რუსეთის ეროვნული მოძრაობა

    რამდენიმე თვის წინ,  რუსეთსა და თურქეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის» თავმჯდომარემ, ირაკლი წერეთელმა ერთი შეხედვით უცნაური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იგი მიესალმება «ეროვნულ ძალთა გამარჯვებას რუსეთსა და თურქეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში».
    შეგახსენებთ: თურქეთში ილაზის ისლამისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, ხოლო რუსეთში - ზიუგანოვის კომპარტიამ. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შემთხვევაში ირაკლი წერეთელი უდავოდ მართალი იყო - როგორც ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმდევრები თურქეთში, ასევე რუსი კომუნისტები გამოხატავენ თავიანთ ხალხების სიღრმისეულ მისწრაფებებს და, ამდენად, სავსებით შეიძლება ჩაითვალონ «ეროვნულ მოძრაობებად» იმ გაგებით, როგორც ეს ცნება ესმით საქართველოში.
    ზიუგანოვის მოძრაობა, თავისი არსით რუსეთისთვის იგივეა, რაც თვით ირაკლი წერეთლის, გიორგი ჭანტურიას, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მოძრაობა - საქართველოსთვის.
    რუსეთის კომუნისტური მოძრაობა გამოხატავს რუსი ხალხის სიღრმისეულ, ფუნდამენტურ მისწრაფებებს, ანუ სავსებით შეიძლება ჩაითვალოს «რუსულ ეროვნულ მოძრაობად». მცდარია აზრი, თითქოს კომუნისტური იდეოლოგია რუსებს ებრაელებმა და მასონებმა მოახვიეს თავს - სინამდვილეში სოციალური სამართლიანობის, სოციალური გათანაბრებისადმი სწრაფვა ამ ერის ეთნოფსიქოლოგიურ კოდშია ჩადებული და ამიტომაც სრულიად არ იყო შემთხვევითი არც 1917 წლის სოციალური რევოლუცია, არც ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება და არც კომუნისტების დღევანდელი ტრიუმფი.
    ასევე კანონზომიერია ისიც, რომ რუსეთის რეფორმირების ყველა ცდა, სტოლიპინიდან - გორბაჩოვამდე და ელცინამდე სრული კრახით დასრულდა.
    მრავალი დასავლელი პოლიტოლოგის აზრით, რუსეთში ჩამოყალიბდა «ეროვნულ-სოციალური» სისტემა, რომელიც არ ექვემდებარება რეფორმირებას. გორბაჩოვმა ეს სისტემა ლამის «ატომური ბომბით ააფეთქა», მაგრამ მაინც ვერაფერი დააკლო. კომუნისტების გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პრელუდიაა საპრეზიდენტო არჩევნებში მათი მომავალი ტრიუმფისა, რის შემდეგაც, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება - ანუ დაბრუნება ძველ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში.
    რუსეთის ისტორია ამ თვალსაზრისით სავსებით ამართლებს «სპირალურ თეორიას», რომლის თანახმად, ისტორია «სპირალური ფორმით» ვითარდება და ყოველი თვისებრიობა უეჭველად მეორდება განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე.
    ამავე პლანში უნდა განვიხილოთ გადაწყვეტილებაც, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო ბელოვეჟის შეთანხმებათა თაობაზე. ეს გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით აბსურდია, მაგრამ პოლიტიკურად იგი მართლაც ძალზე ძლიერ ფაქტორად იქცა - რუსეთმა პირველად, 1991 წლის შემდეგ, დაუფარავად განაცხადა, რომ სურს აღადგინოს ერთიანი სახელმწიფო ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში.
    მიუხედავად ელცინისა და მისი გუნდის მიერ ატეხილი ისტერიკისა, უნდა ვაღიაროთ: ამ შემთხვევაშიც სწორედ ზიუგანოვი და რუსი კომუნისტები გამოხატავენ თავიანთი ხალხის სიღრმისეულ მისწრაფებებს და არა ბორის ელცინი და რუსი დემოკრატები, რომლებმაც თავის დროზე მხარი დაუჭირეს საბჭოთა კავშირის დაშლას - უფრო ზუსტად, დაეთანხმნენ და იურიდიულად გააფორმეს საბჭოთა კავშირის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს საბოლოო დანგრევა.
    რუსეთში დაწყებული მოძრაობა «ერთიანი სახელმწიფოს აღდგენისათვის» თავისი არსით ისეთივე «ეროვნული მოძრაობაა» რუსეთისთვის, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნით გაშლილი მოძრაობა ლიტვასა და საქართველოში - ლიტველებისა და ქართველებისათვის.
    თითქმის არ არსებობს რუსეთში რუსი, რომელსაც ერთიანი სახელმწიფოს აღდგენა არ უნდოდეს, არ არსებობს რუსი, რომელიც გულის სიღრმეში არ მიესალმა სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილებას.
    ელცინისა და მისი მომხრეების ისტერიკა კი მხოლოდ ბრიყვთათვის გამართული სპექტაკლია და სხვა არაფერი. ელცინს ამ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა საკუთარი ბედი აღელვებს, ვინაიდან ერთიანი სახელმწიფოს აღდგენის იდეა ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის თვალში ზიუგანოვთან ასოცირდება და არა მასთან - ამ იდეამ კომუნისტთა ლიდერს შეიძლება განსაკუთრებული ქარიზმა შესძინოს და უზრუნველყოს ელცინის დამარცხება მომავალ არჩევნებში.
    რასაკვირველია, თუ ელცინი და მისი მომხრეები განუწყვეტლივ აცხადებენ, რომ კომუნისტების მიერ მიღებული გადაწყვეტილება (კავშირის აღდგენის თაობაზე) მათთვის მიუღებელია, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, თითქოს მათ მართლაც არ სურთ ერთიანი სახელმწიფოს აღდგენა, მაგრამ «ელცინისტების» უბედურება ის გახლავთ, რომ არ შეუძლიათ თქვან გულწრფელად, რასაც ფიქრობენ.
    მაშინ, როდესაც ზიუგანოვი და მისი პარტია რაიმე «საერთაშორისო ვალდებულებითა» და «პოლიტიკურ ტაქტიკიდან გამომომდინარე აუცილებლობით» არ არიან შებორკილნი, - მათ შეუძლიათ თქვან ის, რასაც ფიქრობენ.
    აქედან გამომდინარე, თუ ედუარდ შევარდნაძეს ჰგონია, რომ განცხადებები სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე მას ავტორიტეტს შემატებს რუსი დემოკრატების, ელცინის გუნდისა თუ თვით ბორის ელცინის თვალში, ძალიან ცდება!
    მიუხედავად ამ გადაწყვეტილებათა საჯარო დაგმობისა, ელცინიცა და «ელცინისტებიც» ყურადღებით ადევნებენ თვალს, როგორ რეაქციას გამოიწვევს ეს შინაარსობრივად მათთვის სავსებით მისაღები გადაწყვეტილება ამა თუ იმ ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკაში».
    ამდენად, შევარდნაძეს თუ სურდა, სელეზნიოვთან შეხვედრაზე უარის თქმითა და სათათბიროს შეურაცხყოფით რუსი დემოკრატების გული მოეგო - ამაოდ დაშვრა. უფრო პირიქით: როგორი დაპირისპირებულნიც არ უნდა იყონ რუსები ერთმანეთის მიმართ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში, იმპერიის სიყვარულში ერთსულოვანნი არიან.
    გენადი სელეზნიოვი არასდროს არ აპატიებს შევარდნაძეს (და საქართველოს) ამ შეურაცხყოფას და ყოველთვის შეეცდება მას სამაგიერო გადაუხადოს. ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია ცოტა არ იყოს გაუგებარია, - თუ საქართველო ესწრაფვის რუსეთთან, როგორც სახელმწიფოსთან ურთიერთობათა გაუმჯობესებას, მაშინ გოსდუმას (რომლის მიერ სსრკ-ს მიერ აღდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი იყო და იურიდიული ძალა არ გააჩნდა) ამ თვალსაზრისით არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე პრეზიდენტს, ვინაიდან სწორედ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ უნდა მოახდინოს საქართველოსთან დადებული ყველა დოკუმენტის რატიფიცირება.
    შევარდნაძის დემარში კი მხოლოდ იმ შედეგს გამოიღებს, რომ ელცინს მიეცემა საშუალება გააგრძელოს ვირეშმაკული თამაში, რომელსაც იგი ეწევა - «მე კი ძალიან მიყვარხართ ქართველები და მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ რა ვქნა, თუ სათათბიროს სძულხართო».
    ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი აფხაზეთში ატარებს, რუსეთის პოლიტიკაა და არა ელცინის ან სახელმწიფო სათათბიროსი. ამიტომ, თუ საქართველოს საერთოდ გააჩნია რაიმე პოლიტიკა «რუსული პოლიტიკის» საპასუხოდ, - იგი უნდა გულისხმობდეს დაბალანსებულ ურთიერთობას რუსეთში ხელისუფლების ორივე შტოსთან.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, შევარდნაძემ რუსეთში მოქმედ ორივე ხელისუფლებას უნდა გამოუცხადოს უნდობლობა ან ორივესადმი ერთნაირად ლოიალური იყოს.

«მსგეფსი,» 24 მარტი, 1996 წელი.
  

  მთელ გვერდზე