სეპარატისტები არჩევნებისთვის ემზადებიან
   

    14 მარტს აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად არძინბას დაჯგუფება აკონტროლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. სეპარატისტებს ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, მხოლოდ მორიგი პროპაგანდისტული დემარშისათვის სჭირდებათ, რათა კვლავ «დააფიქსირონ» თავიანთი სუვერენიტეტი და რეალური დამოუკიდებლობა საქართველოსაგან - არჩევნები ტარდება იმის მიუხედავად, ცნობს თუ არა მათ კანონიერებას ოფიციალური თბილისი.
    რაც უფრო მეტად გაცხარდება საქართველოს ხელისუფლება, რაც უფრო მეტად გამოთქვამს პროტესტს - მით უკეთესი სეპარატისტებისათვის, მით უფრო თვალსაჩინო გახდება, რომ საქართველოს იურისდიქცია და რეალური გავლენა ამ ტერიტორიაზე არ ვრცელდება და აფხაზები ყველაფერს აკეთებენ, რაც სურთ.
    ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა იხმაროს ჭკუა და ერთხელ გამოთქმული პროტესტით დაკმაყოფილდეს. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ არ ვაკეთოთ ის, რისკენაც სეპარატისტები გვიბიძგებენ?!
    1996 წელს, როდესაც სეპარატისტებმა ე.წ. «პარლამენტის არჩევნები» მოაწყვეს, საქართველოში ატეხილი აურზაური მათთვის ძალზე სასარგებლო იყო, ვინაიდან ხაზს უსვამდა თბილისის უმწეობას. ამ ეტაპზე მათთვის ესეც საკმარისია - დაე, ნუ ცნობს მათ დამოუკიდებლობას დასავლეთი, მაგრამ თანდათანობით აფხაზეთი იძენს დამოუკიდებლობის იურიდიული ნიშან-თვისებებსაც: იგი რეალურად აკონტროლებს ტერიტორიას ფსოუდან - ენგურამდე (კოდორის ხეობის მცირე მონაკვეთის გამოკლებით), რაც საერთაშორისო ტრადიციის შესაბამისად სახელმწიფოებრიობის უმთავრეს ნიშნად ითვლება; დროთა განმავლობაში დე-ფაქტო დამოუკიდებლბა უეჭველად გადაიზრდება დე-იურე დამოუკიდებლობაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივად არსებული რეალობის იგნორირება თვით საერთაშორისო (იურიდიული) სამართლის დისკრედიტაციას იწვევს.
    თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვლადისლავ არძინბას (ვთქვათ, ასლან მასხადოვისაგან განსხვავებით) ჯერ არ მიუმართავს საზღვარგარეთის ქვეყნებისათვის თხოვნით - ცნონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. აფხაზ სეპარატისტთა ტაქტიკა მაინც განსხვავებულია - ისინი ჯერჯერობით მოითხოვენ საქართველოსთან კონფედერაციული (ფაქტობრივად, კონფედერაციული) ხელშეკრულების გაფორმებას, რის შედეგადაც (თუ საქართველო ამაზე დაითანხმეს) «იურიდიული» თვალსაზრისით გაცილებით მეტი საფუძველი ექნებათ, სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადონ, ვიდრე ამჟამად ჩეჩნებს აქვთ.
    ნიშანდობლივია, რომ აფხაზი სეპარატისტები არ აპირებენ გალის რაიონში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას. ერთი შეხედვით, ამგვარი გადაწყვეტილება უცნაურია, ვინაიდან საპარლამენტო არჩევნები მათ გალშიც ჩაატარეს და ამ ფაქტს ფართო რეკლამირებაც გაუკეთეს, მაგრამ ამჯერად სხვა რეალობა იქმნება: გალის რაიონის მოსახლეობამ (ფორმალურად მაინც) სწორედ გალელები უნდა აირჩიოს ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში. გალელებს კი არძინბა მაინც არ ენდობა. როგორი მარიონეტებითაც უნდა იყოს დაკომპლექტებული გალის თვითმმართველობა, თუ სიტუაცია გალის რაიონში შეიცვალა, ისინი უეჭველად მიიღებენ სეპარატისტთათვის არასასურველ გადაწყვეტილებებს. ამიტომ არძინბა ამჯობინებს, ამ რაიონში არჩევნების გადადება «შექმნილი რთული კრიმინოგენული ვითარებით» ახსნას.
    დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, აფხაზეთის «ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს» არაერთი დამკვირვებელი დაესწრება როგორც ჩრდილოეთ კავკასიიდან, ასევე მოსკოვიდან და თურქეთიდან. სეპარატისტთათვის ეს «პროპაგანდისტული შეტევის» მორიგი საშუალება იქნება და ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ, - როგორც ყოველთვის, სიტუაციიდან შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოწურავენ.
    პარტიზანთა გააქტიურებასაც კი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ: ხომ ხედავთ, ქართველ ფაშისტებს სურთ ხელი შეუშალონ აფხაზი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლენასო. ამიტომ, არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ხმაური არ უნდა ატეხოს (ამგვარი რამ მხოლოდ სეპარატისტთათვის იქნება სასარგებლო), მაგრამ უცხოელ დამკვირვებელთა ჩასვლის გამო კი უეჭველია, უნდა გამოთქვას პროტესტი.
    ეს განსაკუთრებით რუსეთს ეხება, თორემ ბოლო დროს (ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის ძალისხმევით) ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საქართველო ატარებს რუსეთისადმი «პროვოკაციულ-კონფრონტაციულ პოლიტიკას» (ეს თედო პაატაშვილის ცნობილი, დაუვიწყარი გამოთქმაა), ერევა რუსეთის საშინაო საქმეებში, ამყარებს ურთიერთობას ჩეჩნეთთან, ეხმარება რუსეთის მოწინააღმდეგე სეპარატისტებს და ა.შ.
    ვითომც არ ყოფილა 1992_93 წლები, არ ყოფილა რუსეთის დაუფარავი, აშკარა მხარდაჭერა აფხაზი სეპარატისტებისადმი (მანამდე ოსი სეპარატისტებისადმი) ყველაფრით, რაც ომისთვისაა საჭირო - იარაღიდან დაწყებული საინფორმაციო უზრუნველყოფამდე;
    ასეთი გულმავიწყობა და არაობიექტურობა (საკუთარი ქვეყნის მიმართ) მართლაც საოცარია. ესაა «გოგუაძის სინდრომი», რომელსაც ძალზე აქტიურად იყენებენ ნამუსგარეცხილი რუსი პოლიტიკოსები.
    ისინი, ვინც ყველაფერს აკეთებდნენ 1991-92 წლებში ოსი და აფხაზი სეპარატისტების დასახმარებლად, დღეს გვსაყვედურობენ, - რუსეთის საშინაო საქმეებში რატომ ერევითო. ჭეშმარიტად: ლუკინებს, იავლინსკებს, ბაბურინებსა და სხვებს ნამუსის ნატამალი არ შერჩათ, მაგრამ ისინი ვერას დაგვაკლებდნენ, ჩვენ რომ არ ვიყოთ ასე «დაკომპლექსებულნი».

მერიდიანი, 13 მარტი, 1998 წ.

მთელ გვერდზე