დიდი აბრეშუმის გზის ალუზია
   

    უძველეს ეპოქაში არსებული «ევრაზიული ხიდი», ანუ (როგორც იმ დროს უწოდებდნენ) «დიდი აბრეშუმის გზა» - ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ცენტრალური მიმართულება და მისი შინაარსის გამოხატულება ხდება. ჯერჯერობით ამ იდეას რაიმე განსაკუთრებული მოგება არ ახლავს, მაგრამ პოტენციურად იგი მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ევრაზიის რეალური ხიდი სამხრეთიდან ოდნავ ჩრდილოეთით გადმოინაცვლებს. ამჟამად პაკისტანის, ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და წყნარი ოკეანის მიმართულებით ტვირთების უდიდესი ნაწილი თურქეთისა და ირანის გავლით მიედინება. ამ გრანდიოზული ნაკადის მხოლოდ მცირე ნაწილი გადის ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად კავკასიის ტერიტორიაზე. შეფარდება მათ შორის (მაშტაბით) დაახლოებით იგივეა, როგორც დიდ მდინარესა და პატარა ნაკადულს შორის. ამდენად, საუბარი იმის თაობაზე, თითქოს უახლოეს ათწლეულებში საქართველოს აზერბაიჯანს რაიმე განსაკუთრებული «გლობალური სატრანზიტო ფუნქცია» მიენიჭებათ - ნამდვილად გადაჭარბებულია. თუმცა ჩვენი პატარა ქვეყნისათვის, ეკონომიკური თვალსაზრისით მცირედიც საკმარისი ა- მცირე სატრანზიტო პოტენციალი კი ნამდვილად გაგვაჩნია - განსაკუთრებით, აზერბაიჯანისა და სომხეთისათვის.
    მაგრამ მდგომარეობა კარდინალურად შეიცვლება, თუ რაიმე თვისებრივი ძვრა მოხდა კავკასიის სამხრეთ რეგიონებში. ამჟამად, საქართველო ცხოვრობს ფართო გზის პირას. უფრო ზუსტად, იგი ბილიკია, ამ უზარმაზარი შარაგზის გვერდით. თუ შარაგზაზე აფეთქება მოხდა და იგი მწყობრიდან გამოვიდა, რა თქმა უნდა, ბილიკსაც მეტი ყურადღება მიექცევა - მას უმალვე გააფართოებენ, შეაკეთებენ, მოძრაობისათვის ვარგისად აქცევენ.
    წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თუ მაგალითად, ირანში დაიწყო სამოქალაქო ომი, ამგვარი ალბათობა მცირე სრულებითაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ «ისლამური კონფერენციის» წევრი ქვეყნების ბოლო შეხვედრაზე თეირანში, ირანის პრეზიდენტმა საკმაოდ ლოიალური სიტყვა წარმოთქვა დასავლეთის მიმართ, მაშინ, როცა სულიერი ლიდერი აიათოლა ჰომეინის ორთოდოქსალური პოზიცია დღემდე სიცოცხლისუნარიანია და დასავლეთს იგი მხოლოდ «დიდ სატანად» მიიჩნევს. ამ ნიადაგზე მართლაც შეიძლება ატყდეს სამოქალაქო ომი პრეზიდენტისა და «დიდი მოლას» მომხრეებს შორის. თანაც, თუ ირანის მოსახლეობის ფანატიზმს გავითვალისწინებთ, შინა ომი ათწლეულებით გაგრძელდება.
    სამოქალაქო ომი ირანში (თუ იგი დაიწყო) ნამდვილი კატასტროფა იქნება მსოფლიო ეკონომიკისათვის, ევრაზიის კონტინენტზე ტვირთბრუნვის არსებული მოცულობის შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება ახალი, ალტერნატიული გზის ძიება. რა თქმა უნდა, იარსებებს რუსეთის მარშრუტი, მაგრამ დასავლელ ექსპერტებს უმალვე გაახსენდებათ, რომ არის კიდევ ერთი, გაცილებით იაფი გზა - კასპიის, კავკასიის, შავი ზღვის გავლით. სწორედ ამ მარშრუტით დაიწყება ტვირთების ტრანსპორტირება ცენტრალური აზიიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან, წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან ევროპაში და პირიქით. ოღონდ არსებული საკომუნიკაციო სიმძლავრეები ასჯერ და ათასჯერ გაზრდილ ტვირთნაკადს ვერ აუვა. საქართველოსა და აზერბაიჯანის გზები, პორტები და სხვა საკომუნიკაციო სისტემები ახალ მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებს, ამიტომ დაუყოვნებლივ იქნება მიღებული ზომები მათი განვითარებისათვის. შეიკრიბება ევროპის კავშირი უმაღლეს (სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა) დონეზე და გაფორმდება გადაწყვეტილება «ტრასეკას» პროექტის ფარგლებში (არ არის შემთხვევითი, რომ ეს პროგრამა უკვე მოქმედებს) სამხრეთ კავკასიისათვის საგანგებო ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე. უმოკლეს ვადებში ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში შეკეთდება და ახლად აშენდება საქართველოს საავტომობილო გზებს. გაფართოვდება მათი გამტარუნარიანობა. აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განხორციელდება რკინიგზის მოდერნიზაცია. აშენდება ახალი ელექტროგადამცემი ხაზები ელექტროენერგიით რკინიგზის მუდმივი მომარაგებისათვის. სასწრაფოდ შეკეთდება თბილსრესის 11 და 12 ენერგობლოკები, დაიწყება ახალი თბოელექტროსადგურისა და ახლი პორტების მშენებლობა. დასავლეთი ყველაფერს იღონებს აფხაზეთის, აგრეთვე ცხინვალის კონფლიქტის მოსაწესრიგებლად. ერთი სიტყვით, საქართველო ერთბაშად დაიბრუნებს ყველაფერს, რაც დაკარგა.
    ნეტარ არიან მორწმუნენი!
   
   

მერიდიანი, 15 დეკემბერი, 1997 წ.

მთელ გვერდზე