მაამებლობის ხარისხი
   

    პროკურატურის მაღალჩინოსან წარმომადგენელთა განცხადებით, ლტოლვილ ქალს, კლარა შუკვანს, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ლტოლვილთა მიტინგზე პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი ტრანსპარანტი გამოიტანა, ბრალად ედება «ბოროტი ხულიგნობა» და ემუქრება თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე.
    მოსალოდნელია, რომ ეს საქმე თანდათან «აგორდება» და ქართველ პოლიტიკოსთა, აგრეთვე «პოლიტიკას დაახლოებულ პირთა» ძირითად «საკვებად» იქცევა.
    კლარა შუკვანის დასაცავად უკვე იქმნება «საზოგადოებები», კეთდება შესაბამისი განცხადებები და ა.შ.
    ადამიანის უფლებათა დამცველის გიორგი კერვალიშვილის აზრით, «ბოროტი ხულიგნობა» საზოგადოების აშკარა და ცინიკური შეურაცხყოფის აქტია - შუკვანს კი მსგავსი არაფერი ჩაუდენია. რაც შეეხება შეურაცხმყოფელი წარწერის შემცველ ტრანსპარანტს («ძირს არძინბას ნახმარი შევარდნაძე»), საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს კანონი და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომელიც ამგვარ სანქციას ითვალისწინებს საკუთრივ პრეზიდენტის ან სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისათვის. ხოლო თუ თავად ედუარდ შევარდნაძემ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად, - კერვალიშვილის თქმით, მან საერთო წესით უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მორალური ზარალის ანაზღაურება.
    როგორც ჩანს, პროკურატურას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის შეურაცხყოფა ისედაც მთელი საზოგადოების შეურაცხყოფაა, მაგრამ თავისი ქმედებით იგი შევარდნაძესაც დათვურ სამსახურს უწევს და ნამდვილად ვერ აქცევს კლარა შუკვანის საქმეს «აღმზრდელობით ნიმუშად». უფრო პირიქით, - ამით კიდევ უფრო გამწვავდება დისკუსია არძინბას თბილისში ვიზიტისა და ამ ვიზიტის შედეგების თაობაზე, კიდევ უფრო შეილახება პრეზიდენტის ავტორიტეტი: დაიწყება ცინიკური ქირქილი და ხითხითი, სკაბრეზული ანეკდოტები და ა.შ.
    ყოველივე ეს განუზომლად უფრო «მძიმე» ფონს შეუქმნის ედუარდ შევარდნაძეს, ვიდრე ის ერთი ტრანსპარანტი. ამ ვითარებაში ყველაზე ჭკვიანური ქმედება პროკურატურის მხრიდან იქნებოდა შუკვანის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, - ამით იგი საკუთარ მოვალეობასაც შეასრულებს და შუკვანის მომხრეებსაც გამოაცლის ხელიდან არგუმენტებს.
    რაც უფრო დიდხანს დაჰყოფს ციხეში ეს ქალბატონი და რაც უფრო გაჭიანურდება აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა (მიუხედავად არძინბას ვიზიტისა) მით უფრო შერბილდება თვით სკაბრეზული ტრანსპარანტის მიუღებელი ფორმის აღქმა და მით უფრო იქცევა შუკვანი «მასათა პროტესტის» გამოხატულებად. პროტესტის ფორმას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.
    კიდევ უფრო საინტერესოა თვით ედუარდ შევარდნაძის პოზიცია. აქ არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, პრეზიდენტის ღირსების დაცვით პროკურატურა მთლიანად ხელისუფლების და მათ შორის საკუთარ პრესტიჟსაც იცავს. შუკვანის დასაპატიმრებლად მას სპეციალური ბრძანება არ დასჭირდებოდა, მით უმეტეს, შევარდნაძეს სხვაზე უკეთ ესმის, რომ ამგვარი ბრძანება არ უნდა გასცეს: ეს ქალი «იმ» ტრანსპარანტისათვის დააპატიმრეთო;     მაგრამ რაკი დააპატიმრეს, ახლა არც გათავისუფლებას უბრძანებს. არა იმიტომ, რომ პრეზიდენტი ვერ მოახერხებს პროკურატურაზე ზეწოლას, არამედ პრინციპული მოსაზრებებით. ამგვარი ჩარევა საკმაოდ არასასიამოვნო პრეცედენტს შექმნის და თვით პროკურატურასაც გაანაწყენებს, რომელიც, დოქსოპულოსი არ იყოს, ამაოდ დაშვრა . . . არადა ღმერთია მოწამე. . . ამიტომ, აუცილებელია «ოქროს შუალედის» დაცვა, რათა სუბორდინაციის კანონები არ დაირღვეს.
    ამ კანონებს კი არა მხოლოდ «ზევით», არამედ «ქვევით» მიმართული ვექტორებიც აქვს. აქვე ვიტყვი, რომ ძალიან ძნელი გასარჩევი და დასადგენია, როდის იქცევა ესა თუ ის სამართალდამცავი ორგანო «გულწრფელად» კანონის დასაცავად და როდის ახორციელებს ეშმაკურ პროვოკაციას პრეზიდენტის კიდევ უფრო მეტად დისკრედიტაციისათვის. ზვიად გამსახურდია 1991 წლის შემოდგომაზე სწორედ ამგვარი «მეთოდის» ძალზე ჭკვიანური გამოყენების მსხვერპლად იქცა.

მერიდიანი, 20 ოქტომბერი, 1997 წელი

მთელ გვერდზე