თამაზ ნადარეიშვილი «იქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს»
   

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი ყოველთვის (ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე) იმეორებდა, რომ აფხაზეთის პრობლემა მოლაპარაკებებით ვერ გადაწყდება. ეს განცხადება მაშინ ბევრს ნერვებს უშლიდა და ახლაც მრავალს აღიზიანებს, თუმცა წარმოუდგენელია, არ ვაღიაროთ ნადარეიშვილის სამართლის უმთავრესი პოსტულატი. პოლიტიკაში არსებობს სიტუაცია, როდესაც პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ძალითაა შესაძლებელი. ლაპარაკი იმის თაობაზე თითქოს «მშვიდობიანი მოლაპარაკება ბოლოს და ბოლოს შედეგს გამოიღებს», დემაგოგიაა და სხვა არაფერი. ეს რომ ასე იყოს, კაცობრიობის ისტორიაში ომები, ალბათ, საერთოდ აღარ იქნებოდა, არც დამპყრობლური და არც თავდაცვითი. 1992-1993 წლების შედეგად აფხაზებმა მიაღწიეს იმას, რაზეც სულ ათიოდე წლის წინ სიზმარში თუ ბედავდნენ ოცნებას. ბუნებრივია, უდიდესი მხსვერპლის ფასად მოპოვებულ გამარჯვებას, ქართველთა გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგებს ისინი არ დათმობენ. «დიალოგი» კი შეიძლება მეორედ მოსვლამდეც გაგრძელდეს. ამასწინათ ჟენევაში კვიპროსის თაობაზე თურქულ-ბერძნული მოლაპარაკება შედგა. ეს ორასმეცხრამეტე რაუნდი ყო. თუ კვიპროსელი ბერძნები ძალას ვერ მოიკრებენ და სეპარატისტებს (კვიპროსის თურქ სეპარატისტებს - ლ.წ.), ვერ აიძულებენ დათმონ ის, რაც 1972 წელს თურქული არმიის დახმარებით მოიპოვეს, მოლაპარაკებათა რაუნდების რიცხვმა შეიძლება ათასსაც მიაღწიოს და ათიათასსაც, მაგრამ მაინც არაფერი გამოვა.
    ზემოთქმულის მიუხედავად, თამაზ ნადარეიშვილის მოწოდებები აფხაზეთში ახალი ომის გაჩაღების თაობაზე მოკლებულია რაციონალურ საფუძველს. საქართველოს რომ შეეძლოს  პრობლემის ომით გადაწყვეტა, აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებულ ძალთა შეყვანის წინააღმდეგი ნამდვილად არავინ იქნებოდა, მაგრამ საქმე სწორედ ძალშაია, ანუ, უფრო ზუსტად, ძალის ნაკლებობაში. წარმოუდგენელია, თამაზ ნადარეიშვილს ეკამათო იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებებით არაფერი გამოვა, მაგრამ მას, თავის მხრივ, მაინც სურს დაამტკიცოს, რომ ომი ერთადერთი გამოსავალია და მიაჩნია: საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა აქვთ, ძალის მეშვეობით გადაწყვიტონ პრობლემა. ქვეყნის პრეზიდენტი კი ამ საკითხზე სხვაგვარად ფიქრობს. ისევე, როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი. მიუხედავად არმიის მშენებლობაში ერთგვარი პროგრესისა, აფხაზეთის პრობლემას სხვა დონისა და შინაარსის ძალა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ხანგრძლივ, მომქანცველ, სისხლისმღვრელ პარტიზანულ ომს. ასეთი ომი კი საქართველოს ეკონომიკური აღორძინების, «ევრაზიულ დერეფნად» ქცევის იმედებს საბოლოოდ დაასამარებს. ყველაზე საეჭვო სწორედ ეს არის: ხომ შეიძლება ისე მოხდეს, საქართველომ ვერც აფხაზეთი დაიბრუნოს და ვერც სტაბილურობა შეინარჩუნოს?! საერთო (გეოპოლიტიკური) ფონი აფხაზეთის გარშემო არ შეცვლილა. პირიქით, გარკვეული თვალსაზრისით იგი კიდეც დამძიმდა, ვინაიდან ომის განახლების შემთხვევაში «ნავთობსადენის სტაბილურობით» დაინტერესებული ვაშინგტონი დაგმობს საქართველოს ქმედებას. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, თამაზ ნადარეიშვილის გაკიცხვა მაინც უსამარლთობა იქნებოდა. იგი სიმართლეს ამბობს. «აფხაზეთის პრობლემა მშვიდობიანად ვერ გადაიჭრება». მაგრამ ეს ხელისუფლებისთვის ომის განახლებას არ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, ფართომაშსტაბიანი ომისა მაინც. მეორე მხრივ, ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია (ან უნდა შეძლოს) გააძლიეროს ის პარტიზანული რაზმები, რომლებიც ამჟამად იბრძვიან აფხაზეთის ტერიტორიაზე. «მცირე ინტენსივობის» სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში შეიძლება დროთა განმავლობაში უფრო ეფექტურიც აღმოჩნდეს, ვიდრე ფართომაშსტაბური საომარი მოქმედება.

მერიდიანი, 1 ოქტომბერი, 1997 წელი

მთელ გვერდზე