კომუნისტური პარტია ადგილობრივი არჩევნებისათვის აქტიურად ემზადება
   

    15 ნოემბრის არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში სკანდალური იქნება და უეჭველად ასევე სკანდალური შედეგით დასრულდება. საბოლოოდ წარმოჩინდება ორივე შეფერილობის ოპოზიციის რეალური ძალა. ამჯერად უფრო საინტერესოა «მემარცხენეთა» შანსები. სხვათა შორის, ვახტანგ რჩეულიშვილი და შალვა ნათელაშვილი თუ ვინმეზე უნდა იყვნენ ნაწყენნი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პანტელეიმონ გიორგაძეზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი მათ ელექტორატს ართმევს. ღიად ისინი «ერთიან კომუნისტურ პარტიას» ვერ შეეკვრებიან, თუმცა კარგად აცნობიერებენ, რომ ერთი ელექტორატი ჰყავთ.
    1992 წელს არჩევნები პარლამენტში ე.წ. «პრეფერენციებით» ჩატარდა, ანუ ამომრჩეველს ერთდროულად სამი ხმა ჰქონდა. ახლაც იგივე თუ განმეორდებოდა, ელექტორატი საშუალებას მიიღებდა ხმები გაენაწილებინა სამ «სიმპათიურ პარტიაზე», მაგრამ ამჯერად ასეთი საშუალება მას არა აქვს, ამიტომ იძულებული გახდება ერთი მათგანი ამოირჩიოს.
    პანტელეიმონ გიორგაძის «ერთიან კომუნისტებს» საკმაოდ კარგი შანსები აქვთ, რათა საქართველოს რამდენიმე (არა ერთ, არამედ რამდენიმე) რაიონში დააკომპლექტონ წარმომადგენლობითი ორგანო. მთელი საქართველოს მაშტაბით 1995 წლის 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ რაიონულ დონეზე, ბევრგან, უეჭველად გადალახავენ. მით უმეტეს, რომ კანონში ჩადებული ნორმის შესაბამისად არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება.
    გიორგაძეს უშრეტი «საარჩევნო სია» აქვს. რჩეულიშვილი და ნათელაშვილი კიდევ შეიძლება ჩავარდნენ საგონებელში, თუ სად შეაგროვონ ასეულობით სანდო ადამიანი, რათა კანდიდატებად დაასახელონ. კომუნისტებს კი «საარჩევნო კორპუსი» მზა-მზარეული ჰყავთ, - ყოფილი რაიკომის მდივნები, კომკავშირის ინსტრუქტორები და ა.შ.
    ერთი სიტყვით, ყოფილი პარტიულ-სამეურნეო აქტივი სრული შემადგენლობით. სხვათა შორის, ხელისუფლებას ისევ «ამათი» გამარჯვება ურჩევნია სოციალისტ-ლეიბორისტთა სიით გასულ გასოციალისტებულ «ახალ ქართველებს».
    პენსიონერი კომუნისტები ნაკლებ პრობლემებს შეუქმნიან მათი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ვიდრე «მემარცხენეობას» ნაზიარები ევროსოციალისტები.
    იმავდროულად, თუ ყოველივე კანონით წარიმართა, რაიონის საკრებულო ძნელად თუ შეუქმნის სერიოზულ პრობლემას დანიშნულ გამგებელს; უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება დემარშებით შემოიფარგლოს. «ახალი მემარცხენეები» უფრო თამამად გაირჯებიან და ზოგადად, შესაძლოა, საქმე გამგებლის კარის აჭედვამდეც მივიდეს.
    სტალინისდროინდელი რაიკომის მდივანი ამას ვერ გაბედავს. ისევე, როგორც იმ ეპოქის კომკავშირელი აქტივისტი, ვინაიდან თანამედროვე «გამგებელი» იმავე რაიკომის მდივნის კაბინეტში ზის. ამ კაბინეტის მიმართ კი პანტელეიმონ გიორგაძის ელექტორატს მისტიური შიში აქვს.

მერიდიანი, 31 აგვისტო, 1998 წელი.

მთელ გვერდზე