«ხალხს» რა?

 

Кто не рискует, тот не пьёт шампанское.

А.В.Суворов

   

ე.წ «გაერთიანებული ოპოზიციის» გადაწყვეტილება «შიმშილობის შეწყვეტის» (უფრო ზუსტი იქნებოდა ლევან გაჩეჩილაძეს ეთქვა «არდაწყების») თაობაზე, არა მხოლოდ იმითაა საინტერესო, რომ ამ გადწყვეტილებით ოპოზიციის ასეულობით ათასი მხარდამჭერი (და თვით ეს «ოპოზიციაც» მთლიანობაში) აბსოლუტურად იდიოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა – წინა ღამით და წინა დღეებში გაკეთებული «მრისხანე» განსცხადებების ფონზე, არამედ ნიშანდობლივია კიდევ ორი არსებითი მომენტით:
    უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ამით დასრულდა საქართველოში ის პროცესი, რომელიც 2007 წლის 28 სექტემბერს დაიწყო «გრანდიოზული მიტინგით» (ნაპროკურორალ ოქრუაშვილის განცხადებების თაობაზე), გაგრძელდა 2 ნოემბრის კიდევ უფრო გრანდიოზული «საერთოეროვნული მანიფესტაციით», შემდეგ 7 ნოემბრით და, როგორც მოსალოდნელი იყო, ამჟამად დასრულდა სრულიად ტრაგიკომიკური «ფშიკით»
    კვლავ დადასტურდა, რომ მთავარი «მიტინგის გრანდიოზულობა» კი არ არის, არამედ ის, თუ ჯერ ერთი, ხელისუფლება რამდენად გამოდგება «მთხლე» ანუ ადვილად «დასაჩმორებელი» და კიდევ ის, «სახალხო ტალღის» ლიდერებს რამდენად აქვთ შნო და უნარი, იმოქმედონ მტკიცედ და გაბედულად.
    მიხეილ სააკაშვილს, გადამწყვეტ მომენტში, - 2003 წლის 22 ნოემბერს, - ეყო ნებისყოფა გაერისკა და, ალექსანდრე სუვოროვის უკვდავი გამონათქვამის შესაბამისად, ამიტომაც «სვამს შამპანურს».
    ხოლო ამჟამინდელი ოპოზიციის ლიდერებს გადამწყვეტ მომენტში (18-20 იანვარს) არ ეყოთ ნება, ვთქვათ, რუსთაველზე გამოეყვანათ ასეულობით ათასი ადამიანი, დაეწყოთ უვადო მიტინგი და ინაუგურაცია ჩაეშალათ ან გადამწყვეტი ბრძოლა იქ გაემართათ. ამიტომ ახლა შამპანურს კი არ სვამენ, არამედ სხედან იქ, სადაც სხედან.
    «ქვეყნის ბედი აღელვებდათ?» «ქვეყანას ზიანი არ მიდგომოდა?». მაგრამ ჯერ ერთი, გასული წლის 2-7 ნოემბერს, მათი უპასუხისმგებლო მოქმედებით,  ქვეყანას უკვე ისედაც უდიდესი ზიანი მიადგა. გარდა ამისა, ეს მომენტი ამ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის არასდროს ყოფილა შემაფერხებელი (ყველაზე სისხლიან გადატრიალებაშიც მონაწილეობა აქვთ მიღებული) მაშინ, როდესაც პრეზიდენტი იყო მათთვის თვისებრივად მიუღებელი, თანაც სუსტი და უპერსპექტივოდ მიჩნეული.
    საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ «გაერთიანებული ოპოზიციის» ამ ნაწილისთვის მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში სულაც არ არის ისე თვისებრივად მიუღებელი, როგორიც იყო ზვიად გამსახურდია, როგორიც იყო ედუარდ შევარდნაძე, როგორიც იქნებოდნენ (ვთქვათ) ვაჟა ლორთქიფანიძე, ასლან აბაშიძე, შალვა ნათელაშვილი, ბაკურ გულუა ან თემურ შაშიაშვილი. მათი მიზანია არა მიშას შეცვლა, არამედ მისი კორექტირება, რაკი ყოველთვის აქვთ შიში, რომ თუ «მიშა წავა», შეიძლება  მოვიდეს არა მათი კანდიდატურა, არამედ მათთვის თვისებრივად მიუღებელი ფიგურა.
    რეალურად,  ოპოზიციის მეორე ნაწილის მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ სათავეში მოქცეოდა 2007 წლის შემოდგომიდან «აფეთქებულ» მოძრაობას (რომელიც ობიექტურად მაინც დაიწყებოდა, რაკი მტკივნეულ რეფორმებზე მასის ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენდა), შემდგომ ჭკვიანურად ემართათ  მოძრაობა, წაეყვანათ იგი «სწორი მიართულებით», არ დაეშვათ «არასწორი მიმართულებით» მასის ენერგიის განვითარება, შემდგომ თანდათანობით ჩაეფუშათ ეს მოძრაობა და მიეღოთ გარანტიები მომავალ პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციის შექმნისა.
    ცნობილი პოლიტიკურ-ტექნოლოგიური ხერხია, რომ არასასურველ პროცესზე რეაგირების ერთადერთი საშუალება ხშირად მის სათავეში მოქცევაა.
    უნდა ვაღიაროთ, ოპოზიციის ამ ნაწილმა ეს ტექნოლოგია საკმაოდ ოსტატურად გამოიყენა და 2007 წლის 2 ნოემბერს «გრანდიზულ მიტინგზე» შეკრებილი, თავისი შინააარსით და ინტენციით დესტრუქციული მასა, საბოლოოდ, რამდენიმე თვის «მოძრაობის» შედეგად პირში ჩალაგამოვლებული დატოვა. ათუხთუხებული ქვაბიდან  ორთქლიც გამოუშვა.
    იმ «გრანდიოზულ მიტინგს» კი, გასული წლის ნოემბერში რომ გაიმართა, სულ ტყუილად ეგონა, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან «გაუვიდოდა» ის, რაც შევარდნაძის საწყალობელ, იმპოტენტ ხელისუფლებასთან ადვილად და უმტკივნეულოდ «გასდიოდა».
    მით უმეტეს, რომ ეს 80-90 პროცენტით სწორედ ის კატეგორიაა, რომელმაც 2003 წლის 23 ნოემბერს ფეირვერკით, ზარ–ზეიმით აღნიშნა გამარჯვება მოსახლეობის მეორე ნაწილზე, რომელსაც შევარდნაძე სძულდა, მაგრამ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე სამომავლოდ სხვა პოლიტიკურ ლიდერებს დაუჭირა მხარი (ლიდერების მეტი რ იყო მაშინ?–ავტ.) და იმდრინდელ მიტინგებში «ხბოს აღტაცებით» მონაწილეობა არ მიუღია.
    პირადად ჩემში ეს მხდალი და იმადროულად აგრესიული კატეგორია არანაირ თანაგრძნობას არ იწვევს., რადგან როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ სუსტთან და გაუბედავთანაა ამაყი, ვაჟკაცი,  გაბედული და ბოლომდე წამსვლელი. მაგრამ როგორც კი, 2007 წლის 7 ნოემბერს (განსხვავებით 2003 წლის ნოემბრისაგან), მეორე მხარეს რეალური ძალა და ნება გამოჩნდა – უმალევ შეიყუჟა სახლებში და გაიტრუნა ისე, რომ 8 ნოემბერს თბილისის ქუჩებში ჩურჩულიც შორს ისმოდა. რასაკვირველია, ეს კატეორია ძალიან გაღიზიანდებოდა ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, რადგან თავიდანვე იბრძოდა ხელისუფლების შესაცვლელად, ხელისუფლებაზე შურისსაძიებლად და არ იმისთვის, რომ რომელიღაც სალონურ-ლიბერალურ პარტიას მომავალ პარლამენტში არაფრისმწყვეტი ოპოზიციური ფრაქცია ჰყოლოდა.

    ზემოთხსენებული ტექნოლოგიისათვის კი საქართველოს უახლეს ისტორიაში ხშირად მიუმართავთ ჭკვიან პოლიტიკოსებს. მაგალითად, სწორედ ამიტომ «მოექცა სათავეში» გია ჭანტურია ანტიზვიადისტურ მოძრაობას 1990 წლიდან, რათა ეს მოძრაობა «სწორი» მიმართულებით წაეყვანა და იგი არ ქცეულიყო ტალღად (ამის ალბათობა არსებობდა) მთლიანად, მთელი «ეროვნული მოძრაობის» წინააღმდეგ, რომელსაც სულ უფრო ხშირად უწოდებდნენ მაშინ «ეროვნულ-გამანადგურებელს» საბჭოთა შემნახველი ბანკების გამწარებული მეანაბრეები.
    ხოლო როდესაც ასლან აბაშიძის გარშემო იწყებოდა იგივე შინაარსის «მოძრაობის» აგორება, უმალვე მიიჭრნენ მასთან მამუკა გიორგაძე და მისი «სახალხოელები» 1998 წლიდან, რათა ეს მოძრაობაც «სწორი მიმართულებით» წაეყვანათ.
    ამიტომ და ამ მიზნით მივიდა ირინა სარიშვილი – იგორ გიორგაძესთან და გოჩა ჯოჯუა – ბადრი პატარკაციშვილთან.
    მეთოდი და ტექნოლოგია ყველა შემთხვევაში იდენტურია – როდესაც იწყება ოპოიციური მოძრაობა, რომელიც თავისი ფუნდამენტური (ხშირად არადეკლარირებული) მისწრაფებებით და ღირებულებებით შენთვის მიუღებელია, მასზე რაგირების ერთადერთი საშულება ხშირად მის სათავეში მოქცევა და «სწორი მიმრთულებით» წარმართვაა. შემდეგ კი თანდათანობით ჩაფუშვა ან შინაარსის შეცვლა.
    მაშსადამე მთელი ამ «გრანდიოზული» ექვსთვიანი პროცეის, ამ «სულიერ-ზნეობრივი» ამბოხის შედეგად, რომლის კულმინაცია 7 ნოემბრის ეზეკუია იყო, ყველამ მიიღო რაღაც: ხელისუფლებას ერგო საბოლოო ლეგიტიმაცია; ოპოზიციას – მომავალ პარლამენტში 10-15 წევრიანი ფრაქციის შექმნის გარანტია; რუსეთს – საქართველოს დისკრედიტაცია და საგარეო პოლიტიკაში შევარდნაძისეული «დაბალანსების» ნიშნების გაჩენა; დასავლეთს – ნატოზე უარის თქმის საბაბი. . . . .

«ხალხს»? «ხალხს» რა?

- . . . . !!!

2008 წლის 24 თებერვალი
   
   

 მთელ გვერდზე