«აღორძინების» ყრილობა საზაფხულო სეზონის გახსნას დაემთხვა
   

    ასლან აბაშიძის გადაწყვეტილებით «სრულიად საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირი» საგანგებო ყრილობაზე 20-21 ივნისს შეიკრიბება.
    ყრილობის გადატანა მხოლოდ საქართველოში შექმნილ საგანგებო ვითარებასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. როგორც ჩანს, აჭარის ლიდერს სურს, რაც შეიძლება მეტი ხმაური გამოიწვიოს ამ ღონისძიებით - საამისოდ კი აუცილებელია ყრილობაზე თბილისური ისტებლიშმენტისა და პოლიტიკური ელიტის ნაღების დასწრება
    რა თქმა უნდა, ყრილობა ზამთარში რომ გაიმართოს, მისდამი ინტერესი შენელდება და სტუმარიც ნაკლები ეყოლება. მაგრამ რაკი 20 ივნისს იხსნება, დარწმუნებული ვარ «აღორძინების» ყრილობაზე ტევა არ იქნება. უკლებლივ ყველა ოპოზიციონერი ჩავა და მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ბათუმში მოიყრის თავს - დაწყებული პანტელეიმონ გიორგაძის «ერთიანი კომუნისტებით» და რჩეულიშვილის «სოციალისტებით», - კაკო ასათიანის «ტრადიციონალისტებით» დამთავრებული.
    თუმცა, ასლან აბაშიძის ტაქტიკიდან გამომდინარე, ყრილობაზე შესაძლოა «მოქალაქეთა კავშირიც» მიიწვიონ, ოღონდ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ეს ზეგავლენას არ მოახდენს. ერთადერთი, ვისაც «აღორძინება» ბათუმში ნამდვილად არ მიიწვევს, «რესპუბლიკური პარტია» იქნება; ძმები ბერძენიშვილები კვლავინდებურად ასლან აბაშიძის დაუძინებელ მტრებად ითვლებიან; ალბათ იმიტომ, რომ მათთან ასლან აბაშიძის შერიგება შეუძლებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, აჭარის ლიდერი «მოქალაქეებსაც» შეიძლება შეურიგდეს გარკვეული კომპრომისის საფუძველზე, მაგრამ «რესპუბლიკელებს» - არასგზით!
    ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა სიტუაცია იქნება ყრილობაზე. ქართული პოლიტოკრატიის ბუნებასა და ფსიქოლოგიას ასლან აბაშიძე ძალიან კარგად იცნობს, ამიტომ ყრილობა გემრიელი და მსუყე სუფრის თანხლებით გაიმართება. დღისით იბანავებენ, გაერთობიან, მზეზე გაირუჯებიან, საღამოს იქეიფებენ და შეიძლება ყრილობაზე მეორე დილით შეიკრიბონ. მოწვეული სტუმრების აზრს, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ გარკვეულ ზეგავლენას ყრილობის რეზოლუციებზე მაინც მოახდენს. ამჟამად აჭარის ელიტა სწორედ ამ რეზოლუციებზე ფიქრობს და იმტვრევს თავს. ზურაბ ჟვანიას წინადადება «მეხუთე ვიცესპიკერის» პოსტის შემოღების თაობაზე შეიძლება საკმაოდ ოსტატური სვლა გამოდგეს, და შეარყიოს ერთიანობა «ასლანისტთა» ბანაკში. ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა. მაგალითად, ჯერ კიდევ ყრილობის დაწყებამდე, რამდენიმე თავგადაკლულმა «ასლანისტმა» მოუწოდა კოლეგებს, მეტისმეტად არ დაეძაბათ ვითარება და ცენტრთან კომპრომისი ეძებნათ.
    თავად აჭარის ლიდერი, რა თქმა უნდა, უკომპრომისოდ არის განწყობილი, ვინაიდან პიროვნულად უკანდასახევი გზა არა აქვს, მაგრამ მან არ შეიძლება ამ მოწოდებებს ანგარიში არ გაუწიოს.
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ზემოხსენებული წინადადება რომ არ შემოეტანა, უკომპრომისო გადაწყვეტილებისათვის (ყრილობაზე) მეტი საფუძველი არსებობდა. ახლა კი უეჭველად დაფიქსირდება: ცენტრალურმა ხელისუფლებამ ასლან აბაშიძეს შერიგების ხელი გაუწოდა, მან კი «ხელი აუკრა» და მაინც ექსტრემისტული გადაწყვეტილება მიიღო. ამან შეიძლება თვით ბათუმის ისტებლიშმენტი არ შეაფიქრიანოს, მაგრამ «თბილისელებს» ნამდვილად დააეჭვებს.
    ასლან აბაშიძე ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე გადის, რასაც დღემდე ოსტატურად აკეთებდა. «თბილისელების» მხარდაჭერა მისთვის ყოვლად აუცილებელია, ამიტომ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ეს გადაწყვეტილება გამართლებული იქნებოდა «თბილისელი სტუმრების» თვალში.
    ვითარების მეტისმეტად გამწვავებას «ცენტრსა და რეგიონს» შორის პოლიტიკურ პარტიათა და ინტელიგენციის უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, ყოველ შემთხვევაში, სიფრთხილეს გამოიჩენს. სადღეგრძელოებს კი იტყვის, მაგრამ ყრილობაზე გამოსვლისას მაინც «შერიგებისაკენ» მოუწოდებს მხარეებს და ნეიტრალური არბიტრი პოზაში ჩადგება.
    ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება - ეხება მხოლოდ უმრავლესობას.
    არადა, სინამდვილეში ასლან აბაშიძისათვის «მეხუთე ვიცე-სპიკერის» პოსტი პრობლემის გადაწყვეტა არ არის. მისთვის მთავარი იყო მოეხსნა ედუარდ სურმანიძის პრობლემა და რაკი ეს არ ხერხდება, ახალი ვიცე-სპიკერის დანიშვნა-არჩევას აზრი არა აქვს.
    სულ ერთია, აჭარის მოსახლეობისათვის ასლან აბაშიძე აღარ არის უალტერნატივო ფიგურა; მომავალ არჩევნებზე ეს გარემოება მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. ასლან აბაშიძეს მმართველობის ბუნებიდან გამომდინარე, ყოველგვარი ალტერნატივა წარმოუდგენელი და მიუღებელია. ერთ-ერთ ინტერვიუში აჭარის ლიდერმა ძალზე მნიშვნელოვანი რამ თქვა: ხშირად საქართველოს პრეზიდენტი აჭარაში ვიღაც-ვიღაცეებს ისე აჯილდოვებს, მე არ მეკითხებაო. ამ სიტყვებში ჩანს მთლიანად პრობლემის არსი, თუნდაც ასგზის ფედერაციული ქვეყნის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ისე უნდა აჯილდოვებდეს ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომ რეგიონის ხელმძღვანელს სულ არ ეკითხებოდეს. რეგიონის ხელმძღვანელი კი არ უნდა ითხოვდეს ასეთი საკითხების მასთან შეთანხმებას და რომც მოითხოვოს - მის მოთხოვნას პრეზიდენტმა ყურადღება არ უნდა მიაქციოს. ეს ქვეყნის პრეზიდენტის ერთ-ერთი პრივილეგიაა და რაოდენ «წვრილმანადაც» არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს, სინამდვილეში ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია.
    რეგიონის ხელმძღვანელს თავისი ავტონომიურობის ფარგლებში, ცხადია, აქვს უფლება აკონტროლოს გარკვეული პროცესები ავტონომიაში, მაგრამ ცენტრმა მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეს უფლება, გააკონტროლოს აბსოლუტურად ყველა პროცესი. სხვა შემთხვევაში ერთიანი სახელმწიფო აღარ არსებობს.

მერიდიანი, 12 ივნისი, 1998 წ.

მთელ გვერდზე