ლარსში რუსეთმა უკან დაიხია
   

    მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის აქცია დარიალის ხეობაში, საკმაოდ მნიშვნელოვანი და ჭკუისსასწავლებელი გამოდგა პოლიტიკური თვალსაზრისით.
    «მოქალაქეთა კავშირის» ლიდერებმა (იმ ლიდერებმა, რომლებმაც ეს აქცია დაგეგმეს - საეჭვოა, ამ საქმეში ედუარდ შევარდნაძე ჩარეულიყო) სწორად გათვალეს, რომ საქართველოს სამხედრო გზაზე მოწყობილი პიკეტი აიძულებდა, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთ, მათთვის ძალზე არასასურველი არჩევანი გაეკეთებინათ.
    საქართველოში მოქმედი პარტიების უმრავლესობამ მცდარი ტაქტიკა აირჩია: ისინი შეეცადნენ, გამიჯვნოდნენ «მოქალაქეთა კავშირის» აქციას, რათა არ მიეღოთ მმართველი პარტიისათვის «ქულების დაწერის» საშუალება; მაგრამ ამ შემთხვევაში ნებისმიერი ნეგატიური შეფასება მაინც «მოქალაქეების» წისქვილზე ასხამდა წყალს, ვინაიდან, დარიალის ხეობაში მოწყობილი მანიფესტაცია თავისთავად საქართველოს ინტერესების დასაცავად იყო ორგანიზებული და ამის უარყოფა შეუძლებელი აღმოჩნდა.
    ერთადერთი, მეტ-ნაკლებად სერიოზული და ანგარიშგასაწევი არგუმენტი ის იყო, რომ მმართველ პარტიას სხვა საშუალებები და მექანიზმები უნდა გააჩნდეს ამგვარი პრობლემების გადასაწყვეტად, მაგრამ ეს არგუმენტიც მხოლოდ ნაწილობრივ წყვეტს ოპოზიციის პრობლემას, რომელსაც იგი მისთვის სრულიად მოულოდნელად წააწყდა: აქცია ახალგაზრდული კავშირის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო ახალგაზრდებს ბევრი რამ ეპატიებათ - ისინი იმიტომაც არიან ახალგაზრდები, რომ ბრძოლის არაორდინარულ ხერხებს მიმართავენ და ეს ხერხები სრულიადაც არ ლახავს, ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის ავტორიტეტს.
    სხვა საქმე ექნებოდა, მიტინგი და დემონსტრაცია ლარსთან თვით «მოქალაქეთა კავშირს» რომ მოეწყო. ამიერიდან ოპოზიციის ნებისმიერი აქცია თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქში რუსეთის საწინააღმდეგოდ - აბსურდულ იერს შეიძენს. დაისმება კითხვა: სად იყავით დარიალის აქციის დროს?!
    თბილისში რუსის ჯარი უფლებამოსილებას ნაწილობრივ მოკლებულია და, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მისი მხრიდან «9 აპრილის» განმეორება, დარიალის ხეობაში კი ნამდვილად შესაძლებელი იყო რუს სალდათებს (სპეცნაზელებს) ცეცხლი გაეხსნათ და ახალგაზრდები დაეხოცათ.
    უფრო მეტიც - გარკვეული თვალსაზრისით ეს მომგებიანიც იქნებოდა რუსეთისთვის, ვინაიდან გამოიწვევდა შიდა პოლიტიკური ვითარების გამწვავებას, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა მმართველ პარტიას და უშუალოდ ედუარდ შევარდნაძეს.
    ამრიგად, აქციის მონაწილენიც და მისი ორგანიზატორებიც დიდ რისკზე წავიდნენ. თუმცა, ჯერ კიდევ ნაპოლეონის ეპოქაში ამბობდნენ, რომ «ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამსო». «ახალგაზრდა მოქალაქეებმა» და მმართველი პარტიის ახალგაზრდა ლიდერებმა სერიოზულად გარისკეს და კიდეც გაიმარჯვეს.
    რუსეთის ვიცე-პრემიერ ვალერი სეროვის ხელისმოწერა დოკუმენტზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 1 ივნისისათვის არსებული მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს, მართლაც საქართველოს პოლიტიკური წარმატებაა. ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა იმას, რუსი მესაზღვრეები შეასრულებენ ხელშეკრულებას თუ არა: მთავარია, რომ სეროვის პირით რუსეთმა აღიარა საქართველოს სიმართლე ამ საკითხში და ვალდებულებაც იკისრა, აღადგინოს კონფლიქტის დაწყებამდე არსებული ვითარება.
    თუ რუსეთი ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, - მით უარესი მისთვის. ამით კიდევ ერთხელ დაფიქსირდება რუსეთთან ნებისმიერი ხელშეკრულების, ნებისმიერი მოლაპარაკების უაზრობა, რაც უფრო წამგებიანია კრემლისთვის. საქართველო ხომ მისი ერთადერთ პარტნიორი არ არის. სხვებიც გაფაციცებით ადევნებენ თვალყურს მოვლენათა განვითარებას, ანუ ყველაფერს, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული.
    საქართველო ისევ, უკვე მერამდენედ 1988-89 წლებიდან, იმპერიისა და იმპერიული ამბიციის წინააღმდეგ მებრძოლთა ავანგარდშია - იგი ამ თვალსაზრისით «მეწინავეს» როლს ასრულებს. არც ისე ადვილი სათქმელია - კარგია ეს თუ ცუდი, რუსეთთან დაპირისპირებამ მართლა ბევრი ზიანი მოგვიტანა, მაგრამ ზოგჯერ დაპირისპირება გარდაუვალი იყო, გარდა ამისა, დღევანდელი კონფლიქტით საქართველომ მსოფლიოს თვალწინ ისიც დაადასტურა, რომ იგი არ არის ტაჯიკეთი. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყოველნაირად ცდილობენ, საქართველო და ტაჯიკეთი ერთ კონტექსტში ახსენონ. გარეგნული მსგავსება მართლაც არსებობს. ორივე ქვეყნის გარე საზღვრებს რუსეთი იცავს. მაგრამ დარიალის კონფლიქტმა დაადასტურა, რომ მდგომარეობა შინაარსობრივად მაინც განსხვავებულია - წარმოუდგენელია, ტაჯიკეთის მმართველმა პარტიამ ასეთი აქცია მოაწყოს რუსეთის წინააღმდეგ.
    მაშასადამე, საქართველომ ყველას აგრძნობინა: არცთუ შორეულ მომავალში იგი რუსეთის სასაზღვრო ჯარების გაყვანის საკითხსაც წამოჭრის, - ყოველ შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნა შეუძლებელი და «ფანტასტიკური» უკვე აღარ არის.
    ამით ოფიციალური თბილისის შედარებითი დამოუკიდებლობაც დასტურდება მოსკოვისაგან. ოპოზიციას კი წაერთვა «ანტირუსული ლოზუნგების» მონოპოლიზების საშუალება. საქართველოდან «რუსის ჯარის გაყვანის» მოთხოვნა უკვე მხოლოდ მისი პრიორიტეტი აღარ არის. ოპოზიციის დამოკიდებულება დარიალის აქციისადმი (ზოგადად) იმის მაჩვენებელია, რომ 1988 წლიდან დღემდე, სამწუხაროდ, პოლიტიკური კულტურის დონე საქართველოში ოდნავადაც არ ამაღლებულა. ისევე, როგორც «ადგილობრივი თვითმმართველობის კანონზე» მსჯელობის დროს, ამჯერადაც ოპოზიციას არ სურს დაიჯეროს, შეურიგდეს აზრს, რომ პოლიტიკაში ზოგჯერ მმართველი პარტიის მერკანტილური ინტერესები ემთხვევა ქვეყნის ობიექტურ ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
    აქედან გამომდინარე, არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა «მოქალაქეთა» მოტივს (ქულების ჩაწერის სურვილი და ასე შემდეგ). მთავარია ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრა ამ ინტერესთან. ამიტომ ოპოზიცია ყოველთვის მმართველი პარტიის გვერდით უნდა დადგეს, როცა ასეთი თანხვედრა თვალნათელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, განმეორდება ის, რაც ერთხელ უკვე მოხდა: ოპოზიციის მერკანტილური ინტერესი დაემთხვა მტრის ინტერესს - ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
    მაგალითად, დარიალის აქციის შემდეგ რუსული პრესა კმაყოფილებით აღნიშნავდა: «მმართველი პარტიის პროვოკაციულმა აქციამ პარლამენტში ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვიაო». არ აკონკრეტებდნენ, რით იყო გამოწვეული ეს აღშფოთება და რა შინაარსი ჰქონდა - მთავარი მათთვის გახლდათ ფაქტი: ოპოზიციამ დაგმო «ანტირუსული» აქცია და ამით (იგულისხმება) «აღიარა რუსეთის სიმართლე».
   
   
   

ბიუჯეტის მოწინააღმდეგენი სასტიკად დამარცხდნენ
   

    1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას პარლამენტში ორი თავისებურება ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, ახალმა ფინანსთა მინისტრმა (მიხეილ ჭკუასელმა) გასული წლებისგან განსხვავებით, მოახერხა «ბიუჯეტის შესახებ კანონის» დროულად შეტანა პარლამენტში განსახილველად, რითაც ოპოზიციას წაერთვა საშუალება, გამოეყენებინა მთავრობის წინააღმდეგ უკვე აპრობირებული ხერხი და არგუმენტი.
    გარდა ამისა, საბოლოო კენჭისყრამ დაადასტურა: პარლამენტში არსებობს მყარი უმრავლესობა («მოქალაქეთა» კავშირი, «იმედი», «მამული»), რომელსაც ნებისმიერი საკითხის «გატანა» შეუძლია. მაშასადამე, წლევანდელი «იმედები» იმისა, რომ უმრავლესობა პარლამენტში დაიშლებოდა, არ გამართლდა. უმრავლესობამ ორგანული კანონებიც დროულად მიიღო და ბიუჯეტიც. მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად კი, ბიუჯეტი არის ერთადერთი ბერკეტი, რომლის მეშვეობით ოპოზიციას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს მთავრობის პოლიტიკაზე. წინა პარლამენტში ბიუჯეტი მთავრობის გადაყენების მექანიზმად და საშუალებად იქცეოდა. ხოლმე. ერთხელ ამგვარმა ტაქტიკამ წარმატებაც კი მოუტანა ოპოზიციონერებს. თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ თენგიზ სიგუას გადაყენებას შინაგანად სახელმწიფოს მეთაურიც ეთანხმებოდა.
    მომავალი წლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ხარჯები უნდა განსაზღვრულიყო წლევანდელი ბიუჯეტის შესაბამისად. მაშასადამე, ბიუჯეტის «ჩავარდნა» მაინც ვერ შეუქმნიდა «სამკვდრო-სასიცოცხლო» საფრთხეს შევარდნაძის გუნდს. თუმცა, რასაკვირველია, არასასიამოვნო იქნებოდა და ვითარებასაც დაძაბავდა პარლამენტში.
    თვით ბიუჯეტი, მიუხედავად დეკლარირებული სოციალური მიმართულებისა, თვისებრივად კვლავ მონეტარისტულია და პროგრესისტული, ანუ უპირველესად ითვალისწინებს რეფორმათა ტემპის შენარჩუნების აუცილებლობას. ალბათ, ეს გამართლებულიცაა, ვინაიდან სოციალური სფეროს დაფინანსების ზრდამ შეიძლება «ჩაკეტილ წრეში» შეგვიყვანოს. ინვესტირების (სახელმწიფო ინვესტიციების გამოყოფის) გარეშე საბოლოოდ ვერც მოსახლეობის ცხოვრების დონეს ავამაღლებთ, ვერც მრეწველობას (ზოგადად - წარმოებას) განვავითარებთ. როგორც ჩანს, აქ ისევ და ისევ ზემოთ ხსენებულ პარადოქსთან გვაქვს საქმე. ბიუჯეტი საქართველოში უპირველესად პოლიტიკური არგუმენტია და მხოლოდ შემდეგ ეკონომიკური თუ სოციალური კურსის განმსაზღვრელი დოკუმენტი. რაც დადასტურდა კიდეც საბიუჯეტო თემაზე გაშლილი დებატებისას - ის პარტიები, რომლებიც თავს «მემარცხენეებად» მიიჩნევენ, რატომღაც იმავე მხრიდან უტევდნენ ბიუჯეტს, საიდანაც «სოციალისტები» და «ლეიბორისტები», ანუ მას «არასაკმარისად სოციალისტურად» მიიჩნევდნენ.
    ეს უცნაურობა უმალვე შენიშნა ვახტანგ რჩეულიშვილმა და პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლისას სიხარულით აღნიშნა: მემარჯვენედ წოდებული პარტიებიც კი ჩვენს მხარეს დგებიანო. განცხადება, ამ უკანასკნელთ, რა თქმა უნდა, არ მოეწონათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. საქართველოში არ არსებობს (თუკი საეროთდ არსებობდა სადმე ოდესმე) საზოგადოებრივი ატმოსფერო ჭეშმარიტად რადიკალური ლიბერალური რეფორმის გასატარებლად.
    მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ლამის შიმშილობს, ვერ უძლებს სოციალურ გაჭირვებას, აშკარად იტანჯება და, რა თქმა უნდა, ვერც გაუბედავ იმის თქმას, რომ ეს რეფორმები გარდაუვალია, ისევე, როგორც აუცილებელია ქირურგის მტკივნეული ჩარევა დაავადებული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
   

ჩეჩნეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა?
   

    იჩქერიის წარმომადგენლის დანიშვნამ აფხაზეთში ქართული საზოგადოება არ უნდა განაცვიფროს. გასაკვირი ის იქნებოდა, სხვაგვარად რომ მომხდარიყო და ჩეჩნები მართლაც გულწრფელნი აღმოჩენილიყვნენ «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის» აღიარებისას.
    არაერთ დამკვირვებელს აღუნიშნავს, რომ ჩეჩნების განცხადებები «საქართველოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის» თაობაზე სიყალბეა და სხვა არაფერი. ჩეჩნები პრაგმატიკოსები არიან - მათ სჭირდებათ ჩვენი ქვეყანა, როგორც მსოფლიოსთან დამაკავშირებელი ხიდი და ამ ხიდის მოსაპოვებლად ნებისმიერ განცხადებას გააკეთებენ. მაგრამ შინაარსით ჩეჩნებს (ისევე, როგორც აფხაზებს) არ შეიძლება საქართველო უყვარდეთ და პირიქით - ერთმანეთის მიმართ არ ჰქონდეთ სიმპათიები. თავი დავანებოთ პოლიტიკოსთა (არძინბასა და მასხადოვის) განცხადებებს, მათი სიტყვები ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მოცემულ მომენტში, შექმნილ ვითარებაში ასე სჭირდებათ მიზნის მისაღწევად. მაგრამ ჩეჩნებსა და აფხაზებს სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ. წინააღმდეგობა მათ შორის ტაქტიკური, დროებითი ხასიათისაა. სტრატეგიულად კი, ისინი მოკავშირეები არიან, რასაკვირველია, ძნელი იქნება ეს შეაგნებინო იმ ადამიანს, რომელსაც დღემდე გულუბრყვილოდ სჯერა: «ჩეჩნები არძინბას ვერ იტანენ, ვინაიდან აფხაზეთს რუსული ორიენტაცია აქვსო». სინამდვილეში, მასხადოვმა შესანიშნავად უწყის, რომ არანაირი «პრორუსული» ორიენტაცია (სტრატეგიული და არა ტაქტიკური თვალსაზრისით) აფხაზებს არა აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ. ჩეჩნებმა და აფხაზებმა მე-19 საუკუნეში ყველაზე დიდხანს იბრძოლეს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. 1866 წლის აფხაზეთის აჯანყება იყო უკანასკნელი აქტი დიდი კავკასიური ომისა, რომელიც 1818 წელს დაიწყო. აფხაზებსაც და ჩეჩნებსაც საქართველო ერთნაირად სძულთ, ვინაიდან კარგად ახსოვთ, რომ სწორედ საქართველომ «შემოიყვანა» რუსეთი კავკასიაში 1783 და 1801 წლებში, რითაც დაიწყო კავკასიელი მთიელების ტრაგედია.
    ამ თვალსაზრისით, ჩეჩნების, აფხაზების და სხვა კავკასიელი მთიელების ომი საქართველოს წინააღმდეგ 1992-93 წლებში იყო «სამაგიეროს გადახდა» იმისთვის, რომ საქართველომ, 200 წლის წინათ, რუსეთზე აიღო ორიენტაცია.
    აქედან გამომდინარე, უდიდესი გულუბრყვილობა იქნებოდა იმის იმედად ყოფნა, რომ მერკანტილური ინტერესი ჩეჩნებს აიძულებთ, დაუპირისპირდნენ აფხაზებს - ისინი სულიერად მონათესავე და ისტორიულად ახლობელი ხალხები არიან. ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ რუსეთის მიმართ, არც ჩეჩნეთს და არც აფხაზეთს არ სურს რუსეთის შემადგენლობაში ცხოვრება.
    უბრალოდ, აფხაზეთთან მიმართებაში ეს არ მჟღავნდება, ვინაიდან, რუსეთს იურიდიული უფლება ამ მიწა-წყალზე არ გააჩნია. თვით აფხაზეთში კი (ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვით) აფხაზეთის მოქალაქეებად თავი მოსახლეობის 94 პროცენტს მიაჩნია. მათ რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა სურდეთ, უეჭველად იტყოდნენ, «თავს აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეებად» ვთვლითო. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებს მასობრივად არ უომიათ ჩეჩნეთში - რუსეთის წინააღმდეგ, ჩეჩნებისთვის არც ესაა გადამწყვეტი მომენტი - მაგალითად, მათ სრულებითაც არ სწყინთ ინგუშებისგან, რომ ეს უკანასკნელნი არ აცხადებენ რუსეთისგან დამოუკიდებლობას. არადა, ინგუშებზე ახლობელი ხალხი ჩეჩნებს არც ჰყავთ. გარდა ამისა, რუსეთთან ომის დროს აფხაზებმა მაინც მოაწყვეს ერთი აქცია და თავიანთი დამოკიდებულება დააფიქსირეს: შავ ზღვაზე მოიტაცეს გემი «ავრასია», დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს ყველა თურქი, უკრაინელი, ბელორუსი თუ მოლდაველი, რომელიც ამ გემზე მგზავრობდა - დააპატიმრეს მხოლოდ (მიაქციეთ ყურადღება) რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები, ანუ რუსები და ქართველები.
    ჩვენი ქვეყნის ტრაგედია იმაშიც მდგომარეობს, რომ ჩვენგან განსხვავებით, არაგულწრფელი, ფლიდი და შურისმაძიებელი მტრები გვყავს, რომლებიც სათქმელს პირდაპირ არც არასდროს გვეტყვიან. ალბათ, მოვიდა დრო, მათ სიფლიდესა და პრაგმატიზმს ასეთივე თვისებებითა თუ ხერხებით დავუპირისპირდეთ.
   

ახალი ტერაქტი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ?
   

    ძნელი მისახვედრი არ არის, - თუ რუსეთში ან ნებისმიერ ქვეყანაში მართლაც მზადდება ტერორისტული აქტი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ (რაც სავსებით დასაშვები და სავარაუდოა) - ამჟამად იქმნება იდეალური პირობები ამგვარი თავდასხმის განსახორციელებლად.
    საქართველო მიუახლოვდა იმ მიჯნას, რომლის მიღმა უკვე «მართვადი ქაოსის» დოქტრინის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდება. საკმარისია, არჩეულმა ხელისუფლებამ გაიაროს კიდევ ერთი საარჩევნო ციკლი და ქვეყნის ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარებაც შეუქცევადი გახდეს. რუსეთის სპეცსამსახურებს, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში მოვლენების განვითარებას, ყველაზე მეტად ის «აწუხებთ», რომ ჩვენს ქვეყანაში თანდათანობით მთავრდება პოლიტიკური სპექტრის «დაწმენდის» პროცესი. იკვეთება «მყარი» უმრავლესობა და, ასევე «მყარი» ოპოზიციაც. თითოეულ მათგანს საკუთარი ამომრჩეველი და თქვენ წარმოიდგინეთ, სოციალური დასაყრდენიც კი აქვს. სხვა პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური დაჯგუფებები თუ პოლიტიკური კლანები თანდათან კარგავენ მხარდაჭერას ელექტორატის იმ ვიწრო სპექტრშიც კი, რომელიც უზრუნველყოფდა მათ არსებობას.
    მომავალ არჩევნებში «პარლამენტის მანდატებისათვის ბრძოლას» გააგრძელებს სულ რამდენიმე პოლიტიკური ძალა. მათ შორის დღეს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციაც. ამით «გაწონასწორდება» გარე, არასაპარლამენტო ოპოზიციის გავლენა. ყველა სოციალური ფენა შეეცდება, მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს დაუკავშირდეს და აღარ ითანამშრომლოს უთანასწორო პოლიტიკანურ დაჯგუფებებთან. «ქრონიკული გარე საპარლამენტო ოპოზიციონერები» საბოლოოდ ჩაიძირებიან ისტორიის მოუსავლეთში. ოლიმპზე დარჩება სამი-თოხი პოლიტიკური ძალა, რაც უეჭველად შექმნის სახელმწიფოებრივი მდგრადობის გარანტიებს, ვინაიდან უზრუნველყოფს «სტაბილური დემოკრატიის» დაფუძნებას საქართველოში.
    ამდენად, საჭიროა მძლავრი მადესტაბილიზებელი ფაქტორი, რათა არ დაიშვას პროცესების პოზიტიური განვითარება. რაკი პერმანენტული დაძაბულობის პროვოცირება ვერ ხერხდება, ანუ შეუძლებელია იმგვარი ვითარების შექმნა, როდესაც ხელისუფლება ვეღარ მართავს სიტუაციას ქვეყანაში (ანალოგიური მდგომარეობა იყო საქართველოში 1991 წლის შემოდგომაზე), გარდაუვალია ისეთი «სპეცოპერაციის» განხორციელება, რომელიც ერთი დარტყმით მოშლის სტაბილურობის საფუძველს.
    აქედან ბუნებრივად გამომდინარეობს დასკვნა: რაც უფრო სტაბილური და მყარი გახდება ვითარება საქართველოში, მით უფრო გაიზრდება პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელების ალბათობა და პირიქით (რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს). თუ ვითარება ქვეყანაში აირია, მოწინააღმდეგის სპეცსამსახურები «მართვადი ქაოსის» დოქტრინას აამოქმედებენ და აღარ დასჭირდებათ სპეცოპერაციის განხორციელება პრეზიდენტის მოსაკლავად.

დილის გაზეთი, 15 დეკემბერი, 1997 წ.

მთელ გვერდზე