კიდევ ერთი მესია?
   

   

    ვინმე სოფრომაძის მიერ საქართველოში გაშლილი «მჩქეფარე საქმიანობა» სევდიან ფიქრებს აღძრავს ნებისმიერ ჭკუათმყოფელ ადამიანში. ერთი შეხედვით გასაკვირი არაფერია, მაგრამ ტიპი ჯერ კიდევ შესანიშნავმა სატირულმა წყვილმა, ილფმა და პეტროვმა აღწერა თავის რომანში.
    გახსოვთ ალბათ, ოსტაპ ბენდერი მსოფლიო მნიშვნელობის საჭადრაკო ტურნირის ორგანიზებას რომ ჰპირდებოდა «პირდაფჩენილ» ვასიუკელებს. ამ ტურნირის შემდეგ პატარა დაბა ვასიუკი რუსეთის «ახალ დედაქალაქად» უნდა ქცეულიყო - ათმილიონიანი მოსახლეობით, ცათამბჯენებით, აეროდრომებით, სამრეწველო გიგანტებით და ა.შ. ყოველივე ეს ოსტაპ ბენდერსა და მის განუყრელ მეგობარ კისა ვორობიანინოვს ოციოდე მანეთის შოვნისთვის დასჭირდათ.
    სოფრომაძე ოსტაპ ბენდერს, რასაკვირველია, არაფრით ჰგავს. არც «დავით აღმაშენებლის» საზოგადოება შეედრება კომპანია «რქებსა და ჩლიქებს», რომელიც მიბეგვას გადარჩენილმა ოსტაპ ბენდერმა დააარსა «გაიძვერული ეპოპეის» მეორე წიგნში.
    დღევანდელ მდგომარეობას ერთმა ქართველმა მწერალმა «მხსნელი ძიების» ხანა უწოდა. ხალხს დასჭირდა და «მხსნელიც» ფუღუროდან გამოვარდა. რა უნდა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას, საქართველოს ქცევას მილიონერთა ქვეყნად? არაფერი! საკმარისია მხოლოდ მცირე მონდომება და ერთგვარი «საერთაშორისო ლატარეის» გათამაშება. გახსოვთ ალბათ, თბილისში ერთ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა «უნგრეთიდან შემოსული თამაში». წესდების თანახმად, თითოეულ მოთამაშეს, რომელსაც თანხა უნდა გადაერიცხა გარკვეულ მისამართზე, თავად ევალებოდა, ეპოვა ოთხი სხვა მოთამაშე. მათაც, თავის მხრივ, ოთხი ახალი მოთამაშე უნდა ჩაერთოთ თამაშში და ა.შ. სამაგიეროდ, სამი-ოთხი თვის შემდეგ თამაშის თითოეულ მონაწილეს რიგ-რიგობით კარგი მოზრდილი თანხა დაუჯდებოდა ანგარიშზე. «უნგრულმა სისტემამ» არ გაამართლა - თამაში ბლეფი აღმოჩნდა, მაგრამ გაბრიყვებული თბილისელები იხტიბარს არ იტეხდნენ და ფულის მოპარვას ფოსტის თანამშრომლებს აბრალებდნენ.
    სოფრომაძე, როგორც ჩანს, დიდი ნაბრძოლი კაცია - ეს ყველაფრიდან აშკარაა, მათ შორის, გარეგნობიდანაც. მაგრამ რუსეთში ბოლო დროს «რთული» ვითარება შეიქმნა. თუ ოციან წლებში მარტოხელა ბენდერი (კისას სათვალავში ვერ ჩავაგდებთ) ადვილად ყვლეფდა გულუბრყვილო რუსებს. დღეს მის თანამემამულეთ «მუშაობა» გაურთულდათ, რაკი რუსები თავადაც გაეშმაკდნენ და ფულის თვლა ისწავლეს.

მთელ გვერდზე