ეროვნულ-დემოკრატები ომს უცხადებენ შევარდნაძეს?

    სამშაბათს, კონსტიტუციის შესაბამისად, მუშაობა განაახლა საქართველოს პარლამენტმა. საშემოდგომო სესიაზე განზრახულია ასზე მეტი კანონპროექტის განხილვა. მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა, როგორიცაა სამოქალაქო კოდექსი (მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 1991 წელს დაიწყო), საგადასახადო კოდექსი, კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. (ამ კანონის საფუძველზე ადგილებზე არჩევნები უნდა ჩატარდეს 1997 წლის შემოდგომაზე), კანონი 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ და ა.შ.
    თუ გავითვალისწინებთ, რომ საშემოდგომო სესიაზე სულ ოცდაათიოდე პლენარული სხდომა გაიმართება, - ასზე მეტი კანონის მიღებას, პარლამენტი, რასაკვირველია ვერ შეძლებს. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტის განხილვას რამდენიმე სხდომა მაინც მიეძღვნება.
    პირველ სხდომაზე საპროგრამო სიტყვით გამოვიდნენ ფრაქციათა ხელმძღვანელები. ყველაზე საყურადღებო და ნიშანდობლივი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა გიორგაძის გამოსვლა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი განუწყვეტლივ არღვევს კანონს. კერძოდ, პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, არავითარი ყურადღება არ მიაქცია პარლამენტის ცნობილ დადგენილებას აფხაზეთის შესახებ და, მიუხედავად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აკრძალვისა, მაინც გაუგრძელა ვადა ენგურის გასწვრივ დისლოცირებულ რუსეთის სამშვიდობო ძალებს.
    გიორგაძის აზრით, პარლამენტი, პრეზიდენტს, ფაქტობრივად კოსმეტიკისთვის სჭირდება, რათა შექმნას დემოკრატიულობის ილუზია. სინამდვილეში კი, იგი ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას. თუ ასე გაგრძელდა, ოპოზიცია იძულებული გახდება წავიდეს შეურიგებელ დაპირისპირებაზე: არსებობს იმპიჩმენტის მექანიზმი, არსებობს ბარიკადების გამოცდილება. პასუხისმგებლობა მოსალოდნელი შედეგებისათვის ხელისუფლებას დაეკისრება - განაცხადა მამუკა გიორგაძემ.
    ამ განცხადებას ზურაბ ჟვანიას მრავლისმთქმელი რეპლიკა მოჰყვა: მივმართავ აპარატს, რათა დროულად მიიღოს ზომები პარლამენტის ბუნკერის აღსადგენად.
    ზურაბ ჟვანია ამ ხუმრობით შეეცადა გაენეიტრალებინა ის შთაბეჭდილება რომელიც მამუკა გიორგაძის გამოსვლამ დატოვა. მაგრამ ედპ-ს განცხადებამ თავისი როლი მაინც შეასრულა. მან თვალნათლივ დაანახა ყველას, რომ საქართველოში მთავრდება უკონფლიქტო პოლიტიკური თანაცხოვრების ხანმოკლე ეტაპი და კვლავ ბრუნდება ხანა, როდესაც პოლიტიკური ძალები მკვეთრად უპირისპირდებიან ხელისუფლებას; თანაც უპირისპირდებიან არა ტაქტიკური არამედ სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტაში.
    მამუკა გიორგაძემ სწორედ ამგვარი საკითხი დააყენა, - რუსეთთან ურთიერთობა და საქართველოს საგარეო ორიენტაციის პრობლემა. მხოლოდ პარლამენტში ხმათა უმრავლესობით ხელისუფლება ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს, ვინაიდან იგი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების საფუძველს უკავშირდება.
    ფაქტობრივად, იქმნება ვითარება როდესაც ხელისუფლება აცნობიერებს (ყოველ შემთხვევაში, იგი ასე თვლის - ავტ.) რუსეთთან სტრატეგიული კომპრომისის აუცილებლობას, მაგრამ მას არ შეუძლია წავიდეს ამგვარ კომპრომისზე, ვინაიდან კონსტიტუციამ ხელ-ფეხი შეუკრა.
    წინა პარლამენტმა ამ მხრივ უდიდესი «ისტორიული მისია» შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი ოპოზიცია 5 ნოემბრის არჩევნების შედეგად იძულებული გახდა პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორებოდა, მან მაინც მოახერხა კონსტიტუციაში იმგვარი მექანიზმების ჩადება, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას შეუძლებელს ხდიან.
    მამუკა გიორგაძის გამოსვლა სწორედ ამის მანიშნებელია, - თანაც, ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს არა მხოლოდ მოქმედებით (ზოგჯერ), არამედ უმოქმედობითაც. დაუსრულებლად იმ ვითარების შენარჩუნებას, რომელიც ამჟამად გალის რაიონშია ჩამოყალიბებული, პრეზიდენტი ვერ შეძლებს. ბოლოს და ბოლოს იგი იძულებული გახდება მოითხოვოს რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან და გადადგას ქმედითი ნაბიჯი პრობლემის ამა თუ იმ სახით გადასაჭრელად, - წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია პრეზიდენტს ბრალს დასდებს კონსტიტუციის დარღვევაში (კონსტიტუცია სახელმწიფოს მეთაურს ავალდებულებს დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა) და აამოქმედებს იმპიჩმენტის მექანიზმს.
    ეს მდგომარეობა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველოში (დღევანდელ პირობებში) ხელისუფლებას მაინც მოუწევს ოპოზიციასთან კომპრომისებზე წასვლა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ყოველთვის მოიპოვებს არგუმენტს პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური დებულებების გამოსაყენებლად.
    კონსტიტუციის იგნორირებას კი პრეზიდენტი ვერ გაბედავს (მიუხედავად იმისა, რომ მყარი უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში), რადგან კონსტიტუციის ფარგლებიდან გამოსვლა მას კანონგარეშე დააყენებს და მისი უამრავი მოსისხლე მტერი (რომელთა დიდი ნაწილი შევარდნაძემ ციხეში განამწესა) მიიღებს შესანიშნავ საბაბს ხელისუფლების დამხობისათვის.
    თვით კონსტიტუციის დარღვევა, საქართველოს დამოუკიდებლობა ან ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოში არსებული კრიმინალური დაჯგუფებებისათვის, რასაკვირველია, არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენენ; მაგრამ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან პრეზიდენტის გამოსვლა მათთვის იქნება შესანიშნავი საბაბი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყებად ყველა ატრიბუტით: მიტინგებით, დემონსტრაციებით, ბარიკადებით და ა.შ.
    პრეზიდენტი ამ საშიშროებას ნათლად აცნობიერებს და უეჭველად ყველაფერს გააკეთებს, რათა როგორმე შეინარჩუნოს პოზიცია და არ გამოვიდეს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან.
    კონსტიტუცია კი ობიექტურად უბიძგებს მას რუსეთთან დაპირისპირებისაკენ, ვინაიდან მდინარე ენგურზე სწორედ რუსეთი მოითხოვს საქართველოსაგან სუვერენიტეტის დიდი ნაწილის დათმობას და, საბოლოო ჯამში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახალი, ფედერაციული სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლას.
    უეჭველად ამ გარემოებასთანაა დაკავშირებული მოქალაქეთა კავშირის ფორუმზე ედუარდ შევარდნაძის მკვეთრი განცხადება: «თუ 1996 წლის ბოლომდე არ გადაწყდება თუნდაც გალის პრობლემა, საქართველო იძულებული იქნება უარი თქვას რუსეთის სამშვიდობო მისიაზე. გარდა ამისა, საქართველო უარს იტყვის განალაგოს თავის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო ჯარები და რუსეთთან ერთად დაიცვას საქართველო-თურქეთის საზღვარი».
    ეს განცხადება, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ შევარდნაძე თანდათანობით უახლოვდება იმ ზღვარს, რომლის გადალახვის შემდეგ იგი იძულებული გახდება, მიიღოს რადიკალური ზომები. შესაძლებელია, ამგვარ ზღვრად იქცეს არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვა აფხაზეთის ტერიტორიაზე 1996 წლის 23 ნოემბერს.
    ამის შემდეგ პრეზიდენტი ალბათ მოითხოვს რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანას კონფლიქტის ზონიდან, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვეღარ გამოძებნის არგუმენტს ოპოზიციის დასაშოშმინებლად, რომელიც მას კონსტიტუციის დარღვევაში დასდებს ბრალს.
    რეალურად, რუსეთის ჯარები ენგურის აუზიდან მხოლოდ ხანგრძლივი დაპირისპირებისა და დიპლომატური კონფლიქტების შემდეგ გავლენ. რუსეთის მიზანი ამ შემთხვევაში იქნება იმ ძალების პროვოცირება საქართველოში, რომელნიც რუსეთთან ურთიერთობათა გაუარესებას შევარდნაძეს აბრალებენ.
    მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამ ძალებს (განსხვავებით ოპოზიციისაგან) კონსტიტუციური დასაყრდენი არ გააჩნიათ, - ისინი ღიად ვერ მოსთხოვენ შევარდნაძეს, დაარღვიოს კონსტიტუცია და მიიღოს რუსეთის კაბალური პირობები. ამდენად, «გოგუაძის პარტია» იძულებული გახდება შეურიგდეს რეალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თავად დააყენებს თავს კანონგარეშე. რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ბაზებს, მათი არსებობა საქართველოში ჯერჯერობით იურიდიულ საფუძველს არ ემყარება, ვინაიდან, საქართველოს პარლამენტმა ჯერჯერობით არ მოახდინა შესაბამისი ხელშეკრულების რატიფიცირება.
    რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს რუსეთის ჯარი საქართველოს ხელისუფლების პირველივე მოთხოვნით დატოვებს საქართველოს ზოგიერთ რეგიონს. აქაც საჭირო გახდება უამრავი მკვეთრი განცხადების გაკეთება და დიპლომატიური დემარში, რაც უეჭველად დაძაბავს ვითარებას ქვეყანაში.
    საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა უნდა შეურიგდეს აზრს, რომ მწვავე დაპირისპირების გარეშე რუსეთი, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოდან არ წაა და ჯარებსაც არ გაიყვანს.
    თუ კრემლი სამი წლის განმავლობაში არ ასრულებდა ბალტიის ქვეყნების მოთხოვნას ჯარების გაყვანის შესახებ (მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა), ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რამდენ ხანს გააჭიანურებს რუსეთი საქართველოდან ჯარების გაყვანას.
    მიუხედავად ამისა, სხვა გზა საქართველოს ხელისუფლებას აღარ დარჩება: დღევანდელ პრეზიდენტს იქნებ თავად არც სურდეს რუსეთთან დაპირისპირება, იქნებ იგი შინაგანად იმაზეც კი იყოს თანახმა, რომ საქართველომ რუსეთის ყველა პირობა მიიღოს, მაგრამ მისი პიროვნული შეხედულებანი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. მთავარი ის გახლავთ, რომ კონსტიტუცია და საქართველოში რეალურად არსებული ძალთა ბალანსი აიძულებს მას საბოლოოდ დაუპირისპირდეს რუსეთს.
    დაპირისპირების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაეხმარებოდა საქართველოს, გადაეწყვიტა აფხაზეთის პრობლემა. ამის შედეგად ქვეყანაში ძირფესვიანად შეიცვლებოდა საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური ატმოსფერო, შეიქმნებოდა განსაკუთრებული პოლიტიკური არგუმენტი, რომელიც გადასწონიდა ოპოზიციის ძალისხმევას.
    მაგრამ რუსეთი (რიგი გეოპოლიტიკური და შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო) აფხაზეთის პროცესებში სერიოზულ კორექტივს ვერ შეიტანს და ამ მხრივ საქართველოს ვერ დააკმაყოფილებს.
    რუსეთისათვის ყველაზე მტკივნეული საკითხია თურქეთის საზღვრის დაცვა. თუ საქართველო იმდენად მომძლავრდა, რომ თავად შეძლებს ამ საზღვრის დაცვას და მოითხოვს რუსეთის სასაზღვრო ჯარების გაყვანას - მოსკოვისათვის ეს სერიოზული მარცხი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში თურქეთი (საქართველოს გავლით) დაიწყებს შეღწევას ჩრდილოეთ კავკასიაში.
    ამრიგად, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში თანდათანობით, მაგრამ განუხრელად გროვდება კრიტიკული მასა, რომელიც უეჭველად გამოიწვევს სერიოზულ ცვლილებებს საგარეო პოლიტიკურ სფეროში. მაშასადამე, უახლოეს მომავალში საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება გადადგას რადიკალური ნაბიჯები, რათა არ დაუშვას ქვეყანაში დესტაბილიზაცია და «კრიმინალთა პოლიტიზაციის» პროცესის განახლება.
    ზოგადად კი, ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, ქართულმა სახელმწიფოებრიობამ უკვე გადალახა ზღვარი, როდესაც არსებული შიდა სისტემების გამოყენებით მისი დამოუკიდებლობის დაკნინება შეუძლებელია, - ამიერიდან, რუსეთს საქართველო მხოლოდ ძალით შეუძლია დაიპყროს.

«კვირიონი», 8 სექტემბერი, 1996 წელი.
 

   მთელ გვერდზე