ქართულ ენერგეტიკას შესაკრებთა გადანაცვლებით არაფერი ეშველება

    პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ საქართველოს «ენერგოელიტის» ვიწრო წრეში რეპრესიათა განხორციელების თაობაზე მოსახლეობას კმაყოფილება ნაკლებად მოჰგვარა, ვინაიდან უშუქობით დატანჯული პლებსისათვის (განვასხვაოთ პატრიციებისგან, რომელთაც ენერგიის საკუთარი, ავტონომიური წყაროები აქვთ) კარგა ხანია გასაგები გახდა: უშუქობისა და ზამთარ-ზაფხულ გაუთავებელი ტანჯვა-წამების მიზეზი იმდენად სუბიექტური უნიჭობა ან არანაკლებ სუბიექტური მექრთამეობა არ არის, რამდენადაც, ზოგადად, ამ სფეროში არსებული «სტრატეგიული პრობლემატიკა» (პრეზიდენტის ტერმინოლოგიით).
    ამდენად, «საქენერგოგენერაციის», «თელასის» თუ თვით «საქენერგოს» ხელმძღვანელთა თანამდებობიდან «გათავისუფლება» ან თუნდაც დაპატიმრება (აკი იმუქრებოდა კიდეც ქარაგმულად პრეზიდენტი), მდგომარეობას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის.
    მოსახლეობა იმასაც კი ხვდება, რომ ელექტრომომარაგებაში ვითარების ოდნავი გაუმჯობესება გასული კვირის მიწურულს იმდენად განხორციელებული «წმენდის» შედეგი არ არის, რამდენადაც რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების განახლებისა. «დანდობილმა» დავით ზუბიტაშვილმა, რომელიც «წმენდას» გადაურჩა, ჯერ კიდევ 1994 წელს (თურქმენეთიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეწყვეტისთანავე) აუხსნა მოსახლეობას: საბჭოთა საქართველოს» ენერგეტიკულ კომპლექსში ელექტროენერგია მხოლოდ 16-!7 პროცენტი იყო. დანარჩენი 84-83 პროცენტი მოდიოდა ბუნებრივ აირზე, მაზუთსა და სხვა. «იმპერიის დაშლის» შემდეგ საქართველოს შერჩა მხოლოდ ელექტროენერგია - ბუნებრივი აირი მეტისმეტად ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა, მაზუთზე თბოელექტროსადგურების მუშაობა კიდევ უფრო ძვირია, ტყიბულის ქვანახშირი ამ თვალსაზრისით გამოუსადეგარი ყოფილა, ხოლო ენგურჰესი 1993 წელს აფსუა სეპარატისტებს ჩაუვარდათ ხელში.
    ენერგეტიკული თვალსაზრისით, მთელი ეს ვითარება კატასტროფას ნიშნავს. 1992-93 წლებში თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი რაღაცნაირად ახერხებდნენ სომხეთისთვის წაერთმიათ თურქმენული ბუნებრივი აირის დიდი წილი, მაგრამ შემდგომ, როცა საქართველოს საგარეო პოლიტიკა უფრო ცივილური გახდა, ამგვარი «ძველბიჭური» მეთოდებით მოქმედება სერიოზული გართულების გარეშე შეუძლებელი აღმოჩნდა.
    თუმცა, ის ფაქტი, რომ სომხეთი, კვლავაც, თურქმენეთიდან იღებს ბუნებრივ აირს - საქართველოს პატარა გრანტს ნამდვილად აძლევს ტრანზიტის საფასურად მინიმალური ოდენობის ბუნებრივი აირის მიღებისათვის. ეს ოდენობა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას თუ ეყოფა, თანაც მხოლოდ მარტენის ღუმელის გადასარჩენად. მაგრამ აქაც კი, ისახება ჩვენი ქვეყნისთვის საგანგაშო ტენდენცია. სომხეთს ტრანზიტული ტვირთები ირანიდან შემოაქვს. შესაძლოა, მან ბუნებრივი აირიც სამხრეთიდან შემოიტანოს და საქართველოს ეს წყაროც მოაკლდება.
    რაც შეეხება მაზუთს, - ის იმდენად ძვირია, რომ მხოლოდ თბილსრესის სრულად უზრუნველყოფას საწვავით  საქართველოს ბიუჯეტი ვერ გაუძლებს. ძალიან გვიან არის აგრეთვე, დასავლეთ საქართველოში კიდევ ერთი ბაზისური თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებაც - ქვანახშირზე გადასვლით. ახალი თბოელექტროსადგურის აგებას, სულ ცოტა, კიდევ 5 წელი მაინც დასჭირდება.
    საქართველოს ენერგოსისტემის უმთავრესი უბედურება და ნაკლი ის არის, რომ ძალიან ძნელია მისი «გადაწყობა» ახალ სისტემაზე. მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ენერგიის უმთავრესი წყარო ელექტროენერგიაა. იგი გასათბობადაც გამოიყენება, მაგრამ საქართველოში გათბობისთვის იყენებდნენ არა ელექტროენერგიას, არამედ ბუნებრივ აირს. მხოლოდ ლონდონში ექვსი (!) ატომური ელექტროსადგურია, რომლებიც აწარმოებენ თბოენერგიას; საქართველოს ერთადერთი თბოელექტროსადგური კი ნამდვილად ვერ აუვა ზამთრის პერიოდში გათოშილი სახლების «დენით» გათბობას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ენგურჰესი მთლიანად ოფიციალური თბილისის კონტროლს დაექვემდებარება.
    მაშასადამე, სტრატეგიული თვალსაზრისით, პრობლემა უმძიმესია და საეჭვოა უახლოესი წლების განმავლობაში გადაწყდეს. შესაძლებელია მხოლოდ მისი ნაწილობრივი გადაჭრა - მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სრული ამოღების, მკაცრი გრაფიკების დაწესებისა და ეკონომიის პირობით.
    ამასთანავე, დღესვე უნდა დაიწყოს დასავლეთ საქართველოში ახალი ბაზისური თბოელექტროსადგურის, აგრეთვე თურქეთთან მძლავრი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა. არც ხუდონჰესის მშენებლობის განახლებაა დაგვიანებული - თავის დროზე «მწვანეებმა» სვანეთში ტყეები მართლაც იხსნეს გაჩანაგებისაგან, მაგრამ დღეს, ენერგოკრიზისის გამო, ტყეები მთელ საქართველოში უმოწყალოდ ნადგურდება.
   

სარიშვილი-თარგამაძის დუელი გრძელდება
   

    თუ ყურადღებით შევისწავლით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ამჟამინდელი ლიდერის წარსულს, უეჭველად ვირწმუნებთ, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებაში მას ჯერ არ წაუგია. ამდენად, ირინა სარიშვილის არგუმენტი, რომელსაც იგი ღიად თუ ფარულად ხშირად იყენებს კახა თარგამაძის წინააღმდეგ («ასევე ეჭვი ეპარებოდათ ჩემს სიმართლეში, როცა გიორგაძეს ვადანაშაულებდი») ძალიან ძნელი უარსაყოფია.
    მართლაც, ბოლო წლების განმავლობაში ქალბატონი სარიშვილი (უფრო ფართოდ - ედპ და გია ჭანტურია) ძალიან ხშირად ირჩევდნენ სამიზნედ ისეთ პიროვნებებს ხელისუფლებაში, რომელთა რეიტინგი დაბალი იყო არა მხოლოდ და არა იმდენად მოსახლეობის, რამდენადაც თვით პრეზიდენტის თვალში ან რომლებიც ობიექტურად უქმნიდნენ პრობლემებს ედუარდ შევარდნაძეს სახელისუფლებო «იმიჯის» თვალსაზრისით.
    სხვადასხვა დროს, ედპ-ს მსხვერპლნი (ან სამიზნენი) გახდნენ ავთო მარგიანი, თენგიზ სიგუა, ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, იგორ გიორგაძე და ხაჩიშვილი. ყველა შემთხვევაში, კარგად გათვლილმა პოლიტიკურმა სვლამ ნაყოფი გამოიღო: ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა ეს პიროვნებები მოეშორებინა.
    კიდევ ერთი კლასიკური მაგალითია შოთა კვირაია. მართალია, მან პრეზიდენტს თავის დროზე (1995 წელს) ფასდაუდებელი დახმარება გაუწია, მაგრამ «ზუგდიდის ეპიზოდი» (მარადიორების დახვრეტა) და ჟურნალისტთა სატელეფონო საუბრების მოსმენა, განურჩევლად იმისა, ხდებოდა თუ არა ეს უშუალოდ კვირაიას სანქციით - აიძულებდა პრეზიდენტს, ისეთი ნაბიჯი გადაედგა, რომლებიც ერთდროულად მისთვისაც ნიშნავდა პრობლემის «მოშორებას» და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რეიტინგსაც აამაღლებდა.
    გია ჭანტურიას ტაქტიკას ირინა სარიშვილი არანაკლები წარმატებით აგრძელებს. ეს პოლიტიკური ხერხი კვლავინდებურად უცდომელია და მომგებიანი: რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევს უმაღლესი პირი ედპ-ს მოთხოვნას, მით უფრო გართულდება პრობლემა და მით მეტი სისხლის შედეგად გახდება შემდგომ აუცილებელი «გორდიას კვანძის» გაკვეთა - ასე მოხდა იგორ გიორგაძესთან, თემურ ხაჩიშვილთან, ჯაბა იოსელიანთან დაკავშირებით. ხოლო, როდესაც თენგიზ კიტოვანის ან შოთა კვირაიას საკითხი ადვილად «მოგვარდა» - ედპ-ს ავტორიტეტი მაინც გაიზარდა. ერთი სიტყვით, «წაუგებელი ტაქტიკაა», რომლის აღმოჩენის პრიორიტეტი ქართულ პოლიტიკაში სწორედ «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას» ეკუთვნის.
    როგორც ჩანს, ამჯერად «მძიმე» ვარიანტი მეორდება. ანუ კახა თარგამაძე ადვილად არ აპირებს პოზიციის დათმობას და არც პრეზიდენტს ეპიტნავება მისი ერთბაშად გაწირვა. თითქოს ყველაფერი «რიგზეა» და პროცესი მრავალჯერ აპრობირებული გზით ვითარდება, მაგრამ არის ზოგიერთი ნიშანი იმისა, რომ ირინა სარიშვილი (პირველად 1988 წლის შემდეგ) სასტიკად დამარცხდეს. ანუ კახა თარგამაძემ შეინარჩუნოს პოზიცია და არც პრეზიდენტის იმიჯი შეილახოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი დატოვებით.
    ირინა სარიშვილი ისე გაერთო «უტყუარად მიჩნეული» მეთოდის გამოყენებით, რომ ვერ შენიშნა მთავარი განსხვავება კახა თარგამაძესა და ედპ-ს ადრინდელ მსხვერპლთა შორის: ჯაბა იოსელიანიც, თენგიზ კიტოვანიც, თემურ ხაჩიშვილიც, სიგუაც და თვით კვირაიაც მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში სამოქალაქო ომთან ასოცირდებოდნენ. ისინი იმ ეპოქის «შვილები» იყვნენ, როდესაც საქართველო გაიყო «ზვიადისტებად» და «ანტიზვიადისტებად». კახა თარგამაძე კი ახალი გენერაციის წარმომადგენელია და თუ იგი მაინც გაბედავს გამოაქვეყნოს სარიშვილსა და ედპ-ზე პოლიციის ხელთ არსებული «კომპრომატი» - ეს მასალები არც ისე «სასაცილო» და «დაუჯერებელი» იქნება ხალხის თვალში, როგორც სარიშვილს ჰგონია.
    მით უმეტეს, თუ «კომპრომატს» მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები მოამზადებენ. გარდა ამისა ისიც გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტის პოზიცია დღეს გაცილებით უფრო მყარი და სტაბილურია ვიდრე თუნდაც ერთი-ორი წლის წინათ; მით უმეტეს, 1992-1993 წლებში.
    ამდენად, შესაძლოა, მანაც შეუწყოს ხელი დაპირისპირების უშედეგოდ დასრულებას. არა ყაიმის მიღწევას (რაც წარმოუდგენელია მას შემდეგ, რაც უკვე მოხდა), არამედ პერმანენტული, ოღონდ არამზარდი დაძაბულობის შენარჩუნებას.
    კიდევ ერთი, თითქოს შეუმჩნეველი (ყოველ შემთხვევაში, თავად ირინა სარიშვილისთვის) ფაქტორია ყოფილი ედპ-ს, ანუ «სახალხო» ფრაქციის დამოკიდებულება შექმნილი ვითარებისადმი. დაუჯერებელია, მათ თარგამაძის მიმართ რაიმე განსაკუთრებული სიმპათია ჰქონდეთ, მაგრამ სარიშვილისადმი ანტიპათიის გამო მაინც მოითხოვენ «კონკრეტულ საბუთებს» და «ცილისმწამებლის დასჯასაც».
    თუმცა, მამუკა გიორგაძემ, გია კობახიძემ, ვანო ხუხუნაიშვილმა და სხვებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მეთოდი, რომელსაც ირინა სარიშვილი იყენებს - მათი გამომუშავებულია გია ჭანტურიასთან ერთად. ედპ-ს განსვენებული თავმჯდომარის უზადო პოლიტიკური ნიჭი კი ჯერ სათანადოდ არ შეუფასებია პოლიტიკით დაინტერესებულ საზოგადოებას.
   

პეტრე ლუჩინსკის თავხედობა და ესტონელთა «ცივი სითბო»

    საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს (უნდა აღინიშნოს, რომ მოლდოვას პრეზიდენტი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა), ერთობლივ პრესკონფერენციაზე პეტრე ლუჩინსკიმ დაახლოებით ასეთი რამ თქვა: «საქართველოში ყოფნისას დავრწმუნდი: თქვენი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია . . . აი, მძიმე ავადმყოფი რომ გამომჯობინების გზას დაადგება და საცაა რეანიმაციიდან უნდა გამოწერონო».
    თითქოს ქებისა და მოწონების შემცველი სიტყვებია, მაგრამ მოლდოვას პრეზიდენტისაგან ამგვარი შეფასება შეურაცხყოფად, უფრო მეტიც - თავხედობად აღიქმება. საქართველოს პრეზიდენტი ასეთი რამის თქმას მოლდოვის შესახებ არ იკადრებდა მიუხედავად იმისა, რომ იმ ქვეყანას ჩვენზე უკეთესი დღე არ დაადგა უკანასკნელი წლების განმავლობაში.
    ამრიგად, ლუჩინსკიმ თავისი ფრაზით საკმაოდ თავხედურად სცადა საქართველოს გამიჯვნოდა (სხვა საქმე იქნებოდა, მას ეს შედარება ორივე ქვეყნის დასახასიათებლად რომ მოეყვანა) - იგი დაახლოებით ისევე მოიქცა, როგორც «კეთილშობილი» ლიტველების პრეზიდენტი ბრაზაუსკასი: ერთხელა რომ არ გახსენებია საქართველო 1992-1994 წლებში და რუსი ჟურნალისტების კითხვაზე განცვიფრებით იჩეჩდა მხარს: ქართველებს როგორ გვადარებთ, სად საქართველო და სად ლიტვაო.
    ლუჩინსკის სიტყვიერ დემარშს მოლდოველი ჟურნალისტის ვირეშმაკული შეკითხვა მოჰყვა: «რას იტყვით ჰეიდარ ალიევის განცხადებაზე, რომელმაც დაგმო საქართველოსა და სომხეთში რუსეთის ჯარების არსებობის ფაქტი», - თითქოსდა მოლდოვას არ დაეთმოს რუსეთისთვის ჯარების შემოყვანის საკითხში და თავად არ ატარებდნენ «რუსეთუმე» პოლიტიკას თვით სასკოლო განათლების სფეროშიც კი.
    ასეა, - ყველა ჩვენთან არის გულადი და «გამარჯვებული».
    იმავე ლუჩინსკიმ «სვობოდნაია გრუზიასათვის» მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: დნესტრისპირეთს და აფხაზეთს ერთმანეთს ნუ ადარებთ - აფხაზეთისგან განსხვავებით დნესტრისპირეთში ეთნოკონფლიქტი არ ყოფილაო, რაც ფორმალურად თითქოს მართალია, მაგრამ ესეც საქართველოსგან გასამიჯნად ითქვა - შინაარსობრივად კი, ორივე კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ერთსა და იმავე იმპერიული მოვლენის გამოხატულებაა.
    ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამაც მეტი სოლიდურობა უნდა გამოიჩინოს და ლუჩინსკის მსგავსი სახელმწიფო მოღვაწეები (მასშტაბს ვგულისხმობ) «გავლით» არ უნდა ისტუმროს. თუ საქართველოში ვიზიტად ჩამოსვლა სურს, სპეციალურად ჩამობრძანდეს და არა «გავლით» ბაქოდან - კიშინიოვში.
    ამ თვალსაზრისით, ნამდვილად მოსაწონი იყო ზურაბ ჟვანიას საქციელი, რომელიც ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს აეროპორტში არ დახვდა - ეს უკანასკნელიც ხომ ზუსტად ასევე მოიქცეოდა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რომ სწვეოდა ტალინს. და საერთოდ, დიპლომატიური კონტაქტებისას მეტი თავდაჭერილობა გვმართებს.
    პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოსროლილი ყალბი ბრალდება-სტერეოტიპი: «ქვეყანა იზოლაციაში მოაქციო» - დიდწილად იმით იყო განპირობებული, რომ ზვიად გამსახურდია სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს გარეგნულადაც მხოლოდ იმდენად სცემდა პატივს, რამდენადაც ისინი სცემდნენ პატივს მის ქვეყანას.
    ეს არც ისეთი წვრილმანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს - სტუმრად მყოფი სახელმწიფო მოღვაწის პატივსაცემად შენი დედაქალაქის საავტომობილო გზები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადაკეტო, თუ იგი ასევე მოიქცევა (ან მოიქცეოდა) შენი სტუმრობისას.
   

ორშაბათი ჯაბას განკითხვის დღეა
   

    უზენაეს სასამართლოში, ბოლოს და ბოლოს, იწყება მხედრიონის ლიდერთა პროცესი. ჯაბა იოსელიანსა და კამპანიას ბრალად ედება რამდენიმე ტერორისტული აქტის განხორციელება, ადამიანების გატაცება, ძარცვა-ყაჩაღობა და სახელმწიფოს მეთაურზე თავდასხმა.
    იმთავითვე უნდა ითქვას, რომ უკლებლივ ყველა ბრალდებულისთვის სასამართლო დარბაზში (თუნდაც გალიებში) შესვლა ნამდვილად შვებისა და სიხარულის მომგვრელი იქნება. დასრულდა ორწლიანი გამოძიება, ორწლიანი ყოფნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ პროკურატურის სპეციზოლატორთა ჯურღმულებში - წინაა უზენაესი სასამართლოს ნათელი დარბაზი, მომხრეებით აღსავსე «აუდიტორია», მონოლოგები, ტელეკამერები, მასმედიის განსაკუთრებული ყურადღება, ინტერვიუები პირდაპირ სხდომის მსვლელობისას ან შესვენებაზე, რეპორტაჟები საქართველოს, რუსეთისა და მსოფლიოს ტელეეკრანებზე, ანალიტიკური სტატიები, კითხვა-პასუხი, ხუმრობა, სიცილ-კისკისი, პოლიტიკური დემარშები, ხელისუფლებისთვის ძრწოლის მომგვრელი დეტალები უახლოესი წარსულიდან - ერთი სიტყვით, გართობა და ნეტარება (შედარებით, რა თქმა უნდა) ორწლიანი «ჯურღმულის» შემდეგ.
    ამდენად, დარწმუნებული ვარ, დღევანდელ დღეს განსასჯელები, უპირველესად კი ჯაბა იოსელიანი გულისფანცქალით ელოდნენ. შიშის ნატამალი მათ გრძნობებში არ გაერეოდა, რადგან სიკვდილით დასჯა უკვე გაუქმებულია, საქართველოს სპეციფიკა კი «სამუდამო პატიმრობის» სასჯელს უეჭველად აქცევს დროებით ფარსად.
    ქართული პოლიტიკური ელიტის, - პოლიტოკრატიისთვის დღეს დაწყებული სასამართლო ძალიან სერიოზული გამოცდაა. ძნელი დასაძლევია ესოდენი ცდუნება, როცა კარგად იცი, რომ მასმედიის ყურადღება ამ პროცესზე იქნება კონცენტრირებული.
    თუმცა, ამ პოლიტოკრატიას უახლოესი წარსულის მწარე გამოცდილებამ მაინც ბევრი რამ ასწავლა. ამდენად, როგორც იქნა მიხვდა: «მხედრიონის» გულშემატკივრობა აღიზიანებს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს. ამიტომ, რაკი ახალი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება ამ პირობებში და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ მოხერხდება, სჯობს, «ჩრდილში» დარჩნენ, ვიდრე ჯაბა იოსელიანის დაცვისას ადრინდელივით «თმები დაიგლიჯონ». ალბათ ერთადერთი გამონაკლისი ქართველ პოლიტოკრატთაგან გელა ნიკოლაიშვილია. თუმცა, იგი უკვე გაირიცხა «ილია ჭავჭავაძის საზოგადოებიდან». სხვები კი იძულებულნი არიან, ამომრჩევლის განწყობას მეტი ყურადღება მიაქციონ.
    სასამართლოზე «მხედრიონელთა» დაცვა (არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისით) ნამდვილად ძნელი იქნება, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, გია ჭანტურია ხომ ვიღაცამ მოკლა, ასევე, სოლიკო ხაბეიშვილიც ვიღაცამ გამოასალმა წუთისოფელს და არც 29 აგვისტოს აფეთქება იყო სიზმარი.
    თუ ჯაბა იოსელიანის ადვოკატი შეეცდება, საქმე ისე წარმოადგინოს, თითქოს ტერორისტული აქტები მართლაც «მხედრიონელებმა» მოაწყვეს, მაგრამ კონკრეტულად მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაფერ შუაშია (მან არაფერი იცოდა) - ამას არავინ დაიჯერებს და სხვა განსასჯელებსაც შეიძლება არ მოეწონოთ.
    უფრო მეტად სავარაუდოა, რომ წინასწარ შეთანხმებული სცენარით მოხდება ყველაფრის (უპირველესად, ორგანიზატორობის) გადაბრალება იგორ გიორგაძეზე.
    თუმცა საქართველოს უშიშროების შეფს იმაზე მეტი ბრალდება, ვიდრე რეალურად დამნაშავეა. ძნელად თუ შეიძლება ვინმემ ირწმუნოს, რომ ისეთი «მგლები», როგორებიც გიგა გელაშვილი და მისი ძმაკაცები იყვნენ, იგორ გიორგაძის ჭკუაზე ივლიდნენ. უფრო პირიქით იქნებოდა, თუმცა, ამის აღიარება დღეს უკვე აღარავის აძლევს ხელს.

დილის გაზეთი, 1 დეკემბერი, 1997 წ.

მთელ გვერდზე