მსოფლიო ბანკი საქართველოს მკაცრ პირობებს უყენებს
   

    მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ კარგა ხნის წინ გამოაცხადა საქართველოში ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის დასაწყისი, ჯერჯერობით მისი პროგრამა სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი უწყების მიერ მომზადებული ფარატინა ქაღალდის დონეს არ გასცდენია.
    ისევე როგორც პირველ ეტაპზე, რეფორმის წარმატება უმთავრესად მაინც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კრედიტებზეა დამოკიდებული.
    «პირველ ეტაპზე» მათ პირნათლად (როგორც საერთოდ სჩვევიათ), შეასრულეს თავიანთი ვალდებულებანი და ჩვენს ქვეყანას მთლიანობაში ოთხას მილიონ დოლარამდე კრედიტი გამოუყვეს. ამ თანხამ საშუალება მისცა «ქართული რეფორმის მამებს» განეხორციელებინათ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, შემოეღოთ ეროვნული ვალუტა (ლარი) და მისი სიმტკიცე უზრუნველყოთ.
    ყოველივე ეს (როგორც პრეზიდენტმა თქვა: «ნურავის შეეშინდება, მაგრმა...») მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოა. ნამდვილი რეფორმა მეორე ეტაპზე უნდა დაიწყოს, როდესაც ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ღრმა სტრუქტურული გარდაქმნა განხორციელდა და მოხდება მონოპოლიათა დაშლა.
    მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, იოჰანეს ლინი საქართველოში ამ რეფორმის მოსამზადებლად ჩამოვიდა. მისი მიზანია განსაზღვროს, რამდენად მომწიფდა ქვეყანა ახალი კრედიტების მისაღებად და (რაც მთავარია) კისრულობს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას ახალი (გაცილებით რთული) ვალდებულებების შესრულებაზე.
    აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი ამჟამად სავალუტო ფონდზე მეტად აქტიურობს. ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათ ერთმანეთთან არც თუ თბილი დამოკიდებულება აქვთ და ხშირად არათუ კონკურენტებად, არამედ შეურიგებელ მოწინააღმდეგეებად გვევლინებიან. თანაც, მსოფლიო ბანკი უფრო კონსერვატიული ორგანიზაციაა.
    ამდენად საქართველოსადმი მისი განსაკუთრებული ინტერესი უეჭველად ნდობას ნიშნავს. სხვა კატეგორია ნამდვილი ბანკისათვის არც არსებობს. მისთვის მთავარი ნდობაა. საბედნიეროდ, პატერნალისტური პოლიტიკის მომხრეებმა და სხვა ჯურის «მემარცხენეებმა», მცდელობის მიუხედავად, ჯერჯრეობით, ამ ნდობის შერყევა ვერ შეძლეს.
    მაგრამ კონკრეტული მოთხოვნების შესრულება, რომელთაც საერთაშორისო ფინანსური ცენტრები საქართველოს ამჟამად უყენებენ, ძალიან დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.
    რეფორმათა პირველ (სტაბილიზაციის) ეტაპზე ყველაზე დიდი სიმძიმე მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენას აწვება. ამიტომ უწოდებენ მას «შოკურ თერაპიას». სამაგიეროდ, მეორე ეტაპზე იწყება ისეთი გარდაქმნა, რომელიც უფრო მეტად უკვე ჩამოყალიბებულ სამეურნეო და სამრეწველო სტრუქტურებს შეეხება. ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეული უდავოდ ე.წ. «ბუნებრივ მონოპოლიათა» განსახელმწიფოებრივება გახდება. მსოფლიო ბანკი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოყოფს კრედიტებს, თუ ისინი მოხმარდება ტრანსპორტის სრულ დემონოპოლიზაციას, სახელმწიფო საწარმოების აქციონირებას, აგრეთვე ენერგეტიკული სექტორის დაშლას, – ეს კი აუცილებლად გულისხმობს ათწლეულებით ჩამოყალიბებული ფინანსური ოლიგარქიების მოშლას. ისინი უეჭველად შეეცდებიან თავი დაიცვან, მოძებნონ პოლიტიკური პარტნიორები, მოიპოვონ სათანადო არგუმენტები და უბრძოლველად არ დათმონ პოზიცია.
    ამრიგად, რეფორმათა მეორე ეტაპი ხელისუფლებისათვის უფრო დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ვიდრე პირველი.
    თანაც, თუ ადრე კრედიტები ძირითადად მოსახლეობის «დაუცველი ფენის» თუნდა ირიბ მხარდაჭერას გულისხმობდა და ამით რბილდებოდა წინააღმდეგობა, ამჯერად ფინანსურ ოლიგარქიას სოციალური ცენზისა და მდგომარეობის დაკარგვა უფრო აწუხებს, რადგან მატერიალურად არაფერი უჭირს.
    ამ წინააღმდეგობის დაძლევას ხელისუფლება ალბათ იმით შეეცდება, რომ სტრუქტურული რეფორმის პროცესში კრედიტორებს აქციათა საკონტროლო პაკეტის სახელმწიფოსათვის დატოვებას სთხოვს.
    რეფორმების პირველ ეტაპზე საქართველო იმდენად «დამჯერე» და «მორჩილი» იყო, რომ მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი შესაძლოა ამ დათმობაზეც წავიდეს.

მერიდიანი, 3 ნოემბერი, 1997 წ.

მთელ გვერდზე