სახალხო დამცველად ფინანსური ოლიგარქიის კანდიდატი გავიდა
   

    დავით სარალიძის «ხალხის დამცველად» მოვლინებასთან დაკავშირებით ბევრი ითქვა და დაიწერა. დამკვირვებელთა უმრავლესობა აშკარად დაბნეულია და ამ უცნაური «არჩევანის» შინაგან მექანიზმში ჯერაც ვერ გარკვეულა.
    ჩემი აზრით, მომხდარის შინაარსი ყველაზე ზუსტად თვით პრეზიდენტმა «გახსნა» ტრადიციულ რადიოინტერვიუში: «სარალიძემდე ორი კანდიდატურა წარვუდგინე პარლამენტს, მაგრამ ორივე უარყოფილი იქნა. რაკი ამჯერად კანდიდატურა დამტკიცდა, მაშასადამე, ისეთი არჩევანი გაკეთდა, რომლეიც პოლიტიკური კონსენსუსის პირობებს ქმნიდა, თუ სხვა კანდიდატურა უნდოდათ, სხვა უნდა დაემტკიცებინათ».
    ეს ფრაზა ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ტექნოლოგიის კვინტესენციაა. ყველაზე საინტერესო და საგულისხმოა, რომ იგი (როგორც აღმოჩნდა) თავიდანვე ითვალისწინებდა პარლამენტში არსებულ ძალთა განლაგებას და რაკი დარწმუნდა, ფრაქციები ვერ შეთანხმდებოდნენ ომბუდსმენის საკითხში, გადაწყვიტა, მახვილგონივრული სვლით აეძულებინა ისინი, მიეღწიათ კონსენსუსისთვის, ანუ შევარდნაძემ პარლამენტში ჩაატარა «მშვიდობისადმი იძულების» ოპერაცია და ბრწყინვალე შედეგსაც მიაღწია.
    მიუხედავად იმისა, რომ ელენე თევდორაძე «მოქალაქეთა კავშირის» აქტიური წევრია, მმართველი პარტია მიანც ვერ შეთანხმდა ამ კანდიდატურის თაობაზე, ვინაიდან თევდორაძე მერყევ ფიგურად რჩება და მისი ომბუდსმენობა უეჭველად ნიშნავდა «სმკ»-ს პოზიციათა ნაწილობრივ შესუსტებას. თევდორაძე, როგორც კი «სახალხო დამცველად» დაამტკიცებდნენ, დაუყოვნებლივ გაწყვეტდა კავშირს საკუთარ პარტიასთან (რომლის სიითაც მოხვდა პარლამენტში). ეს ისევე ნათელი და ცხადია, როგორც თვით «მოქალაქეთა» დაინტერესება ომბუდსმენის მეტნაკლები ლოიალურობით, ამავე დროს, სხვა საპარლამენტო ფრაქციებს საკუთარი კანდიდატურები ჰყავდათ და იოტისოდენად არ დაგიდევდნენ გარემოებას, რომ, თვისებრივად, სახალხო დამცველი არ უნდა გამოხატავდეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს. მისი პოზიცია არ უნდა იქცეს არგუმენტად პოლიტიკურ პაექრობაში, სხვაგვარად საკუთრივ ინსტიტუტს ყოველგვარი არი ეკარგება და მხოლოდ «პოლიტიკური ძალის» კიდევ ერთ ცენტრად იქცევა. ანუ «ოპოზიციის» მოტივაცია ისეთივე მერკანტილური, ეგოისტური და ცინიკური იყო, როგორც ხელისუფლებისა.
    მეორე მხრივ, «სახალხო დამცველის» დაუმტკიცებლობა პრეზიდენტს ორაზროვან მდგომარეობაში აყენებდა. თავდაპირველად მას ნამდვილად სურდა «დროის გაჭიმვა» (პნირველი ორი კანდიდატურა, სინამდვილეში, მისი არჩევანი სრულიადაც არ ყოფილა - განსაკუთრებით ეს სანდრო კავსაძეზე ითქმის), მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები, აგრეთვე ხელისუფლების მდგრადობის შენარჩუნების ლოგიკა სულ უფრო იმპერატიულად მოითხოვდნენ საკითხის გადაწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებოდა მეტად საშიში პოლიტიკური არგუმენტების ჩამოყალიბება და მიუხედავად საპარლამენტო «ოპოზიციის» რეალური წვლილისა ომბუდსმენი ს დაუმტკიცებლობაში, იგი «ქუჩის ოპოზიციასთან» ერთად ბოლოს და ბოლოს უეჭველად შეეცდებოდა, «აეგორებინა» პროპაგანდისტული ტალღა ხელისუფლების წინააღმდეგ.
    პოსტსაბჭოური სივრცის ბევრ ქვეყანაში «ომბუდსმენის» რაობა სულაც არ იციან და ამ თანამდებობის შემოღება აზრადაც არ მოსდით, მაგრამ ქართული პოლიტოკრატია განსაკუთრებული ამბიციითა და კუდაბზიკობით გამოირჩევა, ამდენად, «მბუდსმენი» მაიურ სიტყვა-ცნებად იქცა, რომელიც რეჟიმის დემოკრატიულობის ხარისხი უნდა განესაზღვრა როგორც «შიდა», ასევე «გარე» მოხმარებისთვის.
    წარმოუდგენელია ედუარდ შევარდნაძეს დათო სარალიძის «მოშორება» სდომოდა «საგადასახადო ინსპექციის» უფროსის თანამდებობიდან. «ავად თუ კარგად» (როგორც პრეზიდენტმა დაახასიათა იმავე რადიოინტერვიუში) ეს «სამსახური მუშაობს» და რაც მთავარია, თვით სარალიძე აღმოჩნდა უაღრესად ნიჭიერი და «მოქნილი» სხვადასხვა ფინანსურ დაჯგუფებებს შორის ბალანსირებისას. გარკვეული თვალსაზრისით, იგი იმ კლანებსაც «აწონასწორებდა», რომლებსაც თვით ხელისუფლებაში ჰყავთ დასაყრდენი. ალბათ, აქვე უნდა ვეძებოთ სარალიძის იოლად «დამტკიცების» საიდუმლო. მაშინ, როდესაც პარლამენტს გარეთ დარჩენილი ორგანიზაციები «აღშფოთებული» აცხადებდნენ: «სარალიძის დანიშვნა ადამიანის უფლებათა დაცვის იდეის დისკრედიტაცია» და ა.შ. თვით პარლამენტში კანდიდატურას სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ფაქტი ნათელყოფს, რომ არა მხოლოდ «უმრავლესობა», არამედ «ოპოზიციაც», პარლამენტში გარკვეულ ფინანსურ ჯგუფთა ინტერესებს წარმოადგენს და სალარიძის («საგადასახადოს» ყოფილი უფროსის) დანიშვნა «სახალხო დამცველად», ნამდვილად შეესაბამება მათ ინტერესებს.
    მომხდარს ერთგვაი კომიზმის ელფერიც დაჰკრავს - პოლიტიკოსები, რომელთა მომავალი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია «ფინანსური კლანების» მხარდაჭერაზე, სულ ადვილად თანხმდებიან იმ კანდიდატურას, რომელიც იმავე ფინანსურ კლანთა «მდგომარეობას» უზრუნველყოფდა წინა თანამდებობაზე ყოფნისას. დათო სალარიძემ საქართველოში ყველა «მსხვილი კაპიტალის» წარმოშობის საიდუმლო იცის. ისიც შესანიშნავად მოეხსენება, ვის უკან ვინ დგას, ვინ - უმრავლესობას აფინანსებს», ვინ «ზომიერ», თუ «რადიკალურ» ოპოზიციას, ვის უჭერენ მხარს «მემარცხენეები» და «მემარჯვენეები». ძალაუნებურად, მიდიხარ დასკვნამდე: სალარიძის კანდიდატურამ სწორედ ამიტომ შექმნა «პირობა პოლიტიკური კონსენსუსისთვის», რომ იგი საქართველოს მმართველი ფინანსური ოლიგარქიის არჩევანი იყო და მისსავე ინტერესებს დაიცავს. შეუძლებელია, უნებლიეთ კვლავ, მარქსიზმ-ლენინიზმის ცნობილი ფორმულა არ გაგახსენდეს: «კაპიტალისტურ საზოგადოებაში ნებისმიერი ინსტიტუტი, უპირველეს ყოვლისა, კლასობრივ ხასიათს ატარებს და ამა თუ იმ კლასის ინტერესებს გამოხატავს». რომელ «კლასს» ეკუთვნის დავით სარალიძე ან რომელი «კლასის» ინტერესებს გამოხატავდა დღემდე, მკითხველისთვის ცხადია. აქედან გამომდინარე, არ არსებობს რაიმე საფუძველი «კლასობრივი» კუთვნილებისა და სოციალური მიმართებულობის შესაცვლელად. ეს ჩემი საცოდავი ქვეყანა ყველა ჯუისა და შეფერილობის სოციალური თუ პოლიტიკური დოქტრინის ქრესტომათია ხდება.

7 დღე, 5 ნოემბერი, 1997 წ.

მთელ გვერდზე