მოსამართლეებმა შევარდნაძეც გამოიყვანეს წონასწორობიდან

    ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა მისთვის უჩვეულოდ მკაცრად გააკრიტიკა «საქალაქო და რაიონული» სასამართლოები, რომლებიც «გაუმართლებელ შეღავათებს ავრცელებენ მძიმე დანაშაულის ჩამდენ ბრალდებულებზე».
    შევარდნაძე ყოველთვის ფრთხილობდა სასამართლოებთან დამოკიდებულებაში, მაგრამ ზოგიერთი მოსამართლის აღვირახსნილობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა: არავის ეპარება ეჭვი, რომ სასამართლოთა დიდი ნაწილი ფულის საკეთებელ «ცეხად» იქცა. არც ერთ ეპოქაში მოსამართლეები ასე ურცხვად, უტიფრად და თავხედურად არ ითხოვდნენ და იღებდნენ ქრთამს, როგორც დღეს. თვით კომუნისტების დროშიც კი, როცა თითქოს «საყოველთაო კორუფცია» იყო გამეფებული, მექრთამე მოსამართლეებს გარკვეული რიდი მაინც ჰქონდათ «ზემდგომი ორგანოებისა», ვისაც ფულს უყოფდნენ და ზოგჯერ პატაკსაც აბარებდნენ.
    დღეს სასამართლო საერთოდ დამოუკიდებელია - ანგარიშს აღარავის არაფერზე აბარებს. მოსამართლეები შეურაცხყოფად აღიქვამენ მცირეოდენ დაინტერესებასაც კი მათი საქმიანობით - აქაოდა, «კონსტიტუციით მოსამართლე არ არის ვალდებული, ვინმეს ჩააბაროს ანგარიში საკუთარ გადაწყვეტილებაზე». ქვეყნის ძირითად კანონში შეტანილი ეს ნორმა მოსამართლეთა მექრთამე ნაწილმა (ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ასეთები მოსამართლეთა კორპუსში ლამის უმრავლესობას შეადგენს) ოსტატურად დაიხვია ხელზე, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რაოდენ დამღუპველია საქართველოსთვის დემოკრატის იმ პრინციპების ვულგარული გაგება, რომლებიც მხოლოდ საუკუნეთა შემდეგ შეისისხლხორცა დასავლურმა საზოგადოებამ. ჩვენში კი იგივე პრინციპთა მექანიკური გადმოტანა ბუნებრივად იწვევს მოსამართლეთა დიდი ნაწილის სრულ უკონტროლობასა და აღვირახსნილობას. საბოლოოდ, ზარალდება მთელი საზოგადოება, ვინაიდან ხდება კანონის დისკრედიტაცია და ირღვევა სოციალური სამართლიანობის პრინციპი.
    ეს პრინციპი მხოლოდ ქონებრივ თანასწორობაში როდი მდგომარეობს – ვერავის დაარწმუნებ კანონისა და თვით საზოგადოების პატივისცემის აუცილებლობაში, როცა ყველა ხედავს, რომ მძიმე დანაშაულისათვის ერთს - თხუთმეტ წელს ან სამუდამო პატიმრობას უსჯიან, მეორეს კი (ასეთივე დანაშაულისათვის) მსუბუქ, ხშირად სიმბოლურ სასჯელს აკმარებენ.
   

მერიდიანი, 12 ნოემბერი, 1997 წ.

მთელ გვერდზე