სტრასბურგში შევარდნაძე ევროპის საბჭოს აჩქარებას შეეცადა
   

    10 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურთა სამიტი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა. ედუარდ შევარდნაძე ჰეიდარ ალიევთან და ლევონ ტერ პეტროსიანთან, ბოსნია-ჰერცოგოვინის პრეზიდენტ ალია იზიტბეგოვიჩთან ერთად, ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრობის მაძიებელ ქვეყანას წარმოადგენდა. საქართველო (ისევე, როგორც სომხეთი, აზერბაიჯანი და ბოსნია-ჰერცოგოვინა) ჯერჯერობით «სპეციალური სტუმრის სტატუსით» სარგებლობს, რაც ევროპის საბჭოში სათათბირო ხმის უფლებას ნიშნავს.
    სტრასბურგი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. საუკუნეთა განმავლობაში, გერმანულ-ფრანგული ომების დროს, ეს მიწა-წყალი (ელზასი) ხელიდან-ხელში გადადიოდა. ჯერ ბისმარკმა დაიმკვიდრა ელზას ლოტარინგია, I მსოფლიო ომის შედეგად კი იგი საფრანგეთს დარჩა; მერე ჰიტლერმა შეუერთა «მესამე რაიხს», ახლა კი «ფრანგული ქალაქია», - ფრანგულად ლამაზი და კოპწია. თუმცა გრანდიოზული გოთური ტაძარი მისი უხეში და მრისხანე, ამავე დროს დიდებული იერით ადასტურებს, რომ გერმანული გენი, გერმანული სული ჯერ კიდევ ტრიალებს ამ მიწაზე.
    სხვა მხრივ კი, დღეს სტრასბურგი ჭეშმარიტად «ფრანგული» ფენომენია, და რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, რომ თავის დროზე ფრანგებმა სწორედ აქ შესთავაზეს ევროპას პირველი საერთოევროპული ორგანიზაციის დაფუძნება.
    საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი სტრასბურგის ბოლო შეხვედრაზე «მასპინძელი» იყო, გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი - სტუმარი. მიუხედავად «საერთოევროპული სახლის» მშენებლობისა, დე გოლი და მიტერანი ამ სახლში «ეროვნულ ბინებს» ითვალისწინებდნენ. «სტრასბურგი» გერმანული ტოპონიმია, აქ ათეულობით ათასი გერმანელი ცხოვრობს, მაგრამ ერთ გერმანულ წარწერას ვერ ნახავთ - ეს საფრანგეთის კანონია. ამ კანონით საფრანგეთის ყველა მოქალაქე «ფრანგია» და ენაც ფრანგული აქვს.
    ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ევროპის საბჭოში ედუარდ შევარდნაძის გამოსვლის სტილი (ყალბი ეიფორიისაგან დაცლილი და, გარკვეულწილად, უჩვეულოდ პირდაპირი) ალბათ გამართლებულია. ევროპელები ნაკლებად იდეალისტები არიან, ვიდრე ამგვარ ფორუმებზე მიღებული მაღალფარდოვანი დეკლარაციებიდან ჩანს. ევროპული ინტეგრაცია, უპირველესად, რაციონალურ განსჯისა და მიზანშეწონილობაზე დაფუძნებული პროცესია და არა ჰიპოთეტურ, «პოეტურ» სქემათა განხორციელება. ედუარდ შევარდნაძემ, ბევრი თავისი კოლეგისაგან განსხვავებით, უხეში სიმართლის სტილი ირჩია: «ჩვენ ევროპის საბჭოში სპეციალური სტუმრის სტატუსი მოგვენიჭა, ხანგრძლივი სტუმრობა კი მასპინძლისთვისაც მოსაწყენია და სტუმრისთვისაც». ალბათ, ევროპელ რაციონალისტებს ასეთ ენაზე უნდა ელაპარაკო იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიტყვით სხვა სტილს არჩევენ. შინაარსობლივად კი მათთვის მხოლოდ ეს ენაა მისაღები და გასაგები. ალბათ, ამიტომაც მოხდა, რომ ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც სულ ბოლოს, - ევროპის საბჭოს «სამიტის» შეჯამებისას გამოვიდა, ჯერ შირაკმა ჩამოართვა ხელი თანხმობის ნიშნად, შემდეგ ბრაზაუსკასმა.
    ედუარდ შევარდნაძის მოკლე სიტყვაში უცნაურად ჩაეტია თანამედროვე ქართული პრრობლემატიკის უდიდესი ნაწილი: აფხაზეთის პრობლემა (აფხაზეთის თემაზე გამოკვეთილად თითქოს არც იყო საუბარი), საქართველოს პრეტენზია ევროპულ სტრუქტურებში სწრაფ ინტეგრაციასა, იგორ გიორგაძის ბრობლემაც კი, - ოღონდ ქარაგმულად, ზოგადი ფრაზით იმათ თაობაზე, ვინც «მფარველობს ტერორისტებს» და ამით ერთიან კულტურულ და დემოკრატიულ სივრცეს შლის ევროპაში.
    ამ დროისთვის ბორის ელცინი სტრასბურგში აღარ იმყოფებოდა. წინა დღეს მისმა გამოსვლამ ქართველ პოლიტიკოსებს დიდი საფიქრალი გაუჩინა: ელცინმა ჩამოთვალა კონფლიქტები, რომელთა «დარეგულირებაში» რუსეთი მონაწილეობს - მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტიც. დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, შევარდნაძეს ეს აშკარად არ ესიამოვნა. ალბათ, ამიტომაც თქვა სტრასბურგიდან დაბრუნების შემდეგ პრესკონფერენციაზე: «კონფლიქტური ზონები კი ჩამოთვალა ბატონმა ელცინმა, მაგრამ ჩეჩნეთი, მგონი, არ უხსენებია». რაც შეეხება შირაკის «კავკაისურ პოლიტიკას», სტრასბურგში ამ მიმართულებითაც გამოიკვეთა სიახლე, როგორც აღმოჩნდა, საფრანგეთის პრეზიდენტი 1998 წლის შემოდგომაზე ეწვევა კავკასიას და მოინახულებს: სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს. საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ეს ვიზიტი კავკასიისთვის «ისტორიული» მნიშვნელობისა იქნება. სტრასბურგში ისიც დადასტურდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება კიდევ დიდხანს შეაფერხებს ჩვენი რეგიონის აღქმას მსოფლიოსა და ევროპაში. სომხები და აზერბაიჯანელები სტრასბურგშიც «დაეტაკნენ» ერთმანეთს. მათი რიტორიკის ფონზე ჩანდა, რომ საქართველო ევროპის საბჭოში მიღების სანაცვლოდ (საუბარია სრულუფლებიან წევრობაზე - ავტ.) ევროპას სთხოვს მხოლოდ ერთს: «არსებული პოტენციალის ამოქმედების გარანტს». სანაცვლოდ, ამ პოტენციალის ფარგლებში სთავაზობს საკომუნიკაციო სისტემის გაფართოებას ხმელთაშუადან - კასპიის ზღვამდე და საქართველოს კულტურულ მდგომარეობას «ერთიანი კულტურული სივრცისათვის». შევარდნაძის აზრით, ევროპაში უნდა არსებობდეს სულიერების ერთიანი სივრცე - ატლანტიკიდან ურალამდე.
    პრინციპული თვალსაზრისით, სტრასბურგის სამიტზე საქართველოს სრულუფლებიანი წევრობის საკითხი ვერ გადაწყდებოდა, საამისოდ სხვა მექანიზმი არსებობს, რომელიც გამორიცხავს გადაწყვეტილების მიღებას დეკლარაციის დონეზე. ევროპის საბჭოს წევრობა, მიუხედავად თითქოს ამ ორგანიზაციის სიმბოლურობისა, საკმაოდ მძლავრი ბერკეტია პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის თვალსაზრისით, ამიტომ ევროპის საბჭო აჩქარებას არ აპირებს. საქართველომ უნდა აიძულოს (სწორედ აიძულოს - ავტ.) იგი, აჩქარდეს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ გზაზე კი ყველაზე მეტად ზუსტი მოქმედება გვჭირდება. სწორედ ასეთი, «ვითომდაც სიმბოლური» სამიტების დროს (რომელნიც სინამდვილეში ქმნიან ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ წინაპირობებს ევროპულ ინტეგრაციაში რეალური მონაწილეობის მისაღებად), შეიძლება იქნას მიღწეული ყველაზე მთავარი - საქართველოს ნამდვილი (არაფორმალური) აღიარება ევროპულ სახელმწიფოდ.
    ამის შემდეგ მიღწეულის ლეგიტიმაცია, ანუ 1გაფორმება», დროისა და ტექნიკის საქმე იქნება.

7 დღე, 13 ოქტომბერი, 1997 წ.

მთელ გვერდზე