ქართულ-ოსური დიალოგი ჩიხში მოექცა
   

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოპტიმიზმს აფრქვევს «ცხინვალის რეგიონში» ამჟამად არსებული ვითარებისა და სამომავლო პერსპექტივების თაობაზე, რეალურად მდგომარეობა 1992 წლის ივლისის შემდეგ იოტისოდენად არ შეცვლილა საქართველოს სტრატეგიული, ანუ «გრძელვადიანი» ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრისით.
    1992 წლის ივლისში, ე.წ. დაგომისის ხელშეკრულების საფუძველზე, შიდა ქართლში შევიდნენ «სამმხრივი სამშვიდობო ძალები» (რუსეთის, ჩრდ. ოსეთისა და საქართველოს). ზოგიერთი თვლის, რომ ქართული და ოსური სამშვიდობო ბატალიონები მხოლოდ სიმბოლურ როლს ასრულებენ და მთავარი ძალა მაინც რუსეთის სამხედრო კონტინგენტია. ნაწილობრივ ეს შეიძლება სიმართლეც იყოს, თუმცა საკითხის ამგვარი გადაწყვეტა იმ დროისათვის მაინც ნიშნავდა ერთგვარი «კონდომინიუმის», ანუ ერთობლივი კონტროლის დამყარებას რეგიონში.
    პოლიტიკის ენაზე (თუ იურიდიულ-ფორმალურ მხარეს არ მივაქცევთ ყურადღებას) კონდომინიუმი თვისობრივად გულისხმობდა, რომ საქართველომ ეს ტერიტორია საკამათოდ აღიარა. პირდაპირ ამგვარ შეფასებას არავინ დაეთანხმება, მაგრამ შინაარსობრივად ნამდვილად ასეა.
    ერთგვარად პარადოქსული ვითარება იქნება: აფხაზეთში ვერ შევძელით ისეთი «სამშვიდობო ოპერაციის» განხორციელება, როდესაც სამშვიდობო ძალები მთელს ტერიტორიას გააკონტროლებდნენ და ლტოლვილთა უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფდნენ; ყოფილ «სამხრეთ ოსეთში» კი რუსები და ოსები ამაზე დაგვთანხმდნენ - ლტოლვილები გარკვეულწილად დაბრუნდნენ (ცხინვალის გარდა), სამაგიეროდ ისეთი პოლიტიკური რეალობა მივიღეთ, რომ ნებისმიერი გარეშე დამკვირვებელი ჩათვლის: ეს არის ტერიტორია, რომელზედაც ერთობლივად ხორციელდება რუსეთის, მისი ერთ-ერთი სუბიექტისა და საქართველოს იურისდიქცია. დღევანდელი გადმოსახედიდან ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, იმავე გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელი ვარიანტი სჯობდა საქართველოსათვის.
    ოსები და რუსები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ეს კონდომინიუმი რაც შეიძლება ხანგრძლივი გახდეს. პოლიტიკური რეალობის ხანგრძლივობა კი მის ლეგიტიმაციას ნიშნავს, ანუ საქართველო ამ ტერიტორიაზე იურიდიულ უფლებასაც კარგავს (გავიხსენოთ ოსთა «რეფერენდუმი», რომელზედაც 99 პროცენტმა საქართველოსაგან გამოყოფას მისცა ხმა). მოლაპარაკებათა პროცესი ამ რეგიონში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ისეთსავე ჩიხშია მოქცეული, როგორც აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე გამართული «რაუნდები». აქ მდგომარეობა უფრო რთულიც კია, ვინაიდან აფხაზეთი, ასე თუ ისე, ბლოკირებულია. ხოლო სამაჩაბლოელ ოსებს (ყარაბაღელთა მსგავსად) ჰყავთ სტრატეგიული მოკავშირე - ჩრდილოეთ ოსეთის სახით, რომელსაც ძალუძს რუსეთისაგან დამოუკიდებლადაც კი გაუწიონ მათ დახმარება.
    რაც შეეხება «სამხრეთ ოსეთის» სტატუსს, იოტისოდენა ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს იმის თაობაზე, რომ ცხინვალის ხელისუფლება მიზანმიმართულად უქმნის ამ საკითხში ილუზიას თავის ქართველ პარტნიორებს.
    თბილისში ჩამოყალიბდა აზრი, თითქოს საკმარისია, საქართველომ აღიაროს ოსეთი რესპუბლიკად საქართველოს შემადგენლობაში და პრობლემაც გადაწყდება - ეს ყალბი შთაბეჭდილებაა. სინამდვილეში ოსი სეპარატისტები მათი აფხაზი კოლეგების იდენტურ სქემას გვთავაზობენ: «თანასწორსუბიექტური ურთიერთობა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ერთიანი კონფედერაციული გაერთიანების ფარგლებში». არც ერთი ნაბიჯით უკან ამ პოზიციიდან ცხინვალის ხელისუფალნი არ დაიხევენ, თუმცა კი ყოველთვის შეეცდებიან, ზემოხსენებული ილუზია განამტკიცონ, ანუ პირდაპირ არ გამოხატონ თავიანთი პოზიცია და უსასრულოდ გააგრძელონ მოლაპარაკებები.
    როგორც ჩანს, ქართველებს ძალიან მოგვწონს წყლის ნაყვა - ჟენევაში, სოხუმში, მოსკოვსა თუ ცხინვალში.
    «ვნაყოთ და ვიყოთ, ჩემო ბატონო!»

მერიდიანი, 24 ოქტომბერი, 1997 წელი

მთელ გვერდზე