ქართული ეშმაკობა თურქმენულ ხალიჩაზე: «წმინდა მოგებამ» 80 მილიონ დოლარიანი გილიოტინა დაამუხრუჭა
   

    თურქმენბაში ნიაზოვის ბრწყინვალე სასახლე, სადაც თურქმენეთის პრეზიდენტმა ქართველი სტუმრები მიიღო, სიმდიდრესა და ფუფუნებაზე ყოველგვარ წარმოდგენას აჭარბებს. მიუხედავად ბუნებრივი აირის ზღაპრული რაოდენობისა (თურქმენეთი ბუნებრივი აირის მსოფლიო რეზერვების 40%-ს ფლობს) მოსახლეობა ამ ქვეყანაში ძალზე ღარიბად ცხოვრობს. სამაგიეროდ, ელიტა არ იკლებს განცხრომას. სასახლეები და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები სწორედ მისთვისაა განკუთვნილი.
    რაც ყველაზე მეტად საცნაურია, თურქმენებს თავიანთი პრეზიდენტის რეზიდენცია არათუ აღიზიანებთ, არამედ პირიქით, ეამაყებათ. აქ თვალნათელად განსხვავდება ქართველებისა და თურქმენების მენტალობა. მიუხედავად გარემოცვის თხოვნისა, შევარდნაძე დღემდე არ თანხმდება საგანგებო რეზიდენციის მშენებლობას, სადაც უცხოელი სტუმრების მიღება იქნებოდა შესაძლებელი. ამიტომ უცხო ქვეყნის პრეზიდენტები სახელმწიფო კანცელარიის შენობაში, მე-11 სართულზე (შევარდნაძის კაბინეტამდე) ლიფტით აჰყავთ, რაც ნამდვილად სამარცხვინოა. სამარცხვინოა ქვეყნისთვის და არა ედუარდ შევარდნაძისთვის.
    მიუხედავად ამგვარი «დემოკრატიული მენტალიტეტისა», რომელიც უეჭველად დაუკარგავს ქულებს პრეზიდენტს რეზიდენციის მშენებლობის შემთხვევაში, საქართველოსგან განსხვავებით, თურქმენებს უზენაესმა დიდი საჩუქარი არგუნა: თურქმენულ მიწაში 7 ტრილიონი კუბური მეტრი(!) ბუნებრივი აირია. თურქმენებმა არ იციან, ეს სიმდიდრე სად წაიღონ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნები მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს არ იხდიან. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინას, მოლდოვას, ბელორუსს და, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით რუსეთსაც, რომელიც თურქმენეთს შარაგზის ყაჩაღივით ძარცვავს: მისი ორმოცდაორი (42) მილიარდი დოლარი მართებს და ცენტსაც არ უხდის. რუსეთის 42 და უკრაინის 15 მილიარდ დოლართან შედარებით, საქართველოს ოთხასი მილიონი მცირე თანხად აღიქმება, მაგრამ თურქმენები კატეგორიულად მოითხოვდნენ ვალის გადახდას.
    1996 წელს იქნა მიღწეული შეთანხმება ძირითადი თანხის რესტრუქტურიზაციის თაობაზე. 1998 წელს (ანუ გაისად) უნდა დაწყებულიყო თანხის დაფარვა. საქართველოს თავდაპირველად ოთხმოცი მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა, მაგრამ ამ თანხის ბიუჯეტში ჩადების შემთხვევაში, «სოციალური დაცვის» ან «ინვესტიციურ» ღონისძიებებზე ლაპარაკიც ზედმეტი იქნებოდა. ოთხმოცი მილიონი დოლარი ისედაც დაძაბულ ბიუჯეტს ერთბაშად ააფეთქებდა. ამიტომ შევარდნაძე რისკზე წავიდა - მომავალი წლის ბიუჯეტში ეს თანხა საერთოდ არ გაითვალისწინეს, ხოლო თურქმენბაში ნიაზოვს საქართველოს პრეზიდენტმა აგრძნობინა, რომ თუ მეტისმეტად «მტკიცე» პროტესტს გამოთქვამდა და სავალუტო ფონდშიც დაიწყებდა ჩივილს, მაშინ საქართველო აზერბაიჯანის მხარეს დაიჭერდა თურქმენეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში კასპიის ნავთობსაბადოთა თაობაზე და ისევე არ ჩააგდებდა არაფრად «თურქმენი ხალხის უფალს», როგორც უკრაინელები, მოლდოველები და რუსები.
    წარმოუდგენელია, ლეონიდ კუჩმა ან პეტრე ლუჩინსკი ამდენს «ელოლიავონ» ნიაზოვს (ელცინზე არაფერს ვამბობ) და აშხაბადში ჩავიდნენ ვალის რესტრუქტურიზაციაზე მოსალაპარაკებლად.
    მათი პოზიცია უფრო ხისტია: არ გვაქვს ფული და არ გიხდით - მორჩა და გათავდა. საქართველომ უფრო მოქნილი პოზიცია დაიკავა - ეს მას პერსპექტივას უტოვებს იმ შემთხვევისთვის, თუ აშხაბადი მაინც გამოძებნის გზებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის ევროპაში.
    მეორე მხრივ, საპპარმურად ნიაზოვს ედუარდ შევარდნაძის (ისევე, როგორც სხვა ლიდერების) მხარდაჭერა სჭირდება ქვეყნის შიგნით შერყეული პოზიციების განსამტკიცებლად. იგი გულის მანკითაა ავად, ხოლო ავადმყოფი ფადიშაჰი თურქებსაც არ უყვართ, ამიტომ შევარდნაძემ სიტყვები არ დაიშურა მის საქებრად და სიხარულით აღნიშნა, რომ «თურქმენეთის პრეზიდენტი შესანიშნავ საბრძოლო ფორმაშია».
    ქართულმა ეშმაკობამ გაჭრა. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, ნიაზოვი დათანხმდა მოლაპარაკების გაგრძელებას ვალის რესტრუქტურიზაციაზე. თებერვლამდე იმუშავებენ ექსპერტთა ჯგუფები და, ალბათ, კიდევ მოეწერება ხელი შესაბამის შეთანხმებას, რის შედეგადაც ქართველი ფინანსისტები შვებით ამოისუნთქავენ.
    თურქმენეთის ვალი მაჯლაჯუნასავით აწევს საქართველოს ბიუჯეტს. საყურადღებოა, რომ ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: «პარლამენტს შეუძლია არ გაითვალისწინოს ეს თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში». მაშასადამე, აშხაბადში მიღწეული შეთანხმება შიდაპოლიტიკური ფაქტორის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის იძენს.
    თურქმენეთის ვალი ადრე თუ გვიან გადასახდელია, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ცენტრებთან ურთიერთობის გაუმწვავებლად შეძლებს ვალის გადავადებას პრინციპით: «სჯობს გვიან, ვიდრე ახლავე», უეჭველად მოიპოვებს დივიდენდებს როგორც მოსახლეობის, ასევე «სამეურნეო-ფინანსური ოლიგარქიის» თვალში.
    კარგი იქნებოდა, საქართველოს დელეგაციას ორი-სამი მილიონი კუბომეტრი გაზიც «ჩამოეტანა» თურქმენეთიდან, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. თურქმენბაშს ეს რომ გაეგონა, ძლივს გამოჯანმრთელებული გული იქვე გაუსკდებოდა. ედუარდ შევარდნაძეს კი ნამდვილად არ სურს მოძმე თურქმენი ხალხის დაობლება.

7 დღე, 8 დეკემბერი, 1997 წ.

მთელ გვერდზე