«მთელი ცხოვრება კურდღლობას, ერთი დღე ლომად ყოფნა ჯობია»

    ქართული საზოგადოება უკვე ეგუება აფხაზეთის დაკარგვას. არავის, უბედური ლტოლვილების გარდა, არ სურს ახალი ომი. ომის გარეშე კი (თამაზ ნადარეიშვილი ამაში უდავოდ მართალია) ეს პრობლემა არ გადაიჭრება. რაც ყველაზე საინტერესოა, «აფხაზეთის საკითხში» ქართული პოლიტიკური ელიტა, ფაქტობრივად, ერთსულოვანია - ოპოზიცია მცირე ხნის განმავლობაში ქმნიდა ილუზიას, თითქოს რეალურად მოითხოვდა რუსეთის სამშვიდობო ძალთა გაყვანას. მაგრამ როგორც კი, მისთვის მოულოდნელად, ხელისუფლებამ მართლაც გადადგა ნაბიჯები ამ მიმართულებით, ოპოზიცია უმალვე შეშინდა და დღეს «ადგილობრივ მმართველობას» უფრო მეტ ყურადღებას ანიჭებს, ვიდრე პარლამენტის ცნობილი დადგენილების შესრულებას. არადა, თითქოს აფხაზეთის პრობლემაზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?
    ამ პრობლემაში კიდევ ერთხელ წარმოჩინდა თანამედროვე ქართული საზოგადოების უმთავრესი მანკი - პოლიტიკური ნების დეფიციტი და საკუთარი პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობა. ედუარდ შევარდნაძე პოლიტიკოსია და მოქმედებს იმ ტაქტიკით, რომელიც მიზანშეწონილად მიაჩნია-რეალობიდან გამომდინარე.
    რეალობა კი ის გახლავთ, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერება პოლიტიკურ პროცესებს აღიქვამს განყენებულად - მისი ნებისაგან დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომაა გაბატონებული ყალბი სტერეოტიპები, თითქოს «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოსკოვსა და ვაშინგტონში წყდება» და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, «როგორ ითამაშებს საქართველო საერთაშორისო არენაზე» - სინამდვილეში ეს მხოლოდ თანამდევი, დამხმარე ფაქტორია და არა ძირითადი.
    სხვათა შორის, სრულიად საპირისპიროდ აღიქვამს პროცესებს აფხაზური საზოგადოება - მას ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთის, ჩრდილოეთ კავკასიის, თურქეთის ან ნებისმიერი სხვა გარეშე სუბიექტის დახმარება შეიძლება მხოლოდ დამატებითი, თანამდევი ფაქტორი იყოს, ხოლო ძირითადი, გადამწყვეტი როლი თვით მისმა ძალისხმევამ უნდა შეასრულოს.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქართველოში ელიან, ვინ, როდის დაგვიბრუნებს აფხაზეთს «ხონჩით», ვინ როდის «ჩააწყობს» საქმეს მოსკოვში, ვაშინგტონსა და ა.შ. შედეგად კი გვაქვს ის, რაც გვაქვს.
    აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა კულმინაციურ წერტილს უახლოვდება. კავკასიაში მოქმედი მსოფლიო ძალები ნათლად ხედავენ ქართული საზოგადოების უნებისყოფობას და საქართველო, ფაქტობრივად, საკუთარი ინტერესების მარიონეტად აქციეს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი (პარადოქსია) მართლაც ჩვენს გარეშე წყდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ასეთია რეალობა და აუცილებლობა, არამედ ისევ და ისევ ნებელობითი სისუსტის გამო, რასაც საქართველო ამჟღავნებს.
    სხვათა შორის, ამ სისუსტით თანაბრად სარგებლობს როგორც რუსეთი, ასევე დასავლეთი - ხელისუფლება კი დიდოსტატურად იყენებს ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს: «დასავლეთმა გვირჩია, არ გავიყვანოთ სამშვიდობო ძალები - მაშასადამე, არ უნდა გავიყვანოთ. დასავლეთის (ვაშინგტონის, პრეზიდენტ კლინტონის) აზრი უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებაა».
    საკმარისია საქართველოს ხელისუფლებამ ოდნავი უკმაყოფილება გამოიწვიოს დასავლეთში და ვთქვათ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთი განცხადება გააკეთოს საყვედურის ტონით, რომ ქართული საზოგადოება უმალვე დაასკვნის: მორჩა, გათავდა, ვაშინგტონმა შევარდნაძის შეცვლა გადაწყვიტა - წასულია მისი საქმე და ა.შ.
    ასეთი განწყობა ხელისუფლებას უზღუდავს პოლიტიკური მანევრის საშუალებას - არადა ამერიკელები რუსებზე ნაკლები პრაგმატიკოსები როდი არიან. მაგალითად, აზერბაიჯანში მათ ამგვარი რამ არ გაუვათ: ჰეიდარ ალიევი ყოველთვის მოიქცევა ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია და საზოგადოება მას მხარს დაუჭერს. კიდევ უფრო მეტად «საოცარია» ვლადისლავ არძინბას პრინციპულობა: მთელი მსოფლიო რომ ფეხზე დადგეს, - მოსკოვმაც, ვაშინგტონმაც, ყველა დედაქალაქმა ერთობლივი ულტიმატუმი რომ წაუყენოს აფხაზეთს, - თვით აფხაზურ საზოგადოებას იგი სასაცილოდაც არ ეყოფა. ამით განსხვავდება აფხაზური საზოგადოება ქართულისგან, ამიტომაც ვართ დამარცხებულნი.
    გეოპოლიტიკურმა კონსენსუსმა (საქართველოს ხარჯზე) შესაძლო კომპრომისის კონტურები გამოკვეთა: «დიდი ნავთობი» გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ იგი იოტისოდენადაც არ შეარყევს რუსეთის პოზიციებს საქართველოში, ვინაიდან დასავლეთი საპასუხო გარანტიას სთავაზობს მოსკოვს: თბილისი და სოხუმი აფორმებენ ხელშეკრულებას «საერთო სახელმწიფოს» შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ საქართველო და აფხაზეთი.
    ამით აფხაზეთს მიეცემა სრული იურიდიული დამოუკიდებლობის მოპოვების უფლება, მაგრამ ამ უფლებით იგი ისარგებლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ინტერესები დაემთხვევა რუსეთის ინტერესებს. ეს უკანასკნელი კი თავის დამოკიდებულებას განსაზღვრავს საქართველოს კონკრეტული ნაბიჯებით - მოახდენს თუ არა საქართველო «ბაზების» თაობაზე ხელშეკრულების რატიფიცირებას, დათანხმდება თუ არა უფრო ღრმა ინტეგრაციაზე დსთ-ს ფარგლებში და ა.შ.
    სამაგიეროდ, ქართველ ლტოლვილთა ნაწილი უეჭველად დაბრუნდება აფხაზეთში, - ოღონდ სეპარატისტთა იურისდიქციის ქვეშ. გაიხსნება სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები და საქართველოც მიიღებს ზოგ რამეს ეკონომიკური თვალსაზრისით.
    იურიდიულად, საქართველო-აფხაზეთის უნია იქნება ერთიანი სახელმწიფო (ჩეხეთ-სლოვაკეთის მსგავსად) და მის ერთიანობას ვერაფერი დაარღვევს, თუ საქართველომ არ მოინდომა უსამართლო გეოპოლიტიკური სქემიდან «ამოვარდნა».
    ანუ, დღევანდელი ქართული საზოგადოება, მისი უნებისყოფობისა და უპასუხისმგებლობის გამო, თანხმდება სქემაზე, რომელსაც მარადიული მნიშვნელობა ექნება და აფხაზეთს აქცევს რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულების გარანტად. საკუთრივ ხელისუფლების (შევარდნაძის) ბრალი ამ შემთხვევაში მინიმალურია - ნებისმიერ საზოგადოებას ძალუძს (თუ სურს), ხელისუფლება აიძულოს, დაიწყოს ომი და უგულვებელჰყოს სხვათა მიერ შეკოწიწებული სქემა, მაგრამ ამას სჭირდება სწორედ ის ნება, რომელიც საქართველოს არ გააჩნია. ამიტომ ქვეყანა მინებდა პოლიტიკური აუცილებლობის ტალღას, რომელიც ბოლოს და ბოლოს უეჭველად გარიყავს მას ერთ-ერთ გეოპოლიტიკურ ნაპირზე.
   

7 დღე, 29 აგვისტო, 1997 წ.
   

 მთელ გვერდზე