«ზვიადისტური მოძრაობა» ახალ მიჯნაზე
   

    მერაბ კოსტავას გარდაცვალების 8 წლისთავთან დაკავშირებით ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მიერ ორგანიზებულმა «მრისხანე» მსვლელობამ ძალზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო პრეცედენტი შექმნა. ესოდენ მასშტაბური აქცია (თუ არ ჩავთვლით ლტოლვილთა მიტინგს) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში თბილისში საერთოდ არ ჩატარებულა. ნიშანდობლივია, რომ ამ «საპრეცედენტო» აქციის ორგანიზატორი გახდა ექსპრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე. მან შეძლო ის, რასაც მისი წინამორბედები ვერ ახერხებდნენ. მიუხედავად პოლიციასთან მკვეთრი დაპირისპირებისა, აქციამ მაინც მიაღწია შედეგს. დაფიქსირდა პოლიციის სრული უძლურება: იმ თვალსაზრისით, რომ ამიერიდან პოლიცია მხოლოდ «ზღუდის» როლს თუ შეასრულებს, მაგრამ მომიტინგეთა დარბევას ვეღარ გაბედავს.
    მანანა არჩვაძისათვის ეს მომგებიანი და სასარგებლო იქნებოდა სხვა თვალსაზრისითაც მერაბ კოსტავა, რა თქმა უნდა, მხოლოდ «ზვიადისტებისათვის» არ ყოფილა ღირსპატივცემული და მარადსახსოვარი, მაგრამ ამ აქციაზე არსად ჩანდნენ ირაკლი წერეთელი, თამარ ჩხეიძე ან «ეროვნული» ორგანიზაციების სხვა ლიდერები. მაშასადამე, მერაბ კოსტავას ხსოვნა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა პრიორიტეტი ხდება, რაც უეჭველად აძლიერებს მათ ავტორიტეტსა და გავლენას ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე. მეორეს მხრივ, ამ დღეს არც სხვა «ზვიადისტური» ორგანიზაციები აქტიურობდნენ მაინცდამაინც, მაშასადამე, ქალბატონმა მანანამ მათთან შედარებითაც მოიპოვა უპირატესობა.
    ძნელი შესამჩნევი ნამდვილად არაა, რომ ზვიად გამსახურდიას ქვრივის სამშობლოში დაბრუნებით «მოძრაობამ» ახალი სტიმული შეიძინა და შინაარსობრივადაც შეიცვალა. მანანა არჩვაძე ყველაზე რადიკალური დაჯგუფების ინტერესთა გამომხატველი ხდება და არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში ხელისუფლება დადგეს არცთუ სასურველი დილემის წინაშე: შეურიგდეს ახალი საპროტესტო ტალღის «აგორებასა» და თანდათანობით «აზვირთებას» ან გაატაროს რეპრესიული ზომები «ზვიადისტთა» წინააღმდეგ, რაც დღევანდელ პირობებში უკვე სულ სხვაგვარ გავლენას იქონიებს საზოგადოების თუნდაც «მაღალი წრის» განწყობაზე, ვიდრე ოთხი-ხუთი წლის წინ. როგორც ჩანს, თვით ხელისუფლებაში რამდენიმე შეხედულება ებრძვის ერთმანეთს. პროკურატურა და მთლიანად სამართალდამცავი ორგანოები «მტკიცე» მოქმედების მომხრენი არიან. მათ უკვე დააპატიმრეს «ზვიად განმათავისუფლებელის» პარტიის თავმჯდომარე ლეილა ცომაია და მისი ლტოლვილი თანამოაზრე, რომელმაც «პრეზიდენტისათვის შეურაცხმყოფელი პლაკატი» გამოიტანა ერთ-ერთ მიტინგზე (მათ ბრალად «ბოროტი ხულიგნობა» ედებათ).
    ამავე დროს რეპრესიათა გაძლიერება მთლიანობაში ხელისუფლებას არ უნდა აძლევდეს ხელს, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში ეს ფაქტორი პოლიტიკურ არგუმენტად იქცევა ოპონენტთა ხელში - განურჩევლად იმისა, თვით «ოპოზიციონერები» როგორ არიან განწყობილნი მანანა არჩვაძისა და «ზვიადისტური» მოძრაობის მიმართ. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი (ზემოთქმულიდან გამომდინარე): «ქუჩის ოპოზიცია» მხოლოდ ეს მოძრაობა ხდება. ყველა ის პარტია, რომელიც 1995 წლის 5 ნოემბრის შემდეგ პარლამენტს გარეთ აღმოჩნდა, საერთოდ კარგავს პოლიტიკურ ნიშანს, ვინაიდან პოლიტიკური ორგანიზაცია ან პარლამენტში უნდა იყოს, ან, ქუჩაში, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ამრიგად, მანანა არჩვაძე თანდათანობით «გამოდევნის» პოლიტიკური სპექტრიდან აქამდე აქტიურ «პარტიებს». არც ისაა გამორიცხული, რომ ამან კიდევ უფრო განამტკიცოს დღევანდელი ხელისუფლების ძალაუფლება, ვინაიდან ორჯერ შესვლა ერთსა და იმავე მდინარეში შეუძლებელია.
    მერიდიანი, 17 ოქტომბერი, 1997 წელი
  

  მთელ გვერდზე