საქართველო ხვალ: როცა პოლიტიკა კორუფციას აღარ განსაზღვრავს

    ფორმალური დამოუკიდებლობის მიუხედავად, საქართველო ჯერჯერობით, სახელმწიფოებრიობის ძალიან ბევრ პირობას არ აკმაყოფილებს. უპირველეს ყოვლისა, ჩამოუყალიბებელია ნორმალური სოციალური და დემოკრატიული სისტემა. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანა კვლავ «ამორფულ», გნებავთ, «ჩანასახოვან» ან სხვაგვარად ვთქვათ, «პირველყოფილ» მდგომარეობაში იმყოფება.

    როგორც არ უნდა «იბაგუნონ გულში მჯიღი» ქართველმა პოლიტიკოსებმა, საქართველოში, ჯერჯერობით, არანაირი დემოკრატია არ არსებობს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა და ჩვენი პოლიციის ხელში ჩავარდნას ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკის ღუმელში დაწვა სჯობს, არამედ დემოკრატიული სისტემა უეჭველად მოითხოვს სოციალურ დიფერენციაციას და სხვადასხვა სოციალური შრის აქტივობას პოლიტიკურ პროცესში. დემოკრატია კატეგორიულად გამორიცხავს კორუფციას და ხელისუფლების თუნდაც ნაწილის მითვისებას «უჰალსტუხო» თუ «ჰალსტუხიანი» კრიმინალური ბანდების მიერ.
    უინსტონ ჩერჩილის თქმით, «დემოკრატია ყველაზე უარესი ფორმაა მმართველობისა, თუ მმართველობის სხვა ფორმებს არ ჩავთვლით». იგი თვითრეგულირებადი სისტემაა, მაგრამ შინაარსობლივად არსებობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც არსებობს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სოციალური გარემო. საქართველოში ამგვარი გარემო ჯერ არ ჩამოყალიბებულა. იგი მხოლოდ იქმნება და იქმნება ძალიან რთულად, - მარგინალური ნეოკომუნისტური სოციალური სისტემების წინააღმდეგობის დაძლევით.
    კომუნისტურ ეპოქაში საქართველოში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სოციალური ფენა, რომელსაც პირობითად შეიძლება, «კომუნისტური ელიტა» ვუწოდოთ. ეს ფენა არ ყოფილა ხელისუფლების წყარო, მაგრამ კომუნისტურ ხელისუფლებას იგი მაინც სჭირდებოდა საზოგადოების სამართავად. ე.წ. «ინტელიგენცია» ამ ფენის ნაწილია მხოლოდ. მის ბირთვს კი სამეურნეო ოლიგარქია წარმოადგენდა. საინტერესოა, რომ ელიტარული ინტელიგენცია ძალზე მჭიდრო კავშირში იყო ამ ოლიგარქიასთან. მარტივ მაგალითს თუ მოვიყვანთ: «ლეგალურ» საამქროში შექმნილ «არალეგალურ ცეხებს» ხშირ შემთხვევაში «ცნობილი» პოეტები, მსახიობები, კინორეჟისორები მფარველობდნენ - ეს ერთგვარი დამცავი მექანიზმი იყო «ნეგატიური მოვლენების» წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
    ზვიად გამსახურდიას უდღეური მმართველობა კომუნისტურ ელიტას რასაკვირველია, სასაცილოდაც არ ეყო - პირველი პრეზიდენტის დამხობა მისთვის «ტექნიკის საქმე» აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ გამსახურდიამ ვერც ერთი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოასწრო საზოგადოებაში სერიოზული რეფორმის გასატარებლად. უფრო რთული ვითარება შეიქმნა ედუარდ შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ - ეს ელიტა დიდწილად სწორედ მისი შექმნილია, ოღონდ შევარდნაძეს კარგად ესმოდა, რომ თვისობრივად შეცვლილ ვითარებაში ძველი დასაყრდენი უკვე აღარ გამოადგებოდა.
    ამიტომ ცდილობდა და ცდილობს, ახალი მენტალიტეტის მქონე მოღვაწეები მოიყვანოს პოლიტიკაში. მაგრამ კომუნისტური ელიტა ასე ადვილად არ დათმობს ათწლეულობით შეჩვეულ პრივილეგიებს, იგი აპირებს საბაზრო ეკონომიკას და მასზე დაფუძნებულ საზოგადოებას კვლავ სათავეში მოექცეს და მართვის ყველა ბერკეტი იგდოს ხელთ.
    ნორმალური სოციალური სისტემის ჩამოყალიბება, როდესაც პოლიტიკას სოციალური შრეები განსაზღვრავენ - მისთვის სიკვდილის ტოლფასია. ამ ბრძოლის სიმპტომებს თითქმის ყოველდღე ვხვდებით. თანაც წარსული საზოგადოებრივი სისტემისათვის დამახასიათებელი ატრიბუტებით.
    მაგალითად, «ბაზრობებს» ებრძვის ძველი «სავაჭრო ნომენკლატურა», რომელიც კომუნისტურ ეპოქაში «პარტრაიკომში ვაჭრობის განყოფილების გამგეს» უყოფდა წილს და დროულად მოასწრო მაღაზიების პრივატიზება. «თავისუფალი ბაზარი» და «თავისუფალი კონკურენცია» კი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია; აგრეთვე ძალზე სიმპტომურია, რომ მერიაში წვრილი მოვაჭრეების წინააღმდეგ ატეხილ პროპაგანდისტულ ალიაქოთში აქტიურად მონაწილეობენ «ელიტარული ინტელიგენციის» წარმომადგენლები, რომელთაც «ცკ»-სა და «ტკ»-ს ხელმძღვანელობასთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ.
    რაკი კონკურენციისა და თავისუფალი ეკონომიკის თვითრეგულირების პრინციპი მაინც თავისას შვრება, ნეოკომუნისტური ოლიგარქია ცდილობს, «არაფორმალური გავლენა» მოიპოვოს; აქ წარმოიშობა სწორედ ჯაბა იოსელიანის ფენომენი, რომელსაც განსაკუთრებული უფლებამოსილების ჟანდარმერია ებარა და გააფთრებით იცავდა ძველ, დამპალ სისტემას.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც «სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის რეგულირებას» მოითხოვს, სწორედ ამ ოლიგარქიის ინტერესებს იცავს. იგი ბოლომდე ვერ დაასამარა კომუნისტური წყობის დამხობამ - მას მიმიკრირების განსაკუთრებული უნარი აღმოაჩნდა. მით უმეტეს საქართველოში, სადაც «ბუნებითი ტრადიციონალიზმი» განსაზღვრავს კოლექტიურ ცნობიერებას.
    ნორმალური დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა პოლიტიკური პროცესი და თვით ხელისუფლებაც კომუნისტური სისტემის ჭაობიდან ამოზრდილი მუტანტების მონოპოლია აღარ იქნება და კორუფცია აღარ განსაზღვრავს პოლიტიკას.
  დეცენტრალიზაცია ამ შემთხვევაში თავად შექმნის «თავისუფალი კონკურენციის» პირობებს; ხელისუფლებაში ინტერესთა ლობირება მოხდება არა ქრთამით, არამედ საზოგადოების მოთხოვნილებათა უკეთ დაკმაყოფილებით. სწორედ ამ საფუძველზე ჩამოყალიბდება და გამოიკვეთება სოციალური შრეები, რომლებიც შექმნიან (გამოკვეთენ) თავიანთი ინტერესების დამცველ პოლიტიკურ პარტიებს.
    მაგრამ ეს ყოველივე თავისთავად არ მოხდება. სიტუაცია შეიძლება გაიყინოს და საქართველოს სოციალური სისტემა შინაარსობლივად არ შეიცვალოს თუ ნეოკომუნისტური მუტანტი შეძლებს «სოციალისტური ფრაზეოლოგიითა» და მოსახლეობის სოციალურ სიდუხჭირეზე სპეკულირებით, ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს ხელისუფლება.

7 დღე, 22 აპრილი, 1997 წ.
 

   მთელ გვერდზე