«ღერძის სახელმწიფოები» რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ
   

    1997 წელი საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის სფეროში გადადგმული რამდენიმე ნაბიჯით დაიწყო. უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შემდეგ ედუარდ შევარდნაძეც ეწვია პარიზს. ახლახან დასრულდა მისი ვიზიტი კიევში, ხოლო დღეს საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწევა.
    აშკარაა, რომ იქმნება გეოპოლიტიკური ღერძი: კავკასია-შავი ზღვა-უკრაინა-ევროპა, რომელსაც სამი ძირითადი საყრდენი აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. კიევში, თბილისსა და ბაქოში შესანიშნავად ესმით, რომ ხელსაყრელი დერეფნის შექმნა ევროპიდან-აზიაში საკმარისი არ არის. აუცილებელია ამ დერეფნის დაცვა და მისი უსაფრთხოების სათანადო გარანტიების შექმნა. შემთხვევითი არაა, რომ სამივე დედაქალაქს შორის კავშირების გააქტიურებას დაემთხვა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი კავკასიაში. საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ «უკრაინას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს» ნატოს სტრატეგიაში.
    უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა, როგორც ჩანს, მომავალი სტრატეგიული თანამშრომლობა იყო. პოლიტიკური და სამხედრო ასპექტების გათვალისწინებით, უკრაინას ამ თვალსაზრისით უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ხოლო მისი ეკონომიკა, ისევე როგორც სამხედრო სისტემა, სავსებით შეესაბამება საქართველოს ეკონომიკურ და თავდაცვით ინტერესებს.
    გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინას ჭირდება ალტერნატიული გზა ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად. რუსეთზე გამავალი მაგისტრალი მას უკვე აღარ აკმაყოფილებს, ვინაიდან ქვეყანას კრემლის ბინადართა სურვილზე დამოკიდებულს ხდის და «რუსული იმპერიალიზმის» უნებლიე შემსრულებლად აქცევს. «ევრაზიული დერეფნის» პოლიტიკურად ტევადი იდეა კი საშუალებას ქმნის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით მიიღოს ცენტრალური აზიიდან საჭირო რესურსები _ ამ უზარმაზარ «ბაზარზე» გაასაღოს თავისი პროდუქცია და, ამავე დროს, ყირიმში რუსეთის გავლენის მოთოკვა სცადოს.
    კიევიდან დაბრუნების შემდეგ სატელევიზიო ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ «გაკვრით» თქვა, რომ ლეონიდ კუჩმასთან საუბრისას მან სცადა სამხედრო თანამშრომლობის საკითხის «ზონდირება» და დადებითი (დამაიმედებელი) პასუხიც მიიღო. სულ ახლახან უკრაინამ რამდენიმე უახლესი ტანკი (ტ-80-უ) მიჰყიდა პაკისტანს, რის გამოც რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა ნამდვილი ისტერიკა ატეხეს, რადგან შიშობენ, რომ ეს ტანკები რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ტაჯიკური ოპოზიციის ხელში აღმოჩნდება.
    მიუხედავად ამისა, უკრაინას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი არც ერთი ნაბიჯით არ დაიხიოს უკან და დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს იარაღით ვაჭრობის სფეროშიც. ამ თვალსაზრისით, მისი პოტენციალი რუსეთისაზე ბევრად ნაკლები როდია. ამავე დროს, უკრაინის სამხედრო ინდუსტრიას და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს სტაბილური პარტნიორები სჭირდება. ამგვარ პარტნიორებად კი, უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები უნდა ჩაითვალონ.
    ამდენად, როგორც იქნა, აღსრულდა ირაკლი წერეთლის ოცნება _ უახლოეს მომავალში რუსეთი უკვე აღარ იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის «იარაღის ერთადერთი მიმწოდებელი».
    მეორეს მხრივ, თვით უკრაინაც დაინტერესებულია საქართველოს სამხედრო პროდუქციის შესყიდვით. მაგალითად, მოლაპარაკებისას განიხილებოდა თბილისის საავიაციო ქარხანაში სუ-25კა და სუ-25ტ თვითმფრინავების ერთობლივი წარმოების შესაძლებლობა. შექმნილი ვითარების სპეციფიკა და უპირატესობა (საქართველოსთვის) იმაში მდგომარეობს, რომ «ეს-ენ-გე»-ს სივრცეზე «თამაშის სხვა წესები» მოქმედებს, ვიდრე სივრცის გარეთ.
    არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არც საქართველოს, არც აზერბაიჯანს (ჯერჯერობით) რუსეთის შიშით იარაღს არ მიჰყიდის. უკრაინას კი შეუძლია «რუსეთის ფაქტორი» ამ თვალსაზრისით არცთუ ყოველთვის გაითვალისწინოს. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა რუსეთი ყველანაირად ცდილობს «ყირიმის კოზირის» გათამაშებასა და უკრაინაში შიდა დაპირისპირების პროვოცირებას.
    XX საუკუნეში საკომუნიკაციო სისტემების განვითარებამ საქართველოს მისცა უნიკალური შანსი, რაც მას, შესაძლოა, არც არასდროს ჰქონია. ევრაზიულ დერეფანში სწორედ ჩვენი ქვეყანა ასრულებს (გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო) უმთავრეს როლს. ცენტრალური აზია და აზერბაიჯანი ნავთობის უკანასკნელი «კლონდაიკია», რომელიც (საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო არტერიის გარეშე) ჩიხში აღმოჩნდება.
    ევროპასა და ამერიკას კი ძალზე აღელვებთ ნავთობის სტრატეგიული რესურსების ამოწურვის პერსპექტივა. ნებისმიერ შემთხვევაში დასავლეთი ყველაფერს იღონებს, რათა თუნდაც რუსეთთან დაპირისპირების ფასად, ევრაზიის სამხრეთ ფლანგზე სტაბილური და გარანტირებული საკომუნიკაციო ხაზი შეიქმნას. ეს ხაზი იმავდროულად იქცევა მძლავრ ზღუდედ რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, რაც რუსულ საზოგადოებაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებასთან ერთად სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის «ევრაზიული უშიშროების» ახალ არქიტექტურას. მის შექმნაში კავკასია ძალზე აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

მერიდიანი, 18 თებერვალი, 1997 წ.
 

    მთელ გვერდზე