პეტრე ლუჩინსკი გამოცდილებას გვიზიარებს
   

    ამ დღეებში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა მოლდოვას პრეზიდენტი პეტრე ლუჩინსკი, რომელიც (კრემლის შეფასებით) ნაციონალისტურად განწყობილი მირჩა სნეგურის დამარცხებით მოვიდა ხელისუფლების სათავეში და რუსეთისადმი შედარებით «ლოიალური პოლიტიკის» გატარება დაიწყო.
    მოლდოვა ამ თვალსაზრისით კლასიკური მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლების სათავეში პიროვნების შეცვლას არ შეუძლია ამ ქვეყნისადმი რუსეთის დამოკიდებულება შეცვალოს. ეს უბრალო ჭეშმარიტება ვერა და ვერ გაუგია ქართულ ინტელიგენციას, რომელმაც გამსახურდია იმიტომაც შეცვალა შევარდნაძით, რომ «რუსეთთან დამეგობრებულიყო» და დღემდე იმას ჩივის, რომ ბოლომდე «დამეგობრება ვერა და ვერ ხერხდება».
    მოლდოვას დაახლოებით ისეთივე პრობლემები გააჩნია, როგორიც საქართველოს აფხაზეთში. რუსეთის მიერ პროვოცირებული კონფლიქტის შეწყვეტა მხოლოდ რუსეთის ჯარის შეყვანის შემდეგ მოხერხდა. სეპარატისტული რეგიონი კრემლის ხელში იქცა მძლავრ ბერკეტად მოლდოვაზე ზეწოლისათვის. ბოლოს და ბოლოს, მოლდაველები «გონს მოეგნენ» და შედარებით «ლოიალური» პოლიტიკით სცადეს რუსთა გულის მოგება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მოლდოვას დელეგაციამ მათ ბედქვეშ მყოფ საქართველოს ესენგეს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე უმუხთლა და აფხაზეთის საკითხში არათუ მხარი დაუჭირა, პირიქით, ქართული დელეგაციის წინააღმდეგაც კი გაილაშქრა, რამაც რუსი «ანტიქართველები» (ბაბურინი, ტიხონოვი და სხვები) აღაფრთოვანა.
    ამავე დროს, მოლდოვამ სასწრაფოდ თქვა უარი რუმინეთთან (ანუ საკუთარ სისხლთან და ხორცთან) დაუყოვნებლივ შეერთების «ნაციონალისტურ» გეგმაზე და აღმოსავლური პოლიტიკის გააქტიურება დაიწყო, რისი გამხატულებაც გახდა მირჩა სნეგურის ნაცვლად პეტრე ლუჩინსკის არჩევა.
    მიუხედავად ამგვარი ცვლილებებისა, მოსკოვის პოზიცია ჯერჯერობით მხოლოდ გარეგნულად შერბილდა. შინაარსობრივად იგი კვლავ უცვლელია. ლუჩინსკის, რასაკვირველია, არ ეთმობა მოლდოვას დამოუკიდებლობა, რუსეთს კი სხვა «დათმობა» ჩირად არ უღირს.
    დნესტრისპირეთში იოტისოდენადაც არაფერი შეცვლილა რუსი და უკრაინელი სეპარატისტები აქაც მოითხოვდნენ «საერთო სახელმწიფოს შექმნას», ანუ მოლდოვას იურიდიულ დანაწევრებას.
    ზუსტად ასეთივე ვითარება შეიქმნება საქართველოში, თუ ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც დღემდე მოთქვამს, თავისას მიაღწევს. შინაარსობრივად არც აფხაზეთში და არც «სამხრეთ ოსეთში» არაფერი შეიცვლება - მოსკოვს ცრემლების არ სჯერა - მას სჯერა მხოლოდ საბჭოთა კავშირის მსგავსი ერთიანი სახელმწიფოს აღდგენისა ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე. მოლდოვაშიც და საქართველოშიც ამგვარი ნაბიჯი ახალი სამოქალაქო ომის დასაწყისი გახდება. ეს შესანიშნავად უწყიან ლუჩინსკიმაც და შევარდნაძემაც. როგორც ჩანს მათი დიალოგის ძირითადი თემა იქნება გამოცდილების გაზიარება ერთისათვის «აღმოსავლელი», მეორისათვის კი «ჩრდილოელი» მეზობლისადმი დამოკიდებულების თაობაზე.
    ეს ორი პატარა რესპუბლიკა იდენტური პროცესის მსხვერპლი აღმოჩნდა, ოღონდ მოლდოვას მაინც უკეთესი პირობები აქვს. დასავლეთიც უფრო აქტიურად ეხმარება, გაგაუზეთის პრობლემაც შედარებით უმტკივნეულოდ მოაგვარა (თურქეთის დახმარებით) და რუსეთ-უკრაინის წინააღმდეგობაზეც ოსტატურად თამაშობს. მოლდოვას (საქართველოსაგან განსხვავებით) მძლავრი მეზობელი უდგას მხარში (რუმინეთი). ხოლო რუსეთის ტერიტორიას უზარმაზარი უკრაინა აშორებს. მიუხედავად ამისა, დნესტრისპირეთის პრობლემა მაინც გადაუწყვეტელი რჩება.
    არადა, კიშინიოვი, ფაქტიურად, რუსული ქალაქია. მოლდაველებისათვის რუსული (ისევე როგორც ყაზახებისათვის) «მეორე დედა ენაა». საქართველოში ამას რუსეთმა ჯერჯერობით ვერ მიაღწია. თუმცა ეს რეალობა პოლიტიკურ არგუმენტად ვერ გამოდგა.

მერიდიანი, 26 ნოემბერი, 1997 წ.

მთელ გვერდზე