რუსეთს ნავთობსადენი კვლავ «ყელში ეჩხირება»

    უახლოეს მომავალში თბილისს ეწვევა აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კონსორციუმის პრეზიდენტი (აღმასრულებელი დირექტორი) ტერი ადამსი.
    იგი გამართავს მოლაპარაკებას საქართველოს ხელისუფლებასთან - კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ თვით ტერი ადამსი თავდაპირველად (1995 წლის დასაწყისში) საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი «დასავლური მარშრუტის» მიმართ და ამ თემაზე საუბრისას, ზოგჯერ, უადგილო ანეკდოტებსაც იშველიებდა. მაგალითად: დენ სიაო პინს ჰკითხეს, - რა მოხდებოდა ოსვალდს კენედის ნაცვლად ხრუშჩოვი რომ მოეკლაო? ჩინეთის ლიდერმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ უპასუხა: ბევრს ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ერთი რამ ვიცი - ამ შემთხვევაში არისტოტელე ონასისი ხრუშჩოვის ქვრივს ნამდვილად არ მოიყვანდა ცოლადო».
    ზოგმა შეიძლება იფიქროს: ეს ანეგდოტი რა შუაშიაო. არადა, ტერი ადამსი ასეთი გონებამახვილური ანეკდოტებით «სიტყვას ბანზე უგდებდა» ხოლმე მოსაუბრეებს. რეალურად კი, ადამსი დარწმუნებული იყო «ჩრდილოური» მარშრუტის უპირატესობაში იმ მიზეზით, რომ ბაქო-გროზნო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენს მეტი გამტარუნარიანობაც აქვს და მისი რეკონსტრუქცია შეუდარებლად იაფიც ჯდება.
    სხვათა შორის, ეს არგუმენტები ზუსტად, სიტყვა-სიტყვით გაიმეორა სააგენტო «ინტერფაქსისათვის» მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ბორის ნემცოვმა, რომელმაც დაუფარავად განაცხადა: «საქართველოს ტერიტორიის გავლით კასპიის «ადრეული» და «გვიანი» ნავთობის ტრანსპორტირება მიზანშეუწონელია, ვინაიდან ბაქო-სუფსის ნავთობსადენის რეკონსტრუქციას 150 მილიონი დოლარი მაინც დასჭირდება. გარდა ამისა, ქართული ნავთობსადენის გამტარუნარიანობა სამჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსულისა».
    ეს არგუმენტები, რასაკვირველია, ადამსისთვისაც ცნობილია. მაგრამ «ნავთობის პოლიტიკას» უკვე გეოპოლიტიკური ფაქტორები განსაზღვრავენ. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ პოლიტიკოსებმა იმის თაობაზე, რომ «პოლიტიკა არ განსაზღვრავს ეკონომიკას» - ეს ტყუილი იქნება; რამდენი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს «თეთრმა სახლმა» - «ნავთობსადენის საკითხისადმი ნორმალური, საქმიანი მიდგომის თაობაზე», რეალობა მაინც სხვაა.
    თურქეთი ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეა და ნავთობსადენის მის ტერიტორიაზე გატარება ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედის: წინააღმდეგ შემთხვევაში, სტამბულსა და ანკარაში ისლამისტები გაძლიერდებიან. ამიტომ ამერიკამ არჩევანი უკვე გააკეთა; თუმცა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს კონსორციუმის არჩევანს. ტერი ადამსი უელსელია - იგი ბრიტანული ნავთობკომპანიების ინტერესებს უფრო წარმოადგენს, ვიდრე ამერიკულს.
    აქვე გავიხსენოთ ღრმააზროვანი ქარაგმები (რუსულ პრესაში) - «ევროამერიკული ბლოკის» მსხვრევის თაობაზე ნავთობის საკითხში. თურქული ფენომენის წინააღმდეგ ბრძოლისას, ევროპელები, უეჭველად, რუსეთს დაეყრდნობიან. ტერი ადამსის ამოცანა კი იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად შეარბილოს მოსალოდნელი წინააღმდეგობა საქართველოს მხრიდან და ახალი არგუმენტებიც მოიპოვოს «დასავლური მარშრუტისადმი» სკეპტიკური დამოკიდებულების გასაძლიერებლად.
    თვით სკეპტიციზმის მიზეზი, ისევ და ისევ, საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმყიფეა. ევროპელებს, ერთის მხრივ, არ სჯერათ საქართველოს შესაძლებლობებისა - ნავთობსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მეორეს მხრივ კი, ამერიკისაგან განსხვავებით, გლობალური ამბიცია არ აწუხებთ და იოლად შეუძლიათ შეელიონ გეოპოლიტიკურ დივიდენდს: კონკრეტული ეკონომიკური მოგების სანაცვლოდ რუსეთი არათუ მზად არის ააგოს ახალი ნავთობსადენი (ჩეჩნეთის შემოვლით) და უზრუნველყოს ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის ზღვით - ასტრახანამდე, არამედ ზარალზეც კი მიდის, ოღონდ კი მილსადენმა საქართველოზე არ გაიაროს.

მერიდიანი, 22 სექტემბერი, 1997 წ.
   

მთელ გვერდზე