ვაი, რა ბოძი წაიქცა . . .

    ქალბატონ ბურჯანაძის გადადგომას (ეს სწორედ «გადადგომაა» პოლიტიკური აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად იგი ინარჩუნებს პოსტს არჩევნებამდე) როგორც კონკრეტული, ასევე სიღრმისეული მიზეზები აქვს.
    პირველთ რაც შეეხება და რაც გარეგნულია (თუმცა, რასაკვირველია მნიშვნელოვანი) უდავოდ საარჩევნო სიას უკავშირდება.
    ყველაზე თვალში საცემი (რაც, სამწუხაროდ არავის ეცა თვალში) «ნაციონალთა» სიაში კობა სუბელიანის მეორე ნომრობაა, რასაც (ამაში ურყევად დარწმუნებული ვარ) ნინო ბურჯანაძე არაფრის დიდებით არ დაეთანხმებოდა. საპარლამენტო წრეებთან დაახლოებული წყაროს თქმით «არისტოკრატმა ქალბატონმა ვერ აიტანა პირველ-მეორე ნომრად «სანტექნიკოს» სუბელიანთან დაწყვილებაო».
    ასეა თუ ისე, ნინო ბურჯანაძე უკვე მეორედ აღმოჩნდა სიტუაციაში (პირველად, 2004 წელს) როდესაც მის რეალურ გავლენასა და წონას პარტიაში (რომლის წევრიც, იგი, სხვათა შორის, არასდროს ყოფილა) და ხელისუფლებაში რეალური ტესტი უნდა გაევლო. და ამ ტესტის შესაბამისად აღმოჩნდა, რომ ეს გავლენა სინამდვილეში ნულს უახლოვდებოდა. «უახლოვდებოდა» მათემატიკური Limes უსასრულობით – თუ ამ რეალობას გარეგან შთაბეჭდილებას და ილუზიას შევადარებთ.
    მეორედ ამგვარი რამ ქალბატონი ბურჯანაძისთვის ნამდვილად ძნელად ასატანი იქმნებოდა არა მხოლოდ ემოციური, არამედ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისითაც.
    დავაკვირდეთ: მმართველი პარტიის რეალური ლიდერი – პრეზიდენტი სააკაშვილი დღენიადაგ იმეორებდა, რომ ნინო ბურჯანაძე იქნებოდა მმართველი პარტიის «სახე» და პირველი ნომერი არჩევნებში, მაგრამ მას არასდროს უთქვამს, რომ სწორედ ნინო ბურჯანაძე იქნებოდა მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე!
    ზემოთხსენებულ რეალობასთან კორრელირებაში კი (ანუ მას შემდეგ, რაც მისი კანდიდატურები სიაში არ ჩასვეს), ქალბატონ ბურჯანაძეს უკვე ამაშიც ეჭვი შეეპარა და მოვლენებს დაასწრო, რათა ბევრად იმაზე სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო, როგორც აღმოჩნდა გიგი უგულავას განცხადების შემდეგ, რომელმაც ქარაგმულად სწორედ ამაზე მიანიშნა: ჩვენ როდესაც ვლაპარაკობდით, რომ საპარლამენტო გუნდი განახლებას საჭიროებს, რატომ ეგონა მავანს, რომ ეს განახლება ნინო ბურჯანაძეს არ უნდა შეხებოდაო.
    მართლაც: ბოლოს და ბოლოს, თუკი მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტიდან გაიყვანა და საპარლამენტო ბერკეტებს ჩამოაშორა ისეთი მისთვის მნიშვნელოვანი, ლოიალური და სასარგებლო ფიგურები, როგორებიც იყვნენ მაია ნადირაძე, გიგა ბოკერია, დავით კირკიტაძე, ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ნინო ბურჯანაძის საკითხს ვერ ან არ გადაწყვეტდა?
    - - - - - - - - - - -- - - - - - - - - -- -
    ეს, რაც შეეხება კონკრეტულ, ასევე ვთქვათ «მიმდინარე» თუ «ტაქტიკურ» მოსაზრებებს. ახლა, რაც შეხება სტრატეგიულ და სიღრმისეულ მიზეზებს.
    მათ გასააზრებლად აუცილებელია კვლავ და კვლავ გავიხსენოთ ის გააფთრებული ბრძოლა, რომელიც 2001-2003 წლებში გაიმართა საქართველოში შევარდნაძის მემკვიდრეობისთვის და რომელშიც (რევოლუციამდე!) მიხელ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე სულაც არ იდგნენ ბარიკადის ერთ მხარეს.
    ამის თაობაზე ბევრი რამ ითქვა (იხილეთ ბმული) და დაიწერა (იხილეთ ბმული), ამჯერად მხოლოდ იმასღა დავამატებ, რომ ნინო ბურჯანაძის აზრით, ედუარდ შევარდნაძის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი სწორედ იგი უნდა გამხდარიყო. მაგრამ მიზეზთა გამო მას «გამარჯვება წაართვეს» და პარლამენტის თავმჯდომარეობას დასჯერდა.
    მმართველი გუნდიდან წასვლა კი დღეს ერთადერთი საშუალებაა მომავალში პარტიის შესაქმნელად და 2012-2013 წლების საარჩევნო ციკლში ძალაუფლებისათვის ბრძოლის გასაშლელად.
    მით უმეტეს, რომ «7 ნოემბრის გმირები» ქართული «პოლიტოკრატიისთვის» ათწლეულობით ჩვეულ «ზნეობრიობასა» და «პრინციპულობას» ამჟღავნებენ, რაც ბურჯანაძის გადადგომისთანავე კვლავ და კვლავ გახდა საცნაური.
    როგორც ჩანს, ქალბატონ ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ოთხი წლის შემდეგ იგი საქართველოში კვლავ ბევრს ეხსომება ან, ყოველ შემთხვევაში, ამ წლების განმავლობაში ისე გაირჯება, რომ არავინ და ვერავინ დაივიწყებს.
    მათ შორის ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც 2003 წელს მოულოდნელად გაახსენდა ნოდარ დუმბაძის ერთი გამონათქვამი . . .

 

მთელ გვერდზე