მსოფლიო ნავთობის კონცერნმა პირველად შეგვახო მარწუხი

    საერთაშორისო სკანდალმა, რომელმაც (მიუხედავად ქართული მხარის შეხედულებისა) მსოფლიო მასმედიის გარკვეული ყურადღებაც კი მიიპყრო, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნავთობთან და «ნავთობსადენთან» დაკავშირებით ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ არა აქვს განსაზღვრული თავისი პრიორიტეტები. საქმე ეხება საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის მიერ აქციათა ნაწილის მიყიდვას იაპონური კომპანია «ჰიტაჩუსათვის», რამაც კასპიის ნავთობკონსორციუმის ხელმძღვანელობის აღშფოთება გამოიწვია.
    კონსორციუმის ხელმძღვანელმა, ტერი ადამსმა აქციათა გაყიდვის გამო პროტესტი განუცხადა საქართველოს ნავთობის კორპორაციის პრეზიდენტ გია ჭანტურიას.
    მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს კონფლიქტის არსებობას, სარწმუნო წყაროთა მტკიცებით, ტერი ადამსის საპროტესტო წერილი ნამდვილად არსებობს. ისევე, როგორც, ფაქტია, რომ გია ჭანტურიამ სპეციალური მოხსენება წარუდგინა ქვეყნის ხელმძღვანელობას შექმნილი ვითარების თაობაზე. ფორმალურად, თითქოს ტერი ადამსის პრეტენზიას არავითარი საფუძველი არ გააჩნია. აქციათა საკონტროლო პაკეტი საქართველოს კუთვნილებაა და მას აქვს უფლება, მათი ნაწილი მიჰყიდოს ნებისმიერ ქვეყანას. მაგრამ სინამდვილეში ასე უკვე აღარ არის - კასპიის ნავთობის გარშემო ატეხილ ფარულ «მსოფლიო ომში» ჩართვით საქართველომ საკუთარი სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მსოფლიო სანავთობო ოლიგარქიას გადასცა; ანუ მოახდინა სუვერენულ უფლებათა მნიშვნელოვანი ნაწილის «დელეგირება» იმ გრანდიოზული მსოფლიო კონცერნისათვის, რომელიც ფაქტობრივად მართავს ვითარებას ჩვენს პლანეტაზე.'
    ნავთობი მსოფლიო ეკონომიკის სისხლია. მისი მიმოქცევის თუნდაც იოტისოდენი შეფერხება კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს მთელი დედამიწისათვის, მთელი კაცობრიობისათვის;
    რასაკვირველია, აქაც არის «ელიტა», რომლის ინტერესები უფრო მეტად დაცულია, ვიდრე სხვებისა: ეს არის ე.წ. «ოქროს მილიარდი», ანუ ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია და «პატარა დრაკონები» (კორეა, ტაივანი, ინდონეზია, ჰონკონგი), რომლებიც წარმოებული ნავთობის 80 პროცენტს მოიხმარენ.
    ფაქტობრივად, ეს არის უზარმაზარი იმპერია, რომელსაც უმოწყალო, უმკაცრესი კანონები აქვს. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამ კანონებს გადაუხვევს, ძალზე მკაცრად დაისჯება ჯერ ეკონომიკური, შემდეგ კი პოლიტიკური და (უკიდურეს შემთხვევაში) სამხედრო თვალსაზრისითაც.
    «ნავთობის მსოფლიო კონცერნი» წევრი ქვეყნების ეკონომიკურ აღორძინებასაც უწყობს ხელს და საკმარის მატერიალურ დახმარებასაც უწევს დავრდომილ და ღარიბ სახელმწიფოს. მაგრამ ის ქვეყანა, რომელიც ნავთობის წარმოებაში უშუალოდ ერთვება, იძულებულია მიიღოს «თამაშის წესები» და კონცერნს დაემორჩილოს.
    საქართველოს ნავთობის კორპორაციას იურიდიული თვალსაზრისით არც ერთი ხელშეკრულება არ დაურღვევია, მაგრამ რაკი «ჰიტაჩუსთან» გაფორმებული კონტრაქტი არ იყო თუნდაც სიტყვიერად შეთანხმებული საერთაშორისო კონსორციუმის ხელმძღვანელობასთან, ამით დაირღვა «ნავთობის კონცერნში» მოქმედი დაუწერელი კანონი, ერთგვარი სუბორდინაცია. მუდამ მომღიმარი და «სათნო» უელსელი ტერი ადამსიც უმალვე იქცა მკაცრ და სასტიკ ტირანად. მის ტონს დაუყოვნებლივ გაერია ფოლადი: თუ საქართველო დროზე არ მოეგება გონს, შესაბამისი სანქციებიც არ დააყოვნებს.
    ზემოთთქმული იმას არ ნიშნავს, თითქოს ნავთობის მსოფლიო კონცერნისადმი მორჩილება საქართველოსათვის საზიანო ან შეურაცხმყოფელი იქნება. ფაქტობრივად, ეს დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის აღიარებას ნიშნავს, რადგან ხსენებული წესრიგი საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება, გლობალური «თავისუფალი ეკონომიკა» კი - მსოფლიო ნავთობის კონცერნის მიერ ჩამოყალიბებულ «ენერგეტიკულ წესრიგს».
    არ არის შემთხვევითი, რომ ყველა ჯურის ტირანი და დიქტატორი, მუამარ კადაფიდან - სადამ ჰუსეინამდე, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას იწყებს «მსოფლიო სანავთობო წესრიგის» დარღვევით.
    ამდენად, საქართველოს ხელმძღვანელობამაც უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერის მიღება სურს, «ნავთობის სფეროში» ქართული თავნებობის გამომჟღავნებაზე უარი უნდა ვთქვათ და «მსოფლიო კონცერნის» მიერ დაწესებულ ურყევ კანონებს დავემორჩილოთ. მით უმეტეს, რომ საქართველოს ამ თვალსაზრისით დასავლეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
   

 «მერიდიანი», 17 დეკემბერი, 1996 წელი.

მთელ გვერდზე