ადგილობრივი თვითმმართველობა – მძლავრი ბერკეტი ქართული სახელმწიფოებრიობის მთლიანობის წინააღმდეგ?

    გასულ კვირას საპარლამენტო ოპოზიციამ კვლავ განახორციელა შეტევა ხელისუფლების წინააღმდეგ «თვითმმართველობის ფრონტზე». ზოგადად, ეს ძალზე მომგებიანი თემაა, ვინაიდან ყოველთვის შეიძლება პრეზიდენტს და მმართველ პარტიას ბრალი დასდო «არადემოკრატიულობაში» თუ ისინი ერთმნიშვნელოვნად არ დაუჭერენ მხარს ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს გამგებლების «პირდაპირ, საყოველთაო, ფარულ» არჩევითობას.
    შესანიშნავი იდეაა. რა თქმა უნდა, ოპოზიციას ამ შემთხვევაში ვერ შეედავები, ვინაიდან იგი «დემოკრატიის პრინციპებს იცავს». ამ პრინციპთა შესაბამისად კი, ხელისუფლება არჩევითი უნდა იყოს არა მხოლოდ «ცენტრში», არამედ «ადგილებზეც»; მაგრამ თუ პრობლემას შევხედავთ არა მხოლოდ ჩვენებურ «პროვინციელ დემოკრატთა» თვალთახედვით, არამედ საქართველოს რეალობათა და უზენაეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესთა გათვალისწინებით, უმალვე ცხადი გახდება, რომ სამწუხარო ტრადიციის შესაბამისად, ოპოზიცია კვლავინდებურად მოქმედებს უპირველესად საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე და არად აგდებს საქვეყნო ინტერესებს. უხეშად თუ ვიტყვით, ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ურცხვად ანიჭებს უპირატესობას საკუთარ საჭიროებებს - ქვეყნის ინტერესებთან შედარებით.
    ბუნებრივია, ოპოზიცია უნდა ცდილობდეს დაასუსტოს ხელისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა კეთდებოდეს ქვეყნის დასუსტების ფასად. ოპოზიციონერები ხშირად ასეთ გამართლებას უძებნიან ხელისუფლების სიჯიუტეს: «მოქალაქეთა კავშირს და პრეზიდენტს არ სურთ რაიონებში გავლენის დაკარგვა, ვინაიდან არჩევნებში დამარცხებისა ეშინიათ». შეიძლება მართალნიც იყონ - არ არის გამორიცხული, ხელისუფლებას ამგვარი მოტივი ჰქონდეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლების ინტერესები ემთხვევა ქვეყნის ინტერესებს. ამ ეტაპზე რაიონულ რგოლში «დემოკრატიის გამარჯვება» არა მხოლოდ «მოქალაქეთა კავშირისა» და ედუარდ შევარდნაძის «პარტიულ ინტერესებს» შელახავს, არამედ ქვეყნის მთლიანობასაც შეარყევს.
    არც ერთი ოპოზიციონერი არ პასუხობს  კითხვას: რას გამოიწვევს რაიონის გამგებელთა არჩევნები საქართველოს იმ რეგიონებში, რომლის მოსახლეობამ, ერთი ჩვენი კოლეგის თქმისა არ იყოს, მხოლოდ გუშინ, ისიც ყურმოკვრით გაიგო, რომ საქართველოში ცხოვრობს? ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ ამ არგუმენტს ხელისუფლება პირდაპირ, ხმამაღლა ვერ იტყვის და ვერ გამოიყენებს თავის დასაცავად, თვითონ კი ვითომ ვერ ხედავენ აქ ვერავითარ საშიშროებას: «რა მოხდა, თუ გამგებელი პარტიკულარისტული ან სეპარატისტული ტენდენციების განვითარებას შეუწყობს ხელს, პრეზიდენტი მას უბრალოდ მოხსნისო». უსინდისო დემაგოგიაა! აბა ერთი წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: ახალქალაქის მოსახლეობამ აირჩია გამგებელი, რომელიც არად აგდებს საქართველოს კანონებსა და კონსტიტუციას, ფარულად აძლიერებს სეპარატისტულ ტენდენციებს და ასე შემდეგ, შეძლებს საქართველოს პრეზიდენტი მის გათავისუფლებას? ჯერ ერთი, მსოფლიოში საქართველოს იმიჯის გათვალისწინებით, არადემოკრატიული ფაქტის ფიქსაციის დონით, არჩეული გამგებლის მოხსნა უფრო მეტად «არადემოკრატიულად გამოჩნდება», ვიდრე მისი დანიშვნა პრეზიდენტის მიერ. გარდა ამისა, ვერც მოხსნის ასე ადვილად - დაიწყება მიტინგები, დემონსტრაციები, კარების აჭედვა, გაფიცვები და ასე შემდეგ. ჩვენებურ ოპოზიციონერებს, - დღენიადაგ ევროპის მაგალითი რომ მოჰყავთ, - არაფრის დიდებით არ სურთ გაიგონ, შეიგნონ: ევროპის ქვეყნებში, სადაც (არა ყველგან, მაგრამ მეტწილად) არსებობს სრული თვითმმართველობა, კარგა ხნის წინ დასრულდა «სახელმწიფო-ნაციათა» ჩამოყალიბების პროცესი. იქ «თვითმმართველობის ნიადაგზე» რაიმე სეპარატისტული ტენდენციების წარმოშობა აბსურდია. მაგრამ საქართველოში ხომ სხვა ვითარებაა? სამწუხაროდ, «საქართველოს ხალხი» ჯერ არ ჩამოყალიბებულა ერთიან ნაციად, ერთიანი სახელმწიფოებრივი შეგნებით, - ამიტომ თვითმმართველობის საკითხებს ძალიან ფრთხილი მიდგომა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომ შეცდომის გამოსწორება უკვე შეუძლებელი გახდება. არა თუ მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც ეგრეთ წოდებული «არაქართული მოსახლეობა» ცხოვრობს, არამედ წმინდა ქართულ რაიონებშიც კი, გამგებლის პირდაპირი არჩევა, ჩვენს პირობებში, გამოიწვევს პარტიკულარისტულ ტენდენციებს, ვინაიდან არჩეული გამგებელი უეჭველად შეეცდება მოსახლეობის გული მოიგოს იმით, რომ კერძო ინტერესი დააყენოს უფრო მაღლა, ვიდრე ზოგადსახელმწიფოებრივი.
    პრობლემას ვერ უშველის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება «გაათავისუფლოს გამგებელი თანამდებობიდან კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის შემთხვევაში» - ჩვენს უკულტურო და სუსტ ქვეყანაში ეს უეჭველად გამოიწვევს სამოქალაქო ომს და ანარქიას. აბა რომელი გამგებელი დაეთანხმება მისი მოხსნის კანონიერებას? რომელი აღიარებს, კონსტიტუცია და კანონები დავარღვიეო. იმ ქვეყანაში, სადაც «კანონიერი ქურდები» საზოგადოებრივი ელიტის ნაწილად ითვლებიან, სასაცილოა არა თუ «ადგილობრივ», არამედ ნებისმიერ «დემოკრატიაზე» საუბარი, ვინაიდან დემოკრატიას მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი უბედურებაა და არა სიკეთე.
    რასაკვირველია, ამ ვითარებით შესანიშნავად ისარგებლებს რუსეთი, რომელსაც სულაც არ შეუწყვეტია ჩვენს ქვეყანაში ახალი დესტაბილიზაციის პროვოცირების მცდელობა.
    დავაკვირდეთ: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადგილობრივი ხელმძღვანელი დანიშნულია, მისი ურთიერთობა ცენტრთან ზოგჯერ სერიოზულ პრობლემებს ქმნის და გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, რომ პრეზიდენტი მას ადვილად გაათავისუფლებს თანამდებობიდან - «ადგილობრივი ელიტის» წინააღმდეგობის გამო. რაღა იქნება მერე, როცა გამგებელი «ამომრჩეველთა ნებით» გახდება რაიონის ლიდერი? თბილისში ალბათ საერთოდ აღარ იკადრებს ჩამოსვლას.
    ეს ყოველივე «ოპოზიციამ» რასაკვირველია, შესანიშნავად უწყის, მაგრამ მისთვის მთავარია ხელისუფლების პოზიციები შეასუსტოს - ქვეყანას რა დაემართება, «მეორეხარისხოვანი საკითხია». ამასთანავე, ოპოზიციონერებს სხვა მხრივაც «თავი ქუდში აქვთ». თუ რაიონის გამგებელთა პირდაპირმა არჩევამ დამანგრეველი პროცესები გამოიწვია, რა ენაღვლებათ, - იტყვიან: აბა რა ჩვენი ბრალია, თუ პრეზიდენტია უვარგისი და თავის უფლებამოსილებას ვერ ასრულებსო. ხომ წერია კონსტიტუციაში, რომ ჯავახეთი და ქვემო ქართლი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და იქ სრულად ვრცელდება ქვეყნის სახელმწიფოებრივი იურისდიქცია? - მაშასადამე თუ პრეზიდენტი იურისდიქციას რეალურად ვერ განახორციელებს, მთელი პასუხისმგებლობა მას დაეკისრება!
    უკვე მერამდენედ ეწირება საქართველოს ინტერესები «პროვინციული დემოკრატიის» ამაზრზენ მოვლენას.

ანდრეი ნიკოლაევი საქართველოს დაუძინებელი მტერი ხდება

    რუსეთის «ფედერალური სასაზღვრო სამსახურის» უფროსის განცხადებას «საქართველოს წინააღმდეგ, თუ საჭირო გახდა, ავიაციას გამოვიყენებო» - თბილისში არავინ განუცვიფრებია. ყველანი მივეჩვიეთ, რომ არც ერთ რუს მოღვაწესთან (პრეზიდენტ ელცინის ჩათვლით) ედუარდ შევარდნაძეს ისეთი ცუდი ურთიერთობა არ აქვს, როგორც გენერალ ნიკოლაევთან; ამიტომ ეს უკანასკნელი დროდადრო აკეთებს თავხედურ განცხადებებს, რათა დაამციროს და სამაგიერო გადაუხადოს საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც 1995 წლის ზაფხულში, თავის მხრივ, ლაზათიანად გამოლანძღა იგი ვლადისლავ არძინბასთან დაუკითხავად შეხვედრისათვის.
    თუმცა, გენერალ ნიკოლაევის ამჟამინდელი დემარში მხოლოდ პიროვნული მტრობით, რა თქმა უნდა, არ არის ნაკარნახევი. კონტრაბანდული სპირტიც მხოლოდ საბაბია, - კრემლში სერიოზულად აშფოთებთ საქართველოს აქტიურობა ჩრდილოეთ კავკასიაში და ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობის ზრდა. აქ არის სწორედ ძაღლის თავი დამარხული! საქართველო, ეკონომიკური თვალსაზრისით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთის, არამედ მთელი ჩრდილოეთ კავკასიისათვის, რომელიც ყურადღებით სწავლობს ამჟამად «ჩეჩნეთის გამოცდილებას» და რუსეთიდან გასასვლელ ალტერნატიულ გზებს ეძებს.
    ამ ინციდენტს მეორე ასპექტიც აქვს: როგორც ცნობილია, ედუარდ შევარდნაძემ ნიკოლაევის განცხადების გამო უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო მოსკოვის 850 წლისთავისადმი (1147 წ. - ავტ.) მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. თუმცა ეს ალბათ მხოლოდ საბაბია. დემარშის (შევარდნაძისათვის უჩვეულოდ რადიკალური დემარშის) მთავარი, სიღრმისეული მიზეზი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში უნდა ვეძიოთ.
    პრეზიდენტი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს საზოგადოებრივ აზრს, ვინაიდან, ასე თუ ისე, მისი მომავალი დიდწილად ამ აზრზეა დამოკიდებული, ხოლო ქართულმა საზოგადოებამ უარყოფითად შეაფასა ბოლო მოვლენები აფხაზეთთან დაკავშირებით.
    ვგულისხმობ, არა იმდენად ვლადისლავ არძინბას ვიზიტს საქართველოში - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნით, - რამდენადაც ამ ვიზიტისა და მოლაპარაკებების უშედეგობას. სწორედ უშედეგობამ გააღიზიანა საზოგადოება და არა თვით მოლაპარაკებათა ფაქტმა.
    ამასთანავე, პრიმაკოვისა და რუსეთის აქტიურობა ფაქტად დარჩა - გამოვიდა, რომ ედუარდ შევარდნაძის «პრინციპულობა» და «ანტირუსული განცხადებები» წლის პირველ ნახევარში ან მოჩვენებითი იყო, ან პრეზიდენტმა «უკან დაიხია»; ორივე შემთხვევაში შევარდნაძის პრესტიჟი და ავტორიტეტი შეილახა, ამიტომ, მან გადაწყვიტა «დარღვეული ბალანსი» აღედგინა და მოეხდინა იმის დემონსტრირება, რომ კვლავინდებურად ძალუძს დამოკიდებული პოლიტიკის გატარება.
    მოსკოვში წასვლაზე უარის თქმა ერთგვარი გაფრთხილებაცაა ელცინისათვის - თუ აფხაზეთის საკითხში რუსეთი უფრო აქტიურ პოზიციას არ დაიკავებს, საქართველოს ხელისუფლება მკვეთრ ნაბიჯებს არ მოერიდება. შევარდნაძემ მოახდინა იმის დემონსტრირებაც, რომ თუ ბოლოს და ბოლოს, დათმობაზე წავა, - ეს იქნება რაციონალური გარიგება და არა რუსეთისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ან მორჩილების გამოვლინება.
    როგორც ჩანს, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მზადდება და შევარდნაძეც მისთვის ჩვეული წინდახედულობით «ამზადებს ნიადაგს», რათა საზოგადოებრივი აზრი ამ გადაწყვეტილებას «მომწიფებული» შეხვდეს.

ვინ მოიპარა ქართული ზარაფხანის ოქრო?

    შეგვიძლია ვიამაყოთ: ქართველებსაც გვაქვს «საუკუნის ძარცვა» - გასულ კვირას, ზარაფხანისა და საიუველირო ქარხნის თანამშრომლებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს (?) რომ საწყობიდან უცნობ პირებს ათეულობით კილოგრამი ოქრო გაუტაციათ. ცოტა არ იყოს კომიკური ვითარებაც იქმნება: ოქრო ალბათ ივნისის ბოლოს გაიტაცეს (ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ საწყობი არავის გაუღია). ამ ხნის განმავლობაში გადადნობილიც იქნება და გაყიდულიც.
    ბუნებრივია, ეს «შინაურის გაკეთებულია». კომპეტენტური წყაროს ცნობით, საწყობის კარი არათუ ჩაკეტილი, დალუქულიც კი იყო(!); ქურდები მხოლოდ იმ სეიფებს «ჭრიდნენ», რომლებშიც ოქრო ეგულებოდათ, - მაშასადამე «საქმის მიმცემი» ქარხნის ან ზარაფხანის თანამშრომელია.
    იმავე წყაროს თქმით, თანამშრომელთაგან «ყველა ადგილზეა», ანუ უახლოეს მომავალში აგატა კრისტის მოთხრობებში უამრავჯერ აღწერილი სიტუაცია უნდა განმეორდეს, როდესაც დამნაშავეს მთელი სპექტაკლის განმავლობაში «მამა აბრამის ბატკნად» მოაქვს თავი. თუმცა, საეჭვოა, ჩვენებურ «ერიკიულ პუაროებს» სულმა არ წასძლიოთ და უბრალო, მრავალგზის ნაცადი ხერხებით არ სცადონ სიმართლის დადგენა, ანუ ეჭვმიტანილთათვის ნეკნების მტვრევით.
    ქურდობასთან დაკავშირებით (პოლიციელები ხაზს უსვამენ: «ტექნიკური საშუალებები გამოიყენოსო - რათა დანაშაულს სხვა კვალიფიკაცია მიეცეს) შესაძლოა წარმოიშვას კონფლიქტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და... ფინანსთა სამინისტროს შორის, ვინაიდან, საწყობისთვის სწორედ ამ უკანასკნელის საუწყებო დაცვას უნდა ედარაჯა.
    კახა თარგამაძის უწყებას კი დიდად არ ეპიტნავება იკისროს პასუხისმგებლობა «საუკუნის ძარცვისათვის», ვინაიდან ბოლო დროს მისი პრესტიჟი ისედაც შეილახა: რამდენიმე გახმაურებული დანაშაული (მაგალითად «კოკა-კოლას» პრეზიდენტის გაქურდვა) კვლავინდებურად გაუხსნელია, ხოლო ირინა სარიშვილი არა და არ ცხრება. პირიქით, დაპირისპირება სულ უფრო მწვავე ხასიათს იძენს: «შტაბბინიდან» ედპ-ს გამოსახლების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუძლია, მაგრამ «გამოსახლების» ყოველი ცდა კრახით სრულდება - ცემა-ტყეპა რუსთაველის გამზირზე ხომ უმძლავრესი დარტყმა იქნება ხელისუფლების პოზიციებზე.
    ირინა სარიშვილმა უმალვე დაუკავშირა ეს ორი მოვლენა ერთმანეთს: «კახა თარგამაძეს ურჩევნია დაკარგულ ოქროს მიხედოსო». თუ საქმე უახლოეს მომავალში არ გაიხსნება, - შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდება: მოსახლეობა მიეჩვია «სასიხარულო ცნობებს» კრიმინალთა წინააღმდეგ ბრძოლის ველიდან. არადა, კვირაია-თარგამაძის «ოქროს ხანა» დასასრულს უახლოვდება: კრიმინალთა ის კატეგორია, რომელთაც ისინი ანადგურებდნენ 1994-1996 წლებში, ასპარეზიდან ქრება. მათ წინააღმდეგ ბრძოლა ძალას უფრო მოითხოვდა, ვიდრე იმას, რასაც «დეტექტივის ხელოვნება» ქვია; რასაკვირველია, ეს უფრო ძნელია, ვიდრე ლაშქრობა ამა თუ იმ ბანდის წინააღმდეგ, რომელიც არ იმალება - უბრალოდ, მანამდე არაფერს უბედავდნენ.
    იმგვარი დანაშაულის გახსნა კი, როგორიც ზარაფხანაში მოხდა, თითქმის შეუძლებელია ნორმალურ ქვეყანაში, «ინგლისის «საუკუნის ძარცვა» დღემდე გაუხსნელია. თუმცა ვინ იცის... ჩვენს პოლიციას ხომ «ეროვნული მეთოდიკა» გააჩნია, რომელიც ხშირად საკმაოდ ეფექტიანია.

დილის გაზეთი, 8 სექტემბერი, 1997 წ.
   

 მთელ გვერდზე