გაერო და კონფლიქტი აფხაზეთში

    საქართველოსათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს უნივერსალური საერთაშორისო ფორუმი ჩვენი ქვეყნისთვის არის ყველაზე მაღალი ტრიბუნა, რომლიდანაც საქართველოს ხელისუფლებას ერის სახელით, ერის ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლია ხმა მიაწვდინოს მსოფლიო თანამეგობრობას _ გლობალურ ასპარეზზე გაიტანოს საკუთარი სახელმწიფოებრივი პრობლემები და კაცობრიობის მიერ ჩამოყალიბებული უნივერსალური მექანიზმები ჩართოს მათ გადასაჭრელად.

    ამდენად, სავსებით გამართლებულია ამჟამინდელი მცდელობა, აფხაზეთის ურთულესი პრობლემის გადაწყვეტა გაეროს მეშვეობით ვცადოთ. მაგრამ ანალიზსა და პასუხს მოითხოვს დამაფიქრებელი ფაქტი: საქართველოს პრეზიდენტმა უკვე რამდენჯერმე თქვა უარი სიტყვით გამოსულიყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე. ეს იყო პროტესტი, რომელიც ბევრ ქვეყანაში შენიშნეს და ადეკვატური რეაქციაც მოჰყვა. მაგრამ რამ აიძულა საქართველოს ლიდერი პროტესტის ამგვარი ფორმისათვის მიემართა?
    გაერთიანებული ერების ორგანიზაცია II მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, როგორც ამ ომში გამარჯვებულ სახელმწიფოთა მსოფლიოში დომინირების მექანიზმი და მათი პრეროგატივის იურიდიული გაფორმება.
    მიუხედავად ერთობ ლამაზი დეკლარაციებისა, ფორმალურად ორგანიზაცია შექმნეს საბჭოთა კავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ჩინეთმა, რომელთაც შემდგომ მოიწვიეს ორგანიზაციაში სხვა სახელმწიფოებიც.
    ამდენად, სავსებით ბუნებრივია, რომ სწორედ დამფუძნებელმა ქვეყნებმა მოიპოვეს ვეტოს უფლება: ვერც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს გაეროს უმთავრესი ორგანო (უშიშროების საბჭო), თუ ამ გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს რომელიმე მუდმივი წევრი არ ეთანხმება.
    რა თქმა უნდა, გენერალური ასამბლეის სხდომას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს; პოზიციის თუნდაც დაფიქსირებაც უეჭველად იძენს პოლიტიკურ მნიშვნელობას, მაგრამ საქართველოსთვის (აფხაზეთის უმძიმესი პრობლემის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით) ხელმოსაკიდ, კონკრეტულ შედეგს უფრო ენიჭება მნიშვნელობა, ვიდრე ფუჭ დეკლარაციებს; მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დეკლარაციებით ბევრი არაფერი იცვლება.
    სწორედ აქ მივადექით პირველ რთულ საკითხს, რომელიც გაეროსთან საქართველოს ურთიერთობის «პრობლემატური გასაღებია». მაგალითად, ისრაელთან და პალესტინასთან, ან თუნდაც იმავე ბოსნიასთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებები უდავოდ ქმნიდნენ ახალ პოლიტიკურ რეალობას, ვინაიდან იქცეოდნენ მძლავრ ფაქტორებად კონფლიქტის გადაწყვეტის თვალსაზრისით. აფხაზეთის თაობაზე მიღებული რეზოლუციები კი ქაღალდზე დარჩა - რეალური ზეგავლენა კონფლიქტის მოგვარებაზე მათ არ მოუხდენიათ. თუ ყურადღებით წავიკითხავთ ზემოხსენებულ რეზოლუციებს, მათში უეჭველად აღმოვაჩენთ ამ უცნაურობის მიზეზს, _ აფხაზეთის თაობაზე მიღებული თვით ყველაზე «მკაცრი» რეზოლუციის ქვეტექსტიც კი გულისხმობს «ზესახელმწიფოთა» ფარულ შეთანხმებას აფხაზეთის (ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, «სამხრეთ ოსეთის») შესახებ. ეს კონფლიქტები რუსეთის «გავლენის სფეროში» ხდება, ამდენად სხვა დიდ სახელმწიფოებს მათი გადაწყვეტა სწორედ რუსეთის პრიორიტეტად მიაჩნიათ.
    ბოსნიასა და ახლო აღმოსავლეთში კი გეოპოლიტიკური პრიორიტეტი ასე თვალსაჩინო არ არის, ამდენად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ხშირად დამთავრებულა რომელიმე ქვეყნის მიერ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებით, მწვავე დისკუსიის ან შინაარსობრივად გადამწყვეტი რეზოლუციით.
    ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ აფხაზეთის თაობაზე რაიმე მწვავე დისკუსია გაეროს უშიშროების საბჭოში ჯერ არ გამართულა. ასევე დონდლოდ ირჯება კონფლიქტის მოგვარების დარგში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ედუარდ ბრუნერი, რომლის შეცვლის საკითხი, ნიუ-იორკში ყოფნისას, მწვავედ დასვა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით.
    საოცარია, მაგრამ გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისია, რომელიც კონფლიქტის ზონაში იმყოფება, ხშირ შემთხვევაში სეპარატისტებს უჭერს მხარს და პოლიტიკურ თანადგომასაც კი უცხადებს. მაგალითად, 1994 წლის სექტემბერში, როდესაც ვითომდაც უნდა დაწყებულიყო ლტოლვილთა მასობრივი დაბრუნება გალის რაიონში, გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა პირველებმა (!) განაცხადეს პროტესტი და 4 აპრილის ხელშეკრულების «მკაცრად დაცვა» მოითხოვეს.
    იმ შემთხვევაში, თუ საქართველო (ვთქვათ) მოითხოვს სამშვიდობო ძალთა გაყვანას, გაეროს მესვეურთა უცნაური ლოგიკით, ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ავტორიტეტს შელახავს. მართალია სამშვიდობო ოპერაცია აფხაზეთში არ ხორციელდება გაეროს ეგიდით, მაგრამ საქართველოს განცხადება აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის სრული წარუმატებლობის შესახებ იქნება გაეროს მისიის სრული კრახის აღიარებაც.
    ამდენად, პარადოქსულ ვითარებაში აღმოვჩნდით: მოთხოვნა სამშვიდობო ძალთა გაყვანის შესახებ გააღიზიანებს არა მხოლოდ რუსეთს (აღარაფერს ვამბობ არძინბას ხროვაზე) არამედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც, რომლის ბიუროკრატიული აპარატი ასეთ «თავხედობას» საქართველოს არაფრის დიდებით არ აპატიებს.
    როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვათ ორგანიზაცია, რომელიც მთლიანად ეფუძნება ამა თუ იმ სახელმწიფოს ამბიციას? მაგალითად გაეროში იტალიის წარმომადგენელი დიდი ხანია მოითხოვს გაეროს დაშლას იმ მოტივით, რომ იტალიას არ იღებენ უშიშროების საბჭოში მუდმივ წევრად, ხოლო «დიდი ხუთეული» გააფთრებით ებღაუჭება თავის პრივილეგიას და საშინელი გაღიზიანებით აღიქვავს წინადადებას «ვეტოს მფლობელთა ჯგუფში» გერმანიის ან იაპონიის მიღების თაობაზე მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანამ ცალ-ცალკე უკვე გაუსწრო ეკონომიკური და (აქედან გამომდინარე) პოლიტიკური მნიშვნელობით საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს.
    გაეროში მიმდინარეობს ხმებით დაუფარავი ვაჭრობა. ამა თუ იმ ქვეყნის (მითუმეტეს უშიშროების საბჭოს წევრის) ხმები იყიდება! არა ფულზე რასაკვირველია, არამედ სხვა საკითხის განხილვისას მხარდაჭერის სანაცვლოდ. გაეროს უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატის წევრებს (მათი შემოსავალი საშუალოდ თვეში 6000 დოლარია) არაფერი აინტერესებთ საკუთარი კორპორაციის ინტერესების დაცვის ანუ «მუნდირის ღირსების» შენარჩუნების გარდა.
    ამ პირობებში, რაკი მისი ხმა დარჩება «ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა» საქართველოს პრეზიდენტი უაღრესად ღირსეულად იქცევა, როდესაც უარს აცხადებს გაეროს ტრიბუნიდან გამოსვლაზე _ რაკი ხედავს, რომ მისი სიმართლე (სიმართლე აფხაზეთის შესახებ) არავის სჭირდება.
    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეფექტიან გამოყენებას საკუთარი კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველო შეძლებს მხოლოდ იმ პირობით, თუ მოახერხებს ამ პრობლემათა გადაწყვეტით დააინტერესოს რომელიმე მძლავრი სახელმწიფო ან სახელმწიფოთა გაერთიანება. მაგალითად, ბოსნიაში გაერომ ძალზე ეფექტურად იმუშავა _ მის მიერ მიღებული რეზოლუციები «ცეცხლად და რკინად» ატყდებოდა თავს სეპარატისტებს, მაგრამ სინამდვილეში ეს გაერო როდი მოქმედებდა ასე წარმატებით, _ ამერიკამ და ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა აიძულეს რუსეთი დათანხმებოდა მათ წინადადებებს გაეროში და უარი ეთქვა სეპარატისტთა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.

მოქალაქე, 19 მარტი, 1997 წ.

მთელ გვერდზე