რუსეთში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს
   

   

    ეს ქართული გამოთქმა ყველაზე მეტად და ნათლად გამოხატავს, თუ რა ხდება დღეს რუსეთში. რაც უფრო ახლოვდება 16 ივნისი - თარიღი, როდესაც უნდა გადაწყდეს ძალაუფლების საკითხი, მით უფრო მეტად იძაბება ვითარება.
    შეიძლება ითქვას, ელცინი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაება: არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში მას პატიმრობა ან სიკვდილი ელის, - ზიუგანოვი და მისი მომხრეები ელცინს არაფრის დიდებით არ აპატიებენ საბჭოთა კავშირის დაშლასა და კომუნისტური პარტიის განადგურებას.
    ამდენად, რუსეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა მეფური ფუფუნებიდან - პირდაპირ ციხის საკანში შეიძლება ამოყოს თავი. ადვილი წარმოსადგენია, რომ მტანჯველი შიში აიძულებს ელცინს იმპულსურად იმოქმედოს. თუმცა საეჭვოა, ამან მას რაიმე წარმატება მოუტანოს, ვინაიდან რუსეთს პრეზიდენტის ბედი უკვე გადაწყვეტილი აქვს, - მხოლოდ სასწაული თუ შეუნარჩუნებს ელცინს ძალაუფლებას.
    ზიუგანოვი უაღრესად ზუსტად და ჭკვიანურად ატარებს თავის საარჩევნო კამპანიას, - იგი არ ეკამათება ჩუბაისისა და გაიდარის ტიპის პოლიტიკოსებს, რომლებმაც ზიზღისა და სიძულვილის გარდა რუსეთში ვერაფერი მოიპოვეს. ზიუგანოვი რაც უფრო ნაკლებად გამოჩნდება ტელეეკრანზე, მით უფრო მეტად მოიპოვებს ამომრჩეველთა სიმპატიებს. ასეთია პარადოქსი, რომელსაც დღევანდელი ვითარება ქმნის.
    ელცინი გააფთრებით ცდილობს გადაჭრას ჩეჩნეთის პრობლემა, ითამაშოს რუსების შოვინისტურ გრძნობებზე, მაგრამ არაფერი გამოსდის, რადგან ჩეჩენი პარტიზანები რუსეთის არმიას შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევენ და მოსვენებას არ აძლევენ.
    გრაჩოვმა ვერ შეძლო ბამუთის აღება. მიუხედავად ორკვირიანი ბრძოლისა, ჩეჩნებმა ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტი მაინც შეინარჩუნეს. რუსეთის არმიამ კი ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა ბამუთის მისადგომებთან.
    ბრძოლები გრძელდება ჩეჩნეთის მთელ ტერიტორიაზე. საეჭვოა რუსეთმა ეს პრობლემა 16 ივნისამდე გადაჭრას, - ალბათ ომი ჩეჩნეთში პერმანენტული გახდება, ხოლო ჩეჩენი ხალხის სრული ამოწყვეტის უფლებას რუსეთს მსოფლიო არ მისცემს.
    როგორც ჩანს, რუსების საშველი არ არის და თუ მომავალ არჩევნებში კვლავ კომუნისტები, ანუ სრულიად უპერსპექტივო ძალა მოვა ქვეყნის სათავეში, რუსეთი ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მას, როგორც ქვეყანას, მომავალი არ გააჩნია.

«მსგეფსი», 31 მარტი, 1996 წელი.
 

   მთელ გვერდზე