შევარდნაძის მუშტს ელცინმა მასკარადით უპასუხა
   

    კიშინიოვში, დსთ-ს მორიგ სამიტზე, საქართველომ ისევ და ისევ «თანამეგობრობის» მექანიზმებით სცადა აფხაზეთის პრობლემის «დაძვრა»
    უნდა ვაღიაროთ, ამჯერად გარკვეულ შედეგს მიაღწია. არადა, არც ერთი საკითხი იმ «სამიტებზე» რეალურად არ წყდება და საკმარისია თვალყური ადევნო თვით მუშაობის პროცესს, საერთო ატმოსფეროს, რომ საბოლოოდ დარწმუნდე: თორმეტი პრეზიდენტი რაღაც უცნაურ, ილუზორულ სპექტაკლს დგამს, - განსაკუთრებული მიზანსცენებითა და მხატვრული ხერხებით: კიშინიოვში თოთხმეტი საკითხი უნდა განეხილათ. განიხილეს მხოლოდ ორი: დსთ-ს კონფლიქტური სიტუაციების კომიტეტის შექმნა და დსთ-ს საერთო აგრარული სივრცის დაფუძნება. არც ერთ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მეტიც: მთავრობის მეთაურთა საბჭოს სხდომაზე ორივე წინადადებამ ისეთი მწვავე დისკუსია გამოიწვია, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი ლამის ლანძღვაზე გადავიდა - მაგალითად, უკრაინელ კოლეგას ქუჩური ჟარგონით დაუწყო ლაპარაკი: «Ты, что б... (კინაღამ წამოცდა), там читаешь არადა, ყველაფრის მიზეზი თავად იყო.
    «კომიტეტის» საკითხის განხილვის დაწყებისთანავე ჩერნომირდინმა (ზოგიერთი მას რუსეთის პრეზიდენტობასაც უწინასწარმეტყველებს - ავტ.), როგორც იტყვიან, «ყალბი თავმდაბლობის გარეშე» განაცხადა, რომ საკუთარი თავი დანიშნა კომიტეტის თავმჯდომარედ, რომელიც მართალია, ჯერ არ შექმნილა, მაგრამ მოწოდებულია, «მიიღოს კარდინალური გადაწყვეტილებები» დსთ-ს სივრცეზე კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების თვალსაზრისით.
    ბუნებრივია, ამგვარ ბრიყვულ განცხადებას დსთ-ს წევრი სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენელთა «თავშეკავებულად მძაფრი» რეაქცია მოჰყვა. ოღონდ მათ მაინც მოახერხეს პროტესტის შენიღბვა დიპლომატიური ფრაზეოლოგიით: ჯერ არ შექმნილა პირობები; არ არსებობს შესაბამისი მექანიზმები; მეტისმეტად რადიკალური განცხადებაა და ა.შ.
    სინამდვილეში, ამგვარი კომიტეტის შექმნა ნიშნავდა, რომ არა მხოლოდ უკვე ათვისებული, არამედ კრემლის ლაბორატორიებში «დაპროექტებული» კონფლიქტების მართვის ყველა ბერკეტი მოსკოვს მოეგდო ხელთ შესაბამისი შედეგებით დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და უშიშროებისათვის.
    არანაკლებ მწვავე დისკუსია გაჩაღდა «აგრარული ბაზრის» საკითხზეც. რაკი «საერთო საბაჟო კავშირში» ვერ შეათრია დსთ-ს წევრთა უმრავლესობა, რუსეთი ცდილობს, ოდნავ ასწიოს «რკინის ფარდა» სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის და ამით შეიტყუოს მეზობლები «საერთო საბაჟო სივრცეში».
    თანაც რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის (!) კისელიოვის განცხადებით, თურმე ტერმინი: «სივრცე», არ აკმაყოფილებთ, «ტერიტორია» უნდა ჩაიწეროსო.
    საქართველოს დელეგაციამ ამ საკითხშიც თავი შეიკავა: რა აზრი აქვს ნებისმიერ «საერთო ბაზარში» მონაწილეობას დსთ-ს ფარგლებში, როდესაც მოქმედებს კონვენცია «თავისუფალი ვაჭრობის» შესახებ და ამ კონვენციის ხელმომწერი მისივე მოქალაქეების კუთვნილი სატრანზიტო ტვირთის გასატარებლად საქართველოს საავიაციო დაბომბვით ემუქრება?
    უარესი ამბები დატრიალდა დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომაზე. ყველა პრეზიდენტმა (ელცინის ჩათვლით) ლუკაშენკო სასაცილოდ აიგდო, შემდეგ თანამეგობრობის პერსპექტივაზე დაიწყეს მსჯელობა და ბორის ნიკოლაევიჩიც ლაზათიანად გამოლანძღეს («რუსული პრესაც კი მინდობს, ავადმყოფი ვარ, ამათ კი არ დამინდესო» - ჩიოდა ელცინი). ერთგვარად ანეკდოტური სიტუაციაც იქმნება: ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი, რომელიც რუსეთთან და ბელორუსთან ერთად «განსაკუთრებული კავშირის» შექმნას ცდილობს, სხვებზე მეტად «კრიტიკულადაა» განწყობილი რუსეთის მიმართ.
    ერთი სიტყვით, კიშინიოვში ყველა «მუშაითობდა». საქართველოს პრეზიდენტმა, ყურადღება როგორმე რომ მიეპყრო, მაგიდაზე «მუშტის ბრახუნით» ძლივს «წამოწია» აფხაზეთის პრობლემა. ედუარდ შევარდნაძემ ჯერ ევგენი პრიმაკოვს «მიახალა პირში»: «მატყუარები ხართ, 5 წელიწადია, გვატყუებთ, არც გინდათ და არც შეგიძლიათ პრობლემის გადაწყვეტა», შემდეგ კი ელცინის თანდასწრებით გაბედა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, მიღებულ გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის გამო დაადანაშაულა. ჩერნომირდინი, პროტესტის ნიშნად ადგილიდან წამოხტა, მაგრამ ელცინი, მარცხენა ხელით იდაყვში სწვდა და დასვა.
    ის იყო, დსთ-ს ლიდერები დაშლას აპირებდნენ, მაგრამ სიტუაციამ დააინტერესათ და შევარდნაძის «რიგგარეშე» სიტყვის მოსასმენად ადგილებს დაუბრუნდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც იქნა, გამოთქვა პროტესტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფაქტობრივად, იზიარებს არძინბას წინადადებას «ლტოლვილთა ქვოტირების» თაობაზე. ამ წინადადების შესაბამისად, გალის რაიონში უნდა დაიწყოს ქართველ ლტოლვილთა დაბრუნება «აფხაზური მილიციის» ზედამხედველობით, კვირაში ორასი ადამიანის ოდენობით (ანუ, მხოლოდ ერთ რაიონში დევნილთა შესვლა წლობით გაგრძელდება), ხოლო საზღვარი, მდინარე ფსოუზე დაუყოვნებლივ გაიხსნება. მისი თქმით, საქართველო ეკონომიკურ სანქციებს მოხსნის, როდესაც უკანასკნელი ლტოლვილი დაბრუნდება გალის რაიონში.
    აქ ელცინმა ახალი მასკარადი დადგა. საქართველოს პროტესტი გაიზიარა და პრიმაკოვს შეჰყვირა: «ხმა ჩაიკმინდე, ეს ჩემი გადასაწყვეტიაო». გადაჭარბება არ გეგონოთ, სწორედ ასე იყო. ელცინის განცხადებით, იგი სავსებით სამართლიანად მიიჩნევს შევარდნაძის გეგმას და ყველაფერს გააკეთებს მისი რეალიზაციისათვის. პრიმაკოვი და პასტუხოვი დაუყოვნებლივ ეცნენ სამდივნოს, რათა მათი პრეზიდენტის გამონათქვამი ოფიციალურად არ დაფიქსირებულიყო, მაგრამ «ვერ მოახერხეს».
    ამგვარად, ბორის ელცინის «გაუფრთხილებელი» ფრაზა (Слово не воробей) უეჭველად «ამოტივტივდება» დსთ-ს მომავალ «რიგგარეშე საგანგებო» სამიტზე მოსკოვში, 23 იანვარს, როდესაც საქართველო კვლავ შეეცდება «აფხაზური წრიდან» გამოვიდეს.

7 დღე, 27 ოქტომბერი, 1997 წ.

მთელ გვერდზე