გეგმავს ნაბიჯის გადადგმას. მისი თქმით, გადასახადის დამალვისათვის სასჯელი გამკაცრდება და ზოგიერთი ურჩი გადამხდელი ალბათ ვირის აბანოშიც ამოჰყოფს თავს.
    ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ითხოვს პარლამენტისგან მხარდაჭერას «საგანგებო ანტიკორუფციული კომისიის» შექმნაში, რომელსაც ექნება საშუალება პოლიციის, უშიშროებისა და პროკურატურის გვერდის ავლით «დაატეროროს» გადასახადების ურჩი გადამხდელნი.
    ზოგადად, ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი «დატერორების» გარეშე საქართველოში მართლაც არაფერი გამოვა და გადასახადების ამოღება ვერ მოხერხდება.
    ვაჟა ლორთქიფანიძის თქმით, არსებობს «ერთი ბიუჯეტის ოდენობის რეზერვი, რომელიც ამჟამად გადამალულია და მისი ამოღება ვერ ხერხდება სხვადასხვა «კრიშებისა» და მაფიოზურ-კლანური დაჯგუფებების მოქმედების შედეგად».
    საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკვე ძალიან სერიოზული ეჭვით უყურებს საქართველოს. მათი პოზიციის სიმკაცრე სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ შესანიშნავად უწყიან, რა რეზერვები აქვს ქვეყანას. მაგრამ რაკი სახელმწიფო ამ რეზერვთა ამოქმედებას ვერ ახერხებს, თვით სახელმწიფოებრივი პერსპექტივაც ეჭვქვეშ დგება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მრავლისმნახველ გამობრძმედილ ექსპერტებს ვერაფერს გამოვაპარებთ. მათ საქართველოს სპეცსამსახურებზე, პოლიციასა და უშიშროებაზე უკეთ იციან, რომელ სფეროს რომელი «კრიშა» მფარველობს, მაგრამ ამ საქმეში თვითონ არასდროს ჩაერევიან: ჩვენ რატომ უნდა ჩავერიოთ, თუ შენც ყოველივე მშვენივრად მოგეხსენება?
    რაკი «კარგად მოგეხსენება» და მაინც «ვერ ახერხებ», მაშასადამე, სუსტი ხარ, როგორც სახელმწიფო. სავალუტო ფონდი ეხმარება მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელთაც შესაძლოა უჭირთ ეკონომიკურად, მაგრამ სახელმწიფოებრივი სტრუქტურების სიმტკიცის თვალსაზრისით ყველაფერი რიგზე აქვთ.
    თუ, მაგალითად, სავალუტო ფონდი მოითხოვს სიგარეტის ბიზნესიდან ბიუჯეტში ამოღებული იქნას ამდენი და ამდენი შემოსავალი, მაშასადამე, საამისო პოტენციალი ნამდვილად არსებობს. ხოლო რაკი ვერ ახერხებ თანხის აკრეფას, ესე იგი სახელმწიფო სტრუქტურები არ გივარგა.
    სახელმწიფოებრივი სისუსტეები და ეკონომიკური სისტემის რეგრესულობა ერთი და იგივე არ არის. შეიძლება აბსოლუტურად პროგრესული რეფორმები გაატარო ეკონომიკის სფეროში, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდე, ვერაფერს მიაღწიო, შედეგი ვერ მიიღო, ვინაიდან კორუფციით დამპალ და გახრწნილ საზოგადოებაში, სადაც «შავი წილი» უფრო კანონიერად ითვლება, ვიდრე «სახელმწიფო გადასახადი» - ყოველგვარი რეფორმა უაზრობაა.
    სწორედ ამ დილემის წინაშე დგას ახლა საქართველო და 1999 წელს გაირკვევა, აქვს თუ არა მას საერთოდ რამე სახელმწიფოებრივი პერსპექტივა.

7 დღე, 30 სექტემბერი, 1998 წელი

მთელ გვერდზე