რუსები სპირტის ნაცვლად გაზს გვთავაზობენ
   

    საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების აქციამ დარიალის ხეობაში მართლაც შეიძლება დააჩქაროს რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის გარკვევის პროცესი.
    ყოველ შემთხვევაში, რუსი ვიცე-პრემიერი ვალერი სეროვი ბოლო დრომდე «ფეხს ითრევდა», - არ სურდა, ჩამოსულიყო თბილისში და სხვადასხვა მიზეზითა თუ საბაბით ცდილობდა მაქსიმალურად გადაედო ორმხრივი კომისიის სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთმოქმედების რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი.
    როგორც ჩანს, სეროვი რუსული ისტებლიშმენტის იმ ნაწილს წარმოადგენს, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს მიმართ «მკაცრი კურსის» გატარებით უფრო მეტს მიაღწევს, ვიდრე დათმობებით.
    სწორედ ამ შეხედულებას გამოხატავს გენერალი ნიკოლაევი. იგი, თავის მხრივ, გენერალ რუცკოის პოლიტიკური მემკვიდრეა.
    გახსოვთ ალბათ - რუცკოის სატელეფონო ზარმა და მუქარამ აიძულა შევარდნაძე, დასთანხმებოდა «სამხრეთ ოსეთში» მშვიდობის დამყარების მოსკოვურ გეგმას.
    ამჯერად «ჩეჩნურმა ფაქტორმა» საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა. ამიტომ დარიალის ხეობაში შექმნილი ვითარებისა და «რუსი მესაზღვრეების საქართველოდან გაყვანის» მოთხოვნათა ფონზე, მოსკოვში დაძაბულობის შეწყვეტა გადაწყვიტეს, - რისკი მეტისმეტად დიდი ხდებოდა. 23 იანვარს დაგეგმილი დსთ-ს მორიგი სამიტის წინ კი კრემლს ნამდვილად არ ეპიტნავება თუნდაც ერთ რომელიმე მეზობელთან ურთიერთობის გამწვავება.
    საყურადღებოა რუსული «სამთავრობო-დიპლომატიური დესანტის» შემადგენლობაც. სეროვთან ერთად თბილისში ჩამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები: პასტუხოვი და ადამიშინი. აგრეთვე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ილიჩოვი - ეს სამეული კარგა ხანია «კურირებს» აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების პროცესს და მათი «საქმიანობის» შედეგიც ჩვენთვის თვალსაჩინოა.
    თბილისში ჩამობრძანდა, აგრეთვე, გენერალი მაევიც - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავტოჯავშანსატანკო სამმართველოს ხელმძღვანელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა საქართველოში და სენსაციური განცხადებაც გააკეთა შავი ზღვის ფლოტის ხომალდების შესაძლო გადმოცემასთან დაკავშირებით.
    მოლაპარაკებებში მონაწილეობს ნავთობკომპანია «ლუკოილის» ნომინალური ხელმძღვანელი ალეკპეროვი (ეროვნებით აზერბაიჯანელი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰეიდარ ალიევის კლანთან) და რუსული «გაზპრომის» წარმომადგენელი. თავად რემ ვიახირევმა ამჯერად «ვერ მოიცალა», თუმცა 18-19 დეკემბრისთვის ისიც გვესტუმრება.
    რუსეთის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა თვალნათლივ მეტყველებს მოლაპარაკებათა შინაარსზეც. სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, რუსებმა აფხაზეთის პრობლემის დეტალურ განხილვაზე ამჯერად უარი განაცხადეს (მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის თაობაზე), სამაგიეროდ, მასპინძლებს შესთავაზეს, განეხილათ ეკონომიკური თანამშრომლობის რამდენიმე პროექტი.
    «ლუკოილი» კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ რუსეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ინტერესთა ჰარმონიზაცია შეუძლებელი არ არის. ყოველ შემთხვევაში, თუ ოფიციალური თბილისი დათანხმდება ნავთობსადენის «წილობრივ გაკონტროლებას» და რუსეთის აქტიურ (მათ შორის ძალისმიერ) ჩართვას ამ პროცესში, «ლუკოილი» შეძლებს რუსეთის ფინანსური კონცერნების დარწმუნებას, - საქართველოს ენერგეტიკაში დააბანდონ კაპიტალი.
    ასევე არ არის უპერსპექტივო «გაზპრომთან» თანამშრომლობაც. მართალია შარშან ანკარაში მოეწერა ხელი შეთანხმებას რუსეთიდან - თურქეთისკენ შავი ზღვის ფსკერზე ახალი ნავთობსადენის გაყვანის თაობაზე, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით, ამ პროექტის განხორციელება ფანტასტიურ ხარჯებს მოითხოვს. ამიტომაც, რემ ვიახირევი ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებს. მას, რასაკვირველია, საკუთარი დაზვერვაც ჰყავს და რუსეთის «ოფიციალური დაზვერვაც» მასზე მუშაობს - ამიტომ სრული ინფორმაცია გააჩნია რამდენიმე დღის წინათ აშხაბადში ნიაზოვ-შევარდნაძის სენსაციური შეთანხმების თაობაზე - თურქეთიდან გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ.
    რუსეთსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა XXI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური პროექტი იქნება. აქ გეოპოლიტიკური გათვლაც არსებობს: თუ სომხეთმა ვერ მოახერხა თურქეთის დარწმუნება, რომ ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, დაარწმუნოს აზერბაიჯანი ბაქო-ერევან-ჯეიჰანის მარშრუტის მიზანშეწონილობაში, კასპიის დიდი ნავთობის გადასაზიდად, მაშინ შეიძლება იგივე სცადოს რუსეთის მეშვეობით:
    უმოკლესი გზა თურქეთის სამხრეთ-აღმსოავლეთ რეგიონებისკენ რუსული აირისთვის სწორედ საქართველოსა და სომხეთზე გადის. ჩვენი ქვეყნისათვის ეს პროექტი ენერგეტიკული პრობლემის დიდწილად გადაწყვეტას ნიშნავს - ყოველ შემთხვევაში, თბილსრესი მუდმივად იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით.
    იმავე წყაროს ცნობით, სეროვმა და შევარდნაძემ განიხილეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის «ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმის» საკითხი. ეს პრობლემა საქართველოსთვის მართლაც, აქტუალურია. დღემდე რუსეთი დსთ-ს ყველა ქვეყნისგან კატეგორიულად მოითხოვდა ე.წ. «საბაჟო კავშირთან» მიერთებას, რომელიც მკვდრადშობილი აღმოჩნდა და ნამდვილად ვერ მოუტანა სიკეთე ვეც ერთ ქვეყანას (ბელორუსეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი), რომელიც მას შეუერთდა.
    საქართველოს წინადადება «თავისუფალი ვაჭრობის» შესახებ უფრო ლოგიკურიც ჩანს: დაე შეიქმნას პირობები ეკონომიკურ სუბიექტთა თავისუფალი ურთიერთობისათვის - ვნახოთ, რა გამოვა, მაგრამ საქმეც სწორედ ისაა, რომ რუსეთისთვის ამგვარი მიდგომა მიუღებელია. დსთ-ს ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაცია მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაჩნია მიზანშეწონილად, თუ კრემლი შეინარჩუნებს ეკონომიკურ პროცესთა მართვის შესაძლებლობას.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ეკონომიკურმა თანამშრომლობამ, ვაჭრობამ და კოოპერაციამ განამტკიცოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სუვერენიტეტი - რაც რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არ შედის.
    რუსეთ-საქართველოს «ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის» სხდომაზე განიხილეს, აგრეთვე, რუსული ინვესტიციების საკითხი. ამ მხრივ საოცარი ვითარება იქმნება: რუსეთი გველაპარაკება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მაგრამ ეს ქვეყანა ლამის ბოლო ადგილზეა საქართველოში კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით და ბევრად ჩამორჩება ნორვეგიასა და სამხრეთ კორეას.
    ეს უცნაურობაც ადვილად ასახსნელია. ზუსტი პასუხი ამ კითხვას დსთ-ს საქმეთა ინსტიტუტის დირექტორმა, ქართველთმოძულე შოვინისტმა და ძალიან ჭკვიანმა მტერმა, კონსტანტინე ზატულინმა გასცა: რუსეთმა არ უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი ეკონომიკურ ინტეგრაციას პოლიტიკურთან შედარებით; პირიქით - პოლიტიკური ინტეგრაცია უნდა გახდეს აუცილებელი პირობა ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.
    სეროვს, რასაკვირველია, არც რუსეთის მიმართ საქართველოს ვალი დავიწყნია, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, 170 მილიონი დოლარი არც ისე დიდი თანხაა, რომ იგი პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული.
    რაც შეეხება სასაზღვრო საკითხებს, სეროვს ეს პრობლემა ამოწურულად მიაჩნია. უფრო ზუსტად, მისი აზრით, პრობლემა აქ საერთოდ არ არსებობს. რუსი მესაზღვრეები დგანან «მშობლიურ მიწაზე» (ოსურ «ომონთან» ერთად) და ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევენ უკან.
    მართალია ბრიფინგზე ითქვა, რომ «ეს საკითხი განხილვას საჭიროებს», ანუ განხილვას საჭიროებს რუსი მესაზღვრეების დროებითი უკანდახევის შესაძლებლობა, მაგრამ შეუძლებელია კრემლში არ ესმოდეთ, რამდენად გააძლიერებს ამ საკითხში მათ უკანდახევა საქართველოში მმართველი პარტიის პოზიციებს.

7 დღე, 10 დეკემბერი, 1997 წ.

მთელ გვერდზე