დოლია ბაბენკოვს მალე «გაუშვებენ»
   

    როგორც ცნობილია, ვარდიკო ნადიბაიძეს არ ახასიათებს «მკვეთრი დემარშები» თავისი რუსი კოლეგების მიმართ. ამ შემთხვევაში «კოლეგიალობა» არა მარტო იმ გაგებით იგულისხმება, რომ სამხედრო პირმა სამხედროს არ უნდა აწყენინოს, არამედ უფრო მნიშვნელოვანი ნიუანსითაც: საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუსეთის არმიიდან არ არის დემობილიზებული და პენსიის უფლებასაც ინარჩუნებს. ანუ იგი ერთდროულად საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალთა სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად ამისა, მოსკოვში მან მკაცრი განცხადება გააკეთა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალების მხედართმთავრის, გენერალ ბაბენკოვის წინააღმდეგ. ეს დამოკიდებულება მოგვიანებით ედუარდ შევარდნაძემაც დაადასტურა. ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა: «დოლია ბაბენკოვზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, შეიკრიბება ესენგეს სახელმწიფო საბჭო და ეს კაცი («დოლია ბაბენკოვი - ვ.ხ.) მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა».
    ცოტა არ იყოს, გასაკვირია, რას გულისხმობდა პრეზიდენტი. ამგვარი განცხადებები საქართველოს ხელისუფალთ თვით ბაბენკოვის წინამორბედის გენერალ იაკუშევის წინააღმდეგაც არ გაუკეთებიათ, მიუხედავად იმისა, რომ გენერალ იაკუშევის «მშვიდობისმყოფლობის» პერიოდში გალის ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ აფსუა სეპარატისტებმა რამდენიმე დამსჯელი ოპერაცია ჩაატარეს და გენოციდის ახალი ტალღაც ააგორეს.
    ხანგრძლივი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ელცინმა იაკუშევი შეცვალა. სხვათა შორის, იურიდიულად მას სრული უფლება ჰქონდა, არ გამოეწვია გენერალი, ვინაიდან საქართველოს პრეროგატივაა, მოითხოვოს სამშვიდობო ჯარების გაყვანა ენგურის ნაპირებიდან, ხოლო კონკრეტულად ვინ იქნება სარდალი, საქართველოს არ მოეკითხება. ეს რუსეთის შეიარაღებულ ძალთა უმაღლესი მხედართმთავრის ან თავდაცვის მინისტრის გადასაწყვეტია. მიუხედავად ამისა, იაკუშევი ბოლოს და ბოლოს მაინც «მიაბრძანეს» ამ (სხვათა შორის, მეტად «თბილი» და «ყუათიანი») პოსტიდან. მის ნაცვლად დანიშნულმა დოლია ბაბენკოვმა კი საერთოდ გაუცრუა იმედი ქართულ მხარეს. ჯერ ერთი, მან კოდორის ხეობაში სამშვიდობო ძალთა პოსტები შეამცირა და ამით ტრაგიკომიკული ვითარება შექმნა: კერძოდ, სოფელ ლათასთან, აფხაზური «რეგულარული არმიის» ქვედანაყოფებიდან ორასიოდე მეტრში განლაგებულია რუსული პოსტი, რომლის «სამხედრო მოსამსახურენი», შორტებში(!) და «შლოპანცებში» გამოწყობილნი, მზეს ეფიცხებიან. ადგილობრივი ქართველები კი გაიძახიან: «ამათ იმედზე ჩვენი მტერი იქნაო», მაგრამ დოლია ბაბენკოვი კოდორზე ახალი პოსტების გახსნის კატეგორიული წინააღმდეგია. გარდა ამისა, მისი მმართველობის პერიოდში გალის რაიონში ქართული მოსახლეობის სტიქიური დაბრუნება შემცირდა, ხოლო რუსმა მედესანტეებმა საერთოდ «აიშვეს»: ჯერ იყო და, აფხაზურ «მილიციასთან» ერთად, გენოციდის ახალი ტალღა ააგორეს, შემდეგ მთვრალები ერთმანეთს დაერივნენ და ათეულობით «მშვიდობისმყოფელი» თავადვე ამოჟლიტეს.
    დოლია ბაბენკოვი ყოველივე ამას ოლიმპიური სიმშვიდით აკვირდებოდა. მხოლოდ მაშინ ამჟღავნებდა სიფიცხეს, როდესაც საქმე «თეთრ ლეგიონს» შეეხებოდა. მისი ჯარისკაცები რამდენჯერმე მონაწილეობდნენ კიდეც ქართველი პარტიზანების დევნაში, თუმცა თავად ბაბენკოვი უსირცხვილოდ ტყუოდა: არავითარი საბრძოლო მოქმედება გულრიფშის რაიონში არ ყოფილა - ყოველივე ეს ჟურნალისტების (უპირველესად ქართველი ჟურნალისტების) შეთხზულიაო. სინამდვილეში კი იმ ოპერაციის დროს რამდენიმე ქართველი პარტიზანი და ათეულობით აფსუა «ბოევიკი» დაიღუპა.
    მიუხედავად ზემოთქმულისა, საეჭვოა, დოლია ბაბენკოვის შეცვლას საქართველოსთვის რაიმე სასიკეთო ცვლილება მოჰყვეს, ვინაიდან სამშვიდობო ძალების მთავარსარდალი მოქმედებს (და იმოქმედებს) მხოლოდ მისთვის განკუთვნილი მანდატის შესაბამისად.
    სამაგიეროდ, სამშვიდობო ძალების სარდლის «შეცვლის» მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლება პერმანენტულად ადასტურებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას სამშვიდობო ძალების მიმართ, თუმცა მათ გაყვანას მაინც არ მოითხოვს.

მერიდიანი, 8 ოქტომბერი, 1997 წელი

მთელ გვერდზე