ნადიბაიძის უკადრებელი საკადრო პოლიტიკა

    ამ დღეებში რუსეთის საინფორმაციო სააგენტო «იტარ-ტასმა» გაავრცელა ძალზე სიმპტომატური და დამაფიქრებელი განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, სახმელეთო ჯარების სარდლის, ჯონი ფირცხალაიშვილის გადადგომის თაობაზე. «იტარ-ტასი» რუსეთის გენერალური შტაბის მაღალი რანგის მოხელის განცხადებას ეყრდნობა და ამტკიცებს, რომ ფირცხალაიშვილის გადადგომის ნამდვილი მიზეზი სამხედრო აღლუმის ცუდად მომზადება კი არა, ვარდიკო ნადიბაიძესთან საგარეო ორიენტაციის საკითხებში არსებული უთანხმოებაა. უცნობი წყარო ირწმუნება, რომ ჯონი ფირცხალაიშვილმა პროტესტი გამოთქვა სამხედრო აღლუმის გამართვის გამო იმ პირობებში, «როდესაც არ არის გადაწყვეტილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემა და დაძაბულობაა საქართველოს სამხრეთ საზღვარზე» (როგორც ჩანს, ჯავახეთი იგულისხმება).
    თუ ამ ინფორმაცია ყურადღებით დავაკვირდებით, უეჭველად შევნიშნავთ, რომ ეს არ გახლავთ წმინდა წყლის პროვოკაცია (პროვოკაციათა და საინფორმაციო-პროპაგანდისტულ დივერსიათა გახშირება კი აფხაზეთის პრობლემას უკავშირდება), რომელიც ქვეყნის ხელმძღვანელობაში დაძაბულობის გაძლიერებასა და ყალბი ორიენტირების შექმნას ისახავს მიზნად. რუსეთის გენერალური შტაბის ოფიცერი ამტკიცებს, რომ ჯონი ფირცხალაიშვილი პრორუსული ორიენტაციის მოღვაწე იყო და მისმა გადაყენებამ შეიძლება სერიოზულად გაართულოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები.
    ჯონი ფირცხალაიშვილი პრორუსული ორიენტაციის მოღვაწე ვერაფრით იქნებოდა. 1988 წლამდე იგი მსახურობდა უკრაინაში, სადაც დივიზიას მეთაურობდა და დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა აქვს უკრაინის სამხედრო ელიტასთან. საქართველოში უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვიზიტიც გარკვეულწილად სწორედ მისი დამსახურებაა. მანვე მიაღწია უკრაინასთან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმებას სამხედრო თანამშრომლობის რამდენიმე სფეროში. ამ თვალსაზრისით იგი დღევანდელი თავდაცვის მინისტრის სრული ანტიპოდია. ვარდიკო ნადიბაიძე მინისტრად დანიშვნამდე კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების მთავარსარდლის მოადგილე იყო, მთელი ცხოვრება «რუსეთის ორბიტაზე» ტრიალებდა და მისი ორიენტაცია ეჭვს (არც გაკვირვებას) არ იწვევს. მაშ, რისთვის დასჭირდა «იტარ-ტასს» ამ პროვოკაციის განხორციელება? ზემოხსენებული ინფორმაციით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვარდიკო ნადიბაიძემ ჯონი ფირცხალაიშვილი სწორედ პრორუსული ორიენტაციის გამო მოხსნა.
    როგორც ჩანს, საქმე პირიქითაა. მოსკოვში ფირცხალაიშვილის კონტაქტები უკრაინელ კოლეგებთან არ სიამოვნებთ. ვარდიკო ნადიბაიძე ხვდებოდა, რომ ფირცხალაიშვილი შეიძლება მის ალტერნატივად ქცეულიყო, ამდენად მოსკოველ «კოლეგებთან» ერთად ჩაიფიქრა და განახორციელა ოპერაცია, რომლის მიზანი პირველი მოადგილის მოშორება იყო. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ხოლო რუსული სპეცსამსახურის დაქვემდებარებაში მყოფმა «იტარ-ტასმა» შესაბამისი საინფორმაციო ფონი შექმნა.
    ამ ისტორიაში მხოლოდ ერთი რამ არის გაურკვეველი, უცნაური და შემაშფოთებელი: რატომ დაჰყვა შევარდნაძე ასე ადვილად ნადიბაიძის ნებას? საქართველოს პრეზიდენტი ხომ განსაკუთრებული გულუბრყვილობით არასდროს გამოირჩეოდა?

მერიდიანი, 6 ივნისი, 1997 წ.
   

მთელ გვერდზე