დავით ზეიკიძე - ძველი ფიგურა ახალ პოზიციაში

    მცხეთა-თბილისის პოლიციის ყოფილი შეფი, დავით ზეიკიძე, რომელმაც 1994 წლის გაზაფხულზე ნერვები ვერ მოთოკა და პარლამენტის შენობაში შეიჭრა, იმ აქციის შემდეგ ბევრს «პოლიტიკური გვამი» ეგონა. ეს აზრი განსაკუთრებით განმტკიცდა, როდესაც საქართველოს ტელევიზიამ პოლიციის სამმართველოში გამართულ «გამოსათხოვარ» სხდომაზე გულაჩუყებული, აცრემლებული ზეიკიძე აჩვენა.
    დათო ზეიკიძეს ასე ადვილად ვერაფერი აუჩუყებდა გულს - ვერც «მშობლიურ კოლექტივთან» გამოთხოვება; მაგრამ იმ დროს, როგორც ჩანს, იგრძნო, რომ შორს შეტოპა და შეიძლებოდა სასტიკად დაესაჯათ. ციხის საკანში მოხვედრა კი მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა.
    ზეიკიძემ კონსპირაციის შესაშური უნარი გამოამჟღავნა და მიუხედავად იმისა, რომ შოთა კვირაიას ბრძანებით მას ყველა «ძალისმიერი» სტრუქტურა ეძებდა, მიმალვა შეძლო. თუმცა, იმდენად ოსტატურად დაიმალა, რომ იმავე დროს საარჩევნო კამპანიაშიც კი მიიღო მონაწილეობა.
    მცხეთელებმა ზეიკიძეს ამაგი არ დაუვიწყეს და დეპუტატად აირჩიეს, რის შედეგადაც იგი ხელშეუხებელი გახდა. ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე ჟურნალისტები დავტკბით იდილიური სურათით - თუ როგორ მშვიდად საუბრობდნენ დათო ზეიკიძე და შოთა კვირაია; არავის ეგონა, თუ ეს იდილია ოდესმე დაირღვეოდა, მაგრამ პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე ზეიკიძის გამოსვლამ შეგვახსენა, რომ დამარცხებულ პოლიტიკოსთა ამბიციას თერმობირთვული ძალა აქვს და დროში «ჯაჭვური რეაქციით» ვითარდება.
    მრავალი სიმპტომი არსებობს ზეიკიძის ჭეშმარიტი მოტივაციის აღმოსაჩენად და დასადგენად. უპირველეს ყოვლისა, ნიშანდობლივია, რომ პოლიციის ყოფილი (ოდესღაც ყოვლისშემძლე) შეფის გაღიზიანება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის «რეანიმაციამ» გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, საქმე არც ყოფილა შეწყვეტილი. იგი მხოლოდ «შეაჩერეს» - ზეიკიძის დეპუტატად არჩევასთან დაკავშირებით.
    «გაყინული საქმე» კი უმალვე «აღორძინდა», როგორც კი საამისო აუცილებლობა გაჩნდა. მაშასადამე, გასარკვევი ის არის, თუ ვის რაში დასჭირდა «ზეიკიძის ფაქტორის» კვლავ ამუშავება.
    დღევანდელი ხელისუფლება ნაომარ ველს ჰგავს, რომელზეც უამრავი მოკლული ასვენია; ბევრი მეომარი «ტყვედ იქნა აყვანილი», ბევრიც «უცხოეთში გადაიხვეწა». მთავარმა მოქმედმა პირებმა (გამარჯვებულებმაც და დამარცხებულებმაც) შესანიშნავად უწყიან ერთმანეთის ზნე-ჩვეულებანი, ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთანგარიშები.
    შეიძლება ვივარაუდოთ (თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია): ზეიკიძის ფიგურა შოთა კვირაიას მზარდი გავლენის «გასაწონასწორებლად» დასჭირდა მთავარ მოთამაშეს. ამ უკანასკნელს საერთოდ ჩვევია ამგვარი «საპირწონეების» გამოყენება - საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად და ხელისუფლების სიღრმეში ერთგვარი შინაგანი «ურთიერთკავშირების» შესაქმნელად, რომლებიც მკაცრად იერარქიზირებული სისტემის თითოეულ რგოლს მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ, ლოკალურ ფუნქციას მიანიჭებს.
    ზეიკიძემ დღევანდელი უშიშროების მინისტრის შესახებ ბევრი იცის, თუმცა ბოლო დრომდე ჩუმად არის და მოვლენათა შემდგომ განვითარებას ელის.
    რაკი ვეღარ დააპატიმრებენ (როგორც დეპუტატს) და ქვეყნის უმძლავრესი მიკროფონიც ხელთ უპყრია, მას დიდი უპირატესობაც აქვს. საფიქრებელია, რომ ზეიკიძის პირველი გამოსვლა მხოლოდ ნიადაგის პროპაგანდისტული ფონის შემზადებაა ახალი «სენსაციური მხილებებისთვის».

«მერიდიანი 44», 12 ნოემბერი, 1996 წელი.

მთელ გვერდზე