ჭიათურელები «შავმა ოქრომ» შავ დღეში ჩაყარა
   

    იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან სარწმუნო წყარომ კორესპონდენტს აცნობა, რომ ჭიათურაში ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა შექმნილი. მოსახლეობა იმუქრება გზების გადაკეტვით, თუ სახელმწიფო დროულად არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს. ვითარება იმდენად დაიძაბა, ხელისუფლება იძულებული გახდა, საგანგებო ფონდიდან გამოეყო სახსრები, რათა დაეფარა დავალიანება მასწავლებლებისადმი, შვებულების ჩათვლით. მაგრამ იმერეთის 70-ათასიანი ქალაქის მცხოვრებთა უკმაყოფილების მიზეზი მხოლოდ მასწავლებელთა ხელფასები არ ყოფილა.
    მთავარ მიზეზი სხვაა. გაჩერებულია ჭიათურისა და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საწარმო: «ჭიათურმანგანუმი» (იგივე «ჭიათურმარგანეცი»), რომელიც ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა სამუშაო ადგილებს იმერეთში და ათეულობით ათას ადამიანს «აჭმევდა».
    მიმდინარე წლის აპრილში, როგორც იქნა (მავანთა ფარული თუ აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად), გაიმართა ტენდერი, რომელშიც რამდენიმე ფირმამ მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მომგებიანი და ხელსაყრელი პროექტი წარმოადგინა რუსულმა ფირმამ «ინდუსტრია». მისი პრეზიდენტი, ვიქტორ ვიატკინი ჭიათურელებს, «ოქროს მთებს» დაჰპირდა.
    მოსახლეობა იმედით აღივსო. ტენდერის შესაბამისად, «ინდუსტრიას» აპრილ-მაისშივე უნდა ჩაერიცხა მილიონი დოლარი. ეს იყო მინიმალური თანხა, რომელიც საწარმოს ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევდა, ჩაეტარებინა მოსამზადებელი სამუშაოები და გადაეხადა ხელფასი მაღაროელებისთვის. რამდენიმე თვის განმავლობაში «ინდუსტრიას» აგრეთვე უნდა დაეფარა საწარმოს ვალები, ხოლო 2 წელიწადში მთლიანად 30 მილიონი დოლარი დაებანდებინა «ჭიათურმარგანეცში».
    პროდუქციის გასაღების ბაზარი პრობლემა არ ყოფილა. საწარმოს სჭირდებოდა მხოლოდ საწყისი კაპიტალი, «პირველი ბიძგი» ასამოქმედებლად. «ინდუსტრიას» უნდა დაესაქმებინა 300 მუშა-მოსამსახურე, აემოქმედებინა ყველა მაღარო, მთელი ინფრასტრუქტურა, რაც, თავის მხრივ დაკავშირებული იყო იმერეთსა და საქართველოს მრავალ სამრეწველო თუ სამეურნეო დარგთან.
    მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში «დიდი ფულის» გამოჩენა ჭიათურაში ყოველგვარი დირექტივისა და ბრძანების გარეშე გამოიწვევდა მომსახურების სფეროს, კომუნიკაციების, ტრანსპორტის, ჯანდაცვის სწრაფ განვითარებას.
    სანაცვლოდ «ინდუსტრია» იღებდა საწარმოს აქციათა 72%-ს, რომელიც მანამდე სახელმწიფოს ეკუთვნოდა; უფრო მეტიც, - საწარმოს კოლექტივი (დანარჩენი 28 პროცენტის მფლობელი) თანახმა იყო, კუთვნილი აქციებიც გადაეცა ახალი მეპატრონისთვის, ოღონდ კი მას თავისი ვალდებულებები შეესრულებინა.
    საქმე გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ რეალურად ადგილიდან არ დაიძრა - არც აპრილში, არც მაისში და არც დღემდე დაპირებული მილიონი დოლარი საქართველოში არ გადმორიცხულა.
    საწარმოს ვალების დაფარვასა და ინვესტიციებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, პრეზიდენტთან არსებულ საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ამ საქმეში ჩაერია «ცუდი პოლიტიკა», ანუ გარკვეული ძალები რუსეთის მთავრობაში ცდილობენ, ჩაშალონ გრანდიოზული პროექტის განხორციელება, ვინაიდან იგი სასიკეთოა საქართველოსთვის, ხელს შეუწყობს სოციალური დაძაბულობის შენელებას და აამოქმედებს ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს; შესაბამისად, გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლებიც.
    გამორიცხული არაფერია, მაგრამ ობიექტური დამკვირვებლების აზრით, საქმე რუსეთის მთავრობის ანტიქართულ განწყობაში არ უნდა იყოს. «ჭიათურმარგანეცის» პროექტის განხორციელება იქნებოდა ეკონომიკური თანამშრომლობის უდიდესი კონტრაქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არც ერთი ქვეყანა (როგორც ჩანს, საქართველოს გარდა) არ დათანხმდებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის აქციათა ასი პროცენტი (!) გადაეცა რუსეთის ფირმისთვის.
    გარდა ამისა, კონტრაქტი სავსებით თავსდებოდა ბორის ბერეზოვსკის მიერ გამომუშავებულ კონცეფციაში, რომელიც ითვალისწინებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ტრანსნაციონალური კორპორაციების შექმნას რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ «ტრანსნაციონალური» კორპორაცია მაინც გულისხმობს «ტუზემცებისათვის» მცირე პროცენტის დატოვებას, «ჭიათურმარგანეცი» კი მთლიანად, ასი პროცენტით გადადიოდა «ინდუსტრიის» მფლობელობაში.
    პოლიტიკური თვალსაზრისით კონტრაქტი უზრუნველყოფილი იყო - საცოდავ ჭიათურელებს ისე უჭირთ, თუ საქართველოს მთავრობა მოინდომებდა რაიმე თვალსაზრისით შეელახა «ინდუსტრიის» ინტერესები, ჭიათურა ამას ცოცხალი თავით არ დათანხმდებოდა.
    ანეკდოტად ჟღერს, მაგრამ შეიძლება «ჭიათურული სეპარატიზმიც» კი წარმოშობილიყო ამ ნიადაგზე; პრორუსულ განწყობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - «მარგანეცის» ამოქმედების შემთხვევაში მემარცხენე და პრორუსულ ძალებს ხმების იგივე ასი პროცენტი ამ რეგიონში გარანტირებული ჰქონდათ.
    ეკონომიკური თვალსაზრისითაც პროექტი რუსული მხარისთვის უაღრესად ხელსაყრელია - საქართველო საბჭოთა კავშირში მაღალხარისხოვანი მანგანუმის ფაქტობრივად ერთადერთი მწარმოებელია. რუსეთი საკუთარ ბაზარსაც აკმაყოფილებდა და მსოფლიო ბაზარზეც შედიოდა ძალზე საჭირო ნედლეულით.
    მაშ რამ გამოიწვია კონტრაქტის ჩაშლა? დარწმუნებული ვარ, მიზეზი უნდა ვეძებოთ არა პოლიტიკურ გარანტიათა არქონაში, მთავრობის ანტიქართულ განწყობასა თუ სხვა ამგვარ მოტივებში, ან პროექტის ეკონომიკურ წამგებიანობაში. მიზეზი გაცილებით მარტივია და ტრივიალური: «ინდუსტრიამ», უბრალოდ, ვერ შეძლო ფინანსური სახსრების მოძიება პროექტის განსახორციელებლად, თორემ იგი მისთვის (ისევე, როგორც მთლიანად, რუსული სახელმწიფოსთვის) უაღრესად მომგებიანია ყველა თვალსაზრისით.
    შესაძლოა, მილიონი დოლარი «ინდუსტრიას» კიდეც ჰქონოდა, მაგრამ იგი არ იყო დარწმუნებული, რომ შეძლებდა მოეზიდა ზემოთ ხსენებული 30-40 მილიონი დოლარის რესურსი, რის შედეგადაც ტენდერის პირობები ვერ შესრულდებოდა, ხოლო აპრილში გადმორიცხულ მილიონ დოლარს მას შემდეგ აღარავინ დაუბრუნებდა.
    სწორედ ამიტომ არ გადმოირიცხა ფული აპრილში. ეს მაგალითი ნათლად მეტყველებს, რა მდგომარეობაა შექმნილი რუსეთში ფინანსური თვალსაზრისით. ხაზი უნდა გაესვას ეკონომიკური ვითარების სწორედ ამ (ფინანსურ) ასპექტს. რუსეთის ეკონომიკა, მთლიანობაში, იმდენად სუსტია, რომ უაღრესად ჭირს ფინანსური სახსრების აკუმულირება (ვთქვათ, საბანკო სისტემის მეშვეობით,) თვით ისეთი პროექტების დაფინანსებისთვის, რომლებიც ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე მომგებიანია.
    ფინანსური სახსრების, საკრედიტო, საინვესტიციო რესურსების ნაკლებობა ეკონომიკის დაავადებულობის, დავრდომილობისა და სიმყიფის უპირველესი ნიშანია. თანაც ეს რუსეთის ისტორიული ავადმყოფობაა, ანუ არა მხოლოდ ელცინის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ეკონომიკური პოლიტიკით არის გამოწვეული.
    მაშასადამე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ: საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, დარღვეული ეკონომიკური კავშირები ძველი ფორმითა და შინაარსით ვეღარ აღდგება, შინაარსობლივად ახალი კავშირების დამყარების ძალა კი რუსულ ეკონომიკას არ ჰყოფნის, ამიტომ ე.წ. «რუსული ორიენტაციის» გამარჯვება საქართველოში «მკვდარზე აკიდებას» ნიშნავს.

7 დღე, 5 აგვისტო, 1998 წ.

მთელ გვერდზე