დავით სალარიძის იგავები
   

    მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ ბოლო «გაფართოებულ» სხდომაზე, რომელიც გადასახადების აკრეფის საკითხებს მიეძღვნა, საფინანსო ინსპექციის (საგადასახადო სამსახურის) უფროსმა უცნაური იგავი გაიხსენა იმის თაობაზე, თუ როგორ დაავალეს თემისტოკლეს გადასახადების აკრეფა, ამას შემდეგ თავად იდეის ავტორმა როგორ თქვა უარი მის განხორციელებაზე, ასევე ამბავი იმისა, როგორ გადადგა თემისტოკლე და უმოკლეს ხანში კვლავ საჭირო შეიქმნა.
    იგავი «გამჭვირვალე» იყო (პრეზიდიუმის ფონზე დარბაზში მყოფთ ძალაუნებურად ღიმილი აუთამაშდათ სახეზე), ვინაიდან დავით სალარიძე დაიღალა «მსხვილი გადამხდელების» ორ კატეგორიად დიფერენცირებით და გადაწყვიტა ქარაგმულად (ოღონდ საჯაროდ) მაინც ეთქვა სათქმელი; თუმცა, როგორც ჩანს, მისთვის თანამდებობიდან გადადგომაც არ უნდა იყოს დიდი ტრაგედია.
    დავით სალარიძის ამ პოსტზე დანიშვნისას ვერავინ იფიქრებდა, რომ იგი საქმეს «გასწვდებოდა» და საგადასახადო ინსპექციას ეფექტურად აამუშავებდა. მართალია, სალარიძე «ორგანოთა» გამოცდილი მუშაკია, მაგრამ, ჯერ ერთი, მისთვის ეს სპეციალიზაცია მაინც «უცხო ხილია»; გარდა ამისა, თვით საგადასახადო ინსპექცია სრულიად ახალი ინსტიტუტია საქართველოს «პოსტსაბჭოურ» სინამდვილეში - საბჭოთა საქართველოს იერარაქია არც ამ პოსტს ითვალისწინებდა და არც ამგვარი სტრუქტურის არსებობას. მეორეს მხრივ «საგადასახადოს» უფროსს განუზომლად «დიდი ძალა» და გავლენა გააჩნია, ვიდრე საქართველოს სსრ-ში. «ОБХСС»-ი და მისნაირი «დინოზავრები» აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, თორემ საგადასახადოს «შესვლას» ნებისმიერ საწარმოში. ფირმაში, კომპანიაში, კონცერნში ეჭვქვეშ არავის აყენებს, - თვით ყველაზე შეურიგებელი «ლიბერალებიც» ხაზს უსვამენ: «არავინ შეუშვათ საწარმოში «საგადასახადოს» გარდა - «ბიზნესმენის ერთადერთი ვალდებულება გადასახადის გადახდაა».
    დავით სალარიძემ ეს უზარმაზარი ძალაუფლება (რომელიც იმის უფლებასაც კი აძლევს, რომ ზემოთმოყვანილ იგავები ყველას გასაგონად მოჰყვეს, საკმაოდ კარგად და ლაზათიანად «მოირგო». ეს ნიჭიერი კაცის თვისებაა - ის ადვილად შეეგუა ახალ ვითარებას, ახალ პირობებს.
    ამავე დროს, დავით სალარიძე ედუარდ შევარდნაძის საუკეთესო «აღმოჩენაა» და ეს კადრი კიდევ ერთხელ ადასტურებს სტალინის უკვდავ ფორმულას: «კადრები წყვეტენ ყველაფერს». სახელმწიფოს მეთაურს ამ პოსტზე (ვთქვათ) ავთანდილ სილაგაძე რომ დაენიშნა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საგადასახადო ინსპექცია საქართველოში ისე დაიშლებოდა, ამუშავებასაც ვერ მოასწრებდა. აღარაფერს ვამბობ გადასახადების აკრეფასა და ბიუჯეტის შევსებაზე. სილაგაძის პედანტიზმი გამორიცხავს კომპრომისს, მანევრს, პირად ურთიერთობებს, ზოგჯერ (თუ საჭიროა) «ძველბიჭურ» მიდგომას, არაფორმალურ დამოკიდებულებებს, პარტნიორის პიროვნული თვისებებისა და ღირსება-ნაკლოვანებების გათვალისწინებას.
    სალარიძე კი მოქნილი, არაორდინალური, გარკვეულწილად ეშმაკური, ანუ (ზოგადად) ჭკვიანური ქცევით ხასიათდება. მისი მიზანი ის კი არ არის, კანონი პედანტურ წვრილმანებამდე შესრულდეს, არამედ ის, რომ ბიუჯეტი შეავსოს და რაც შეიძლება მეტი გადასახადი აიკრიფოს. ამ მიზნით სალარიძე ზოგჯერ კომპრომისზეც მიდის, შტირლიცივით იქცევა, დარწმუნებული ვარ «მსხვილ გადამხდელებთან» პირად ურთიერთობას ამყარებს, თუ საჭიროა, მათთან ერთად იქეიფებს, დამოკიდებულებაში «ძმაკაცურ» ელემენტს შეიტანს, დაეხმარება, პირად გავლენას გამოიყენებს, «პრეზიდენტთანაც შევა», ვადასაც გადაუწევს, საბაჟოსთანაც «იმუშავებს». ერთი სიტყვით, იმოქმედებს.
    როგორც ჩანს, გარდამავალ პერიოდში საქართველოს სწორედ ასეთი ყაიდის ნიჭიერი ადამიანები სჭირდება, რომლებიც საქმეს (ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით) გააკეთებენ.

მერიდიანი, 8 ოქტომბერი, 1997 წელი

მთელ გვერდზე