პოლიტიკური ელიტა ახალ მსხვერპლს ეძებს

    პარლამენტის სხდომაზე ირინა სარიშვილ-ჭანტურიას გამოსვლა, რომელშიც მან კვლავ დაადანაშაულა საქართველოს უშიშროების მინისტრი (ამჯერად შოთა კვირაია) რუსული სპეცსამსახურის აგენტობაში, ძნელია მხოლოდ პოლიტიკურ მოვლენად მივიჩნიოთ. უფრო სწორად, ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, ჰქონდა პოლიტიკური მოტივაციაც, მაგრამ ამაზე მეტად იგი მთლიანად ქართული საზოგადოების კრიზისს გამოხატავს.
    ქართველ პოლიტიკოსთა განსაკუთრებული ნიშან-თვისება ერთგვარი, სასოწარკვეთილი «ბორიაყი» ხდება იმ ისტორიულ ჩიხში, რომელშიც (მათივე ძალისხმევით) ქვეყანა აღმოჩნდა ბოლო რამდენიმე წლის მოვლენათა შედეგად. იქმნება განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას, უნიკალური ვითარება, როდესაც ქვეყნის ორიენტაციითა და საგარეო-პოლიტიკური კურსით სისხლხორცეულად დაინტერესებულ გარეშე ძალას თითქმის აღარც სჭირდება პროცესებში «ჩარევა» სასურველი მიმართულებით მის წარსამართად, - ქართველ პოლიტიკოსთა სასოწარკვეთა თავისთავად ასრულებს ამ ფუნქციას: შოთა კვირაია ისევე არ არის რუსული ფსბ-ს აგენტი (ამ ცნების ჩვეულებრივი გაგებით), როგორც იგორ გიორგაძე არ ყოფილა რუსეთის ფსკ-ს ან გრუ-ს შტატიანი წარმომადგენელი საქართველოში. ვგულისხმობ ფორმალურ მხარეს.
    სხვა საკითხია, რამდენად შეესაბამებოდა მათი პოზიცია კრემლის მესვეურთა განზრახვასა და რუსეთის ობიექტურად არსებულ ინტერესებს. იგორ გიორგაძეც ქართული პოლიტიკური ელიტის «ბორიაყს» შეეწირა - იგი მხოლოდ იმიტომ აქციეს ცნობილი შეთქმულების «მთავარ» გმირად, რომ ამ შეთქმულების მსხვერპლთ ხელს არ აძლევდათ ჭეშმარიტი გმირის - ჯაბა იოსელიანისა და «მხედრიონის» დასახელება, რაკი ხალხს კარგად ახსოვდა, რომ ეს მონსტრი მათივე შექმნილი იყო!
    იმ დროს პირველად წარმოჩინდა ახალი ქართული პოლიტიკის უმთავრესი თვისება: პასუხისმგებლობის ტოტალური გადანაწილება და მისი პერსონალურად თავიდან აცილების მცდელობა: არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დამნაშავე, მთავარია - ვის დაბრალდება.
    მაგალითად: არა აქვს მნიშვნელობა, ვის გამო დაეცა სოხუმი, ან დაეცემოდა თუ არა იგი ნებისმიერ შემთხვევაში (ანუ შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება). მთავარია, მმართველმა ელიტამ აიცილოს თავიდან პასუხისმგებლობა - დღეს «გარეშე» («ელიტის გარეშე») მტერი აღარ არსებობს, ამდენად, იგი იძულებულია, საკუთარ წიაღშივე ეძებოს მსხვერპლი.
    ქართული პოლიტიკური ხომალდი ემსგავსება შიმშილით გათანგულ მეზღვაურთა ნავს, რომელიც გემის ჩაძირვის შემდეგ პატარა ნავით უმიზნოდ დახეტიალობს ოკეანის უკიდეგანო სივრცეში, ხოლო ბინადარნი კენჭს ყრიან ერთ-ერთი «თანამოძმის»... შესაჭმელად! აბა რა ქნან, შიმშილით ხომ არ დაიხოცებიან?! ოკეანეში ჩაკარგულ გემზე ხომ აღარც მორალია და აღარც «ქრისტესმიერი სიყვარული».

    ირინა სარიშვილი-ჭანტურიას განცხადებას უცნაური შინაარსობრივი კონსტრუქცია აქვს: ამ განცხადების თანახმად, შოთა კვირაიამ სპეციალურად «დასვა» მოშიმშილეები «იმელის» შენობაში, რათა მიეღწია დესტაბილიზაციისთვის და ამით აეცილებინა თავიდან პასუხისმგებლობა. არცერთი სიტყვა თვით აფხაზეთის პრობლემაზე, არც ერთი სიტყვა მოშიმშილეთა მოთხოვნაზე რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ; არადა, საპარლამენტო დებატები ხომ სწორედ ამ საკითხს ეხებოდა? თუ ედპ-ს თავმჯდომარის ადრინდელ გამოსვლას გავიხსენებთ (იმავე თემაზე), ბევრი რამ ნათელი გახდება. მაშინ ირინა სარიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ აფხაზეთში ახალი ომის წამოწყება დაუშვებელია, ვინაიდან ეს ხელს შეუშლის (ჩაშლის) «ნავთობსადენის» პროექტის განხორციელებას. ამდენად, უნდა მოხდეს სამშვიდობო ძალების ჩანაცვლება და არა მათი გაყვანა. ამ მოთხოვნამ ლტოლვილთა განცვიფრება და აღშფოთება გამოიწვია: რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის ჯარები იდგებიან ენგურზე თუ თურქეთის, უკრაინის ან ამერიკის შეერთებული შტატების? - არავითარი! ყოველ შემთხვევაში, ლტოლვილებისთვის, რომლებიც მაინც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.
    იმდროინდელი რეაქცია სარიშვილს კარგად ახსოვს. ამდენად, ახლა იგივე თქვა, ოღონდ სხვა ფორმით: პოლიტიკოსი თავს ვერ მისცემს უფლებას, პირდაპირ განაცხადოს, რომ მდგომარეობა უიმედოა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი მხოლოდ უფრო ღრმად შეგვიყვანს ჩიხში, მხოლოდ უფრო მეტად განამტკიცებს «გორდიასის კვანძს», რომლის გაკვეთის უნარი და ძალა საქართველოს არ აქვს. «ჭეშმარიტი» პოლიტიკოსი ამ შემთხვევაში სხვაგვარად მოიქცევა - საჭიროა, გააფთრებულ ბრბოს ვინმე მიუგდო დასაგლეჯად. შოთა კვირაია (მიუხედავად მისი იმიჯისა) საკმაოდ სუსტია, რათა რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს «მსხვერპლშეწირვას». იგი უფრო მშვიდად შეურიგდება ბედს, ვიდრე თავის დროზე იგორ გიორგაძე. ედპ-ს ლიდერის სიტყვებს კი მაგიური ძალა აქვს: მან ხომ ერთხელ უკვე «გაარტყა ათიანში». რატომ არ შეიძლება, ამჯერადაც მართალი იყოს? თუმცა, უმთავრესი საკითხი დღესაც (ისევე, როგორც 1994 წელს) ის კი არ არის, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ბრალდება - ფსბ-ს აგენტობაში, არამედ ის, თუ როგორ «გაფორმდება» ამჯერად მორიგი «შეთქმულება», ან, საერთოდ - შეესაბამებოდა თუ არა ახალი შეთქმულების ლეგენდა უმაღლესი ხელისუფალის ინტერესებს.
    ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ აფხაზეთი აქ აღარავის ახსოვს. მოშიმშილეებმა, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, მხოლოდ ქართველ პოლიტიკოსთა უაზრო და უმიზნო (ქვეყნისთვის უაზრო და უმიზნო) «ბორიაყის» მორიგ ეტაპს მისცეს დასაბამი - მათ უმრავლესობას ნამდვილად თავადაც კარგად ესმოდა ეს, მაგრამ «ექსტრემისტთა» შეკავების სხვა, უკეთესი ფორმა და საშუალება არ არსებობდა.
    «იმელის» აქციამ წარმატებით გამოუშვა «სისხლი» ისედაც ჯანდაცლილი სხეულიდან. ანუ ეს არ იყო პოლიტიკური (ხელისუფლების მიერ ორგანიზებული) აქცია, რომელიც მხოლოდ «ორთქლის გამოშვებას» ისახავდა მიზნად - გამწარებული და სასოწარკვეთილი ადამიანი საშიში ხდება. ამიტომ მისი რისხვა საჭირო მიმართულებით უნდა წარმართო ან ჯანისა და სისხლისგან დაცალო, რათა წინააღმდეგობა ვერ გაბედოს. აფხაზეთი კი სამუდამოდ იკარგება საქართველოსთვის.
    მოსკოვის მომავალ სამიტზე საქართველოს ხელისუფლება უეჭველად დაუჭერს მხარს სამშვიდობო ძალთა მანდატის გაგრძელებას - ან, ყოველ შემთხვევაში, მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შინაარსობრივად არაფერს შეცვლის, - ენგური კვლავ დარჩება «საზღვრად», ისევე, როგორც ლტოლვილები - «მესამე ძალად» პოლიტიკურ პაექრობაში.
    შოთა კვირაიას არ ეწევა იგორ გიორგაძის ბედი - დღეს სხვა ვითარებაა, უშიშროების მინისტრის მოხსნა (მით უმეტეს, უფრო «მკაცრი» ღონისძიება) ერთიანად დაშლის რუდუნებით ნაშენ პოლიტიკურ კონსტრუქციას. საეჭვოა პრეზიდენტმა თავად გამოიღოს პირველი აგური იმ შენობიდან, რომელსაც 1992 წლიდან აშენებდა. თუმცა, არ არის გამორიცხული, კვირაიას «დატუქსვა» მის ინტერესებშიც შედიოდეს, რათა «უშიშროების» შეფი მეტისმეტად არ გაამაყდეს და არ დაივიწყოს, რომ იგი მხოლოდ «გარემოების შედეგია» და არა საკუთარი ძალისხმევისა.
    ბაქოში ყოფნისას ედუარდ შევარდნაძეს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა: რა კომენტარს გააკეთებდით თქვენი უშიშროების მინისტრის გამონათქვამის თაობაზე, რომ საქართველოს მაჰმადიანური საფრთხე ემუქრება? ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც სულ ერთი საათით ადრე მოაწერა ხელი «ნავთობსადენის» თაობაზე მორიგ დეკლარაციას, უპასუხა: მე ვაგებ პასუხს მინისტრზე, მაგრამ ვერ ვაგებ პასუხს ინფორმაციაზე, რომელსაც მას მიაწერენ. ამ განცხადებას «ორმაგი ფსკერი ჰქონდა».
    «ნავთობსადენი» კი უკვე იქცა იმ პაროლად, რომლითაც სიბნელეში ბორიაყისას ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს ცნობენ.

7 დღე, 25 მარტი, 1997 წ.

მთელ გვერდზე