ჯვარი ახალ ქართულ დროშაზე - «ჯვაროსნული ლაშქრობის» ეპოქის აზროვნების ნიმუში

    გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართა «ჰერალდიკის კომისიის» სხდომა. ეს კომისია მიზნად ისახავს წინადადებათა შემუშავებას საქართველოს ახალ სიმბოლიკასთან დაკავშირებით.
    ძველი (მენშევიკებისეული) სიმბოლიკა რომ შესაცვლელია, თითქოს არავისთვის აღარ არის საკამათო. ქართველ სოციალ-დემოკრატებს თავიანთი უნიათო სამწლიანი მმართველობის პერიოდში (მას შემდეგ, რაც იძულებულნი გახდნენ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ) სხვა რა შეუქმნიათ ფასეული, რომ მათ მიერ «შექმნილი» სიმბოლიკა ვარგოდეს რაიმედ.
    ამჟამინდელი დროშაც, ღერბიც, ჰიმნიც არათუ უგემოვნებობის, უნიჭობის, არაესთეტიურობის, არამედ ჩვეულებრივი უხამსობის ნიმუშია - იგი არ აკმაყოფილებს და არ შეესაბამება არათუ უნივერსალურ ჰერალდიკურ კანონებს (შინდისფერი მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფოს დროშაზე არ ფიგურირებს და მაინც ჩვენ უნდა ვიყოთ გამონაკლისი!), არამედ ქართულ ესთეტიკასაც: ჩვენი მშვენიერი მიწა-წყლის, ჩვენი ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტოვანი ქვეყნის პატრონებს რა გაგვიჭირდა ისეთი, რომ ეროვნული დროშა მოჟამულ ხასიათზე გვაყენებდეს და ძალდატანება გვჭირდებოდეს საკუთარი თავის დასარწმუნებლად, თითქოსდა «მომწონს ეროვნული დროშა» მაშინ, როდესაც არ მოგწონს და (თუ ნორმალური ხარ) არც შეიძლება მოგწონდეს.
    სხვათა შორის, «მენშევიკური სიმბოლიკა» არც საქართველოს პირველ პრეზიდენტს მოსწონდა. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ზვიად გამსახურდიამ განაცხადა: «ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გერბზე გამოხატული მხედარი სისხლის გუბეში ცურავს».
    რასაკვირველია, დღევანდელ დროშას (აგრეთვე სხვა სიმბოლიკასაც) დიდი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში. 1988-91 წლებში შინდისფერი დროშა ამ ბრძოლის სიმბოლო იყო. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. თუ სიმბოლიკა (უპირველეს ყოვლისა, დროშა) შეიცვლება, ძველ დროშასაც შეიძლება ღირსეული პატივი მივაგოთ - საქართველოს პირველ კონსტიტუციასთან ერთად მოვათავსოთ სპეციალურ დარბაზში, მივიღოთ კანონი, რომლის თანახმად ეროვნული დღესასწაულის დღეებში «ძველი» დროშა «ახალს» გაუტოლდება და მასთან ერთად გამოეფინება და ა.შ.
    მაგრამ თუ ზემოხსენებული კომისიის სხდომაზე გამართულ დისკუსიას გავიხსენებთ, შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ «ახალი სიმბოლიკა» კიდევ უფრო სამარცხვინო იქნება, ვიდრე «ძველი». ჩვენს «ელიტარულ ინტელიგენციას» (რომელიც, წესით ერის ინტელექტუალური ლიდერი უნდა იყოს) დღემდე ვერ გაუგია, რა ხდება საქართველოში ან რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ.
    ერთმა ფრიად «განსწავლულმა ინტელიგენტმა» (პროფესორმა) ისიც კი თქვა, საქართველოს დროშაზე ჯვარი აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს, რადგან საცაა ცივილიზაციათა შორის ომი დაიწყება (მაჰმადიანურ და ქრისტიანულ ცივილიზაციებს გულისხმობდა) და ქართველებმა ჩვენი კუთვნილება დროშაზე ჯვრის გამოსახვით უნდა დავაფიქსიროთო.
    დღევანდელი ქართველი «ინტელიგენცია» სწორედ ამ შუასაუკუნოებრივი ბნელეთის «არგუმენტაციის» დონეზე აზროვნებს. არადა, საქართველო «ქრისტიანული ცივილიზაციის» წევრი ქვეყანა კი არ არის დღეს, არამედ «დემოკრატიული ცივილიზაციისა», რომელსაც თანაბრად შეიძლება ეკუთვნოდეს ქრისტიანული, მაჰმადიანური ან ბუდისტური ისტორიული ტრადიციის მატარებელი სახელმწიფო;
    გარდა ამისა, ეროვნულ დროშაზე ჯვრის გამოსახვით დამატებით პრობლემებს შევქმნით აჭარაში და თავად მოვიჭრით თურქეთში (ან ირანში) მცხოვრებ მილიონობით ქართველთან მისასვლელ გზას.
    არსებობს ჰერალდიკური ტრადიცია, რომელიც საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან იღებს სათავეს: ეს გახლავთ სამფეროვანი დროშა.
    თუ ჩვენი «კუთვნილების» დაფიქსირება გვსურს, სწორედ ეს დემოკრატიული კანონი უნდა დავიცვათ და ამით დავამტკიცოთ, რომ ვართ «ნაცია» და არა «ფეოდალური ერი». «ჯვაროსნული ლაშქრობის» ეპოქის დონეზე მოაზროვნეებს გარდაბანში (აზერბაიჯანულ მოსახლეობაში) ხელმოწერებიც კი შეუგროვებიათ დროშაზე ჯვრის გამოსახვის სასარგებლოდ. ასეთივე წარმატებით შეეძლოთ შეეგროვებინათ ხელმოწერები იმავე მოსახლეობაში საქართველოს დროშაზე ბუდას გამოსახვის მხარდასაჭერად.
    ყოველივე გენიალური ამავე დროს უბრალოების ნიმუშია. ჯერ კიდევ შარშან ახალგაზრდა მხატვართა ჯგუფმა შეიმუშავა საქართველოს ახალი სამფეროვანი დროშის პროექტი, რომელზედაც (ქვემოდან-ზემოთ) გამოსახულია ლურჯი (ზღვისფერი) ყვითელი (ოქროსფერი) და თეთრი (თოვლისფერი).
    დღევანდელ გერბს, რომელიც ყოველგვარ ესთეტიურ და ჰერალდიკურ კანონებს არღვევს, უბრალო ქართული ბორჯღალი სჯობია. რაც შეეხება ჰიმნს, ნამდვილად სამარცხვინოა, რომ ასეთი მუსიკალური ტრადიციის მქონე ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ამგვარი ჰიმნი ჰქონდეს;
    ასეულობით ქართული ხალხური სიმღერა («ქართველო ხელი ხმალს იკარო»-დან «ოდოია»-მდე) შეიძლება (შესაბამისი დამუშავების, ორანჟირებისა და ორკესტრირების შედეგად) გადაკეთდეს შესანიშნავ ჰიმნად, რომელსაც ყველა იმღერებს ბავშვიდან - პრეზიდენტამდე.

«მერიდიანი», 17 დეკემბერი, 1996 წელი.
   

მთელ გვერდზე