ისტორიის დასასრული საქართველოში

    1995 წლის 5 ნოემბრის არჩევნების მნიშვნელობა ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ არა აქვს ბოლომდე გაცნობიერებული. არადა, ამ დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ეპოქა დასრულდა. ეს ეპოქა, ეს პერიოდი «დიდი» იყო თავისი შინაარსით, მოვლენათა სიღრმით და ტრაგიკულობით. ქრონოლოგიურად კი - რა არის შვიდი წელი (1988 წლის ნოემბრიდან - 1995 წლის ნოემბრამდე) ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის ათასწლოვან ისტორიასთან შედარებით?

    1988 წლის ნოემბერში ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა. პირველი მიტინგი ჩატარდა 12 ნოემბერს იპოდრომზე - მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ეზოდან უზარმაზარი ტალღა დაიძრა, გაიარა ჭავჭავაძის გამზირი და იპოდრომის ტრიბუნები შეავსო. ბევრმა სწორედ მაშინ იხილა პირველად საკუთარი თვალით ეროვნული მოძრაობის ლიდერები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი; პირველად იხილა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათი და შინდისფერი ეროვნული დროშა; შემდეგ იყო 23 ნოემბერი, პირველი აქცია მთავრობის სასახლის წინ, რომლის ინიციატორი «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» გახდა.
    ამ მიტინგზე ყველა ერთად იყო, რადგან ერთნაირად იყო დაღლილი სოციალური უთანასწორობით, ჩახშულობით . . . კომუნისტური რეჟიმი ყველას სძულდა; ყველას, იმათ გარდა, ვინც იმ სისტემის სტრუქტურებში იყო მოკალათებული და «მსუქან ლუკმაზე» ან «ბრწყინვალე კარიერაზე» ოცნებობდა.
    ნოემბრის მიტინგებზე ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი ერთად იდგნენ. მათ ჯერ კიდევ არ სძულდათ ერთმანეთი. პირიქით, ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ და ქათინაურებს ეუბნებოდნენ. ნოემბრის აქციების დროს ერთ-ერთი მომიტინგე მთავრობის სასახლეზე ავიდა და «საბჭოთა დროშა» ჩამოაგდო, რამაც უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია.
    თუმცა, უკვე მაშინ იყო შესამჩნევი განხეთქილების პირველი ნიშნები: თამარ ჩხეიძე და ზურაბ ჭავჭავაძე იმ მიტინგებში არ მონაწილეობდნენ, რადგან მათ «უაზროდ» და «ექსტრემისტულად» თვლიდნენ. გარდა ამისა, ძალიან «მძიმე» ურთიერთობა ჰქონდათ ზვიად გამსახურდიასთან და გია ჭანტურიასთან.
    ეს რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს. სოციალური თვალსაზრისითაც «მოძრაობა» ჯერ არ იყო გახლეჩილი. ერთად იდგნენ მომავალი «ზვიადისტებიც» და მომავალი «ჭანტურისტებიც», მომავალი «მხედრიონელებიც» და ლოთი ქობალიას გვარდიის წევრებიც. მაგრამ აქაც უკვე შეიმჩნეოდა შინაგანი ზიზღი და დაპირისპირება «სვეტებსა» და «გოიმებს», «თბილისელებსა» და «სოფლელებს» შორის.

    1988 წელს «ეროვნული მოძრაობა» საქართველოში დაიწყო უაღრესად დიფერენცირებულ, სოციალურად უთანასწორო საზოგადოებაში. ეროვნული იდეა ამ საზოგადოებას ვერ გაამთლიანებდა. «დაბალი» ფენებისათვის იგი მხოლოდ შურისძიება გახდებოდა, «მაღალი საზოგადოებისთვის» კი თავის გამოჩენის, ახალ მოდას აყოლის საშუალება.
    ამ დიფერენცირებამ სულ მალე იჩინა თავი, როგორც კი ეროვნული მოძრაობა «მოდიდან» და «გასართობიდან» - რეალობად იქცა, როგორც კი ყველა სოციალურმა ფენამ და ამ ფენის წევრმა პიროვნებამ იგრძნო, რომ ეს «მოძრაობა» მის პირად ცხოვრებაშიც ბევრ რამეს შეცვლიდა.
    აი, სწორედ მაშინ დაიწყო ნამდვილი პოლიტიკური დაპირისპირება. ლიდერთა ქიშპი მხოლოდ ასახვა იყო ამ სოციალური კონფლიქტისა: საზოგადოებრივ ელიტას თავისი მდგომარეობის დაკარგვის, ტკბილი ცხოვრების შეცვლის შეეშინდა, პლებსი კი არსებული საზოგადოებრივი სისტემის დანგრევას ლამობდა.
    ამიტომ მიმაჩნია, რომ თავისი შინაარსით (არა ფორმით, არამედ სწორედ შინაარსით), მოძრაობა, რომელიც 1988 წლიდან დაიწყო საქართველოში, იყო სწორედ სოციალური მოძრაობა. ეროვნული მოტივი შესაძლოა უმცირესობას ჰქონოდა (კოსტავა-გამსახურდიას ჩათვლით), მასა კი ამ მოძრაობაში მონაწილეობდა არსებულ საზოგადოებრივ ფორმაციაზე განაწყენების გამო. იმ ადამიანის მოტივაცია, რომელიც მაშინ მიტინგებზე მიდიოდა სოციალური ბოღმა იყო და არა ეროვნული სულის დაჩაგრულობა. ეს ეხება არა ყველას (გასართობად «მოკოტრიალე» სტუდენტებზე საერთოდ არაფერს ვამბობ), მაგრამ ეხება დიდ უმრავლესობას.
    ნოემბრის აქციებს ბუნებრივად მოჰყვა 9 აპრილი, რომელმაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, დამანგრეველი ზეგავლენა მოახდინა ერის ფსიქიკაზე და დიდად განსაზღვრა შემდგომ მოვლენათა საერთო მიმართებულობა.
    ზოგიერთს მიაჩნია, რომ პირიქით, 9 აპრილმა ერი «გამოაცოცხლა», «ერთ მუშტად შეკრა», «რწმენა შემატა» და ა.შ. მაგრამ ამგვარი შედეგი 9 აპრილს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოჰყვებოდა, თუ ერი დაინახავდა, რომ დაღვრილ სისხლს უშედეგოდ არ ჩაუვლია. მაგალითად: 9 აპრილის გამო საბჭოთა კავშირი რომ დაშლილიყო, საქართველოს დამოუკიდებლობა მოეპოვებინა და ა.შ.
    მაგრამ რაკი საქართველოში, 9 აპრილის შემდეგ, არაფერი შეცვლილა, რაკი მიუხედავად საზარელი შეურაცხყოფის და უდიდესი მსხვერპლისა, საქართველო კვლავ რჩებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენელ ნაწილად, «ოკუპირებულად და ანექსირებულად» და არც საიდანმე ხსნა ჩანდა - ამან წარმოშვა იმედგაცრუება, იმედგაცრუებამ - ნიჰილიზმი, ნიჰილიზმმა - ცინიზმი, ხოლო ცინიზმიდან - უზნეობამდე ანუ შეგნებულ ბოროტებამდე ერთი ნაბიჯია.

    ამ ფონზე მოხდა საბოლოო განხეთქილება «ეროვნულ მოძრაობაში», რაც დიდწილად განაპირობა «საბჭოთა არჩევნებისადმი» არაერთგვაროვანმა დამოკიდებულებამ. ერთის მხრივ, უდავოდ მართალნი იყვნენ ისინი, ვინც ამტკიცებდა, რომ თუ გამოუცდელი, არაკომპეტენტური პოლიტიკოსების ჯგუფი კომუნისტებს ხელისუფლებას წაართმევდა, არსებული სისტემა მას არაფრის გაკეთების საშუალებას არ მისცემდა და მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა.
    მეორეს მხრივ, ისინიც მართალნი იყვნენ, ვინც ამბობდა, რომ ბოლოს და ბოლოს ეროვნული ხელისუფლების ლეგიტიმაციის, რაიმეს რეალურად შეცვლის სხვა გზა და საშუალება არ არსებობს.
    გარდა ამისა, სრული ტყუილია მტკიცება, თითქოს 1990 წლის ოქტომბრის არჩევნები «საბჭოური» იყო, რაკი «უმაღლესი საბჭოც» ავირჩიეთ და «საბჭოთა სტრუქტურებში» ჩავჯექით. სინამდვილეში, «საბჭოური» ეს არჩევნები იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ იგი საბჭოთა სისტემით ჩატარდებოდა, ანუ კანდიდატებს «შრომითი კოლექტივები» წამოაყენებდნენ საარჩევნო ოლქების მიხედვით და არა პოლიტიკური პარტიები.
    ამ ორი მიმდინარეობის მიღმა (კვლავ და კვლავ ვიმეორებ) სოციალური ძალები იდგნენ. მათ შორის კრიმინალური ფენა, რომელმაც უმალვე აუღო ალღო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და დაიწყო პოლიტიზაცია, რათა სახელმწიფოსაგან ამ გზით დაეცვა თავი.
    «ეროვნული მოძრაობის» შემდგომი კრახის მთავარი მიზეზი ამ «მოძრაობაში» ე.წ. «ძველბიჭური» ფსიქოლოგიის შეღწევა გახდა. დაიწყო პოლიტიკური წრეების კრიმინალიზაცია. ამან, საბოლოო ჯამში, ქვეყნის სათავეში «კანონიერი ქურდების» მოსვლა განაპირობა, რომლებმაც საკუთარი პოლიტიკური პროტეჟეების ფიზიკური განადგურება გადაწყვიტეს; ზოგი მართლაც გაანადგურეს, სამაგიეროდ, ედუარდ შევარდნაძემ საბოლოოდ ყველას თავისი ადგილი მიუჩინა და 5 ნოემბრის შემდეგ საკუთარი ხელით გამოძერწილი ელიტა ქვეყნის სათავეში მოეყვანა.
    ეს ელიტა ხელისუფლებას დიდხანს არ დათმობს, ხოლო თუ მის ორიენტირებს და ღირებულებებს გავითვალისწინებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ 1988 წლის ნოემბერში დაწყებული მოძრაობა 1995 წელს დამთავრდა.

    თუმცა, ყოველივე ზემოთთქმული მხოლოდ მოვლენათა აღწერაა და სხვა არაფერი; სიღრმისეული მიზეზი კი (მიზეზთა-მიზეზი) იმისა, თუ რატომ არ განვითარდა ჩვენში ეროვნული მოძრაობა იმავე ფორმით, იმავე გზით, როგორც მაგალითად ბალტიისპირეთში, იყო ის, რომ (რაოდენ მოულოდნელადაც არ უნდა მოგვეჩვენოს), საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოში არ ეფუძნებოდა ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას.
    ზემოთ უკვე ვწერდი, რომ ეს უფრო სოციალური მოძრაობა იყო. ეროვნული დამოუკიდებლობა ქართველი ერისათვის არ ყოფილა სულიერი, ზნეობრივი და ყოფითი იმპერატივი. ტყუილია თითქოს 1988 წლისათვის ქართველი ერი დამოუკიდებლობაზე სულითა და გულით ოცნებობდა და ამის გარეშე არსებობის გაგრძელებაც ვერ წარმოედგინა.
    ასე რომ ყოფილიყო, ეროვნული იდეა მართლაც შეძლებდა ყველა სოციალური ფენის გაერთიანებას და ეს ფენები ასე ადვილად ერთმანეთს არ «შეასკდებოდნენ».
    აქედან გამომდინარე, არც პოლიტიკოსები დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ. შესაძლოა, ზოგიერთში აღშფოთება გამოიწვიოს ამ სიტყვებმა, მაგრამ მაინც ვიტყვი: ჩვენ რომ ისე გვდომოდა ჭეშმარიტი თავისუფლება, როგორც აფხაზებს სურდათ საქართველოდან გამოყოფა, საქართველოში ბევრი რამ დღეს სხვაგვარად იქნებოდა; ჩვენ რომ ისე გვდომოდა დამოუკიდებლობა, როგორც ეს სურთ ჩეჩნებს, როგორც ეს სურდათ ლიტველებს, მტერი ასე ადვილად ვერ შეძლებდა საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირებას.
    ჩეჩნებისათვის თავისუფლება მართლაც სულიერი და ზნეობრივი იმპერატივია. ამის გარეშე მათ არსებობის გაგრძელება ვერ წარმოუდგენიათ. საქართველოში ასე არ იყო, ამიტომაც შევურიგდით ასე ადვილად იმას, რასაც ზოგიერთი «პოლიტიკოსი» 1988-93 წლებში ვერც კი წარმოიდგენდა.
    «ორჯერ შეუძლებელია შეხვიდე ერთსა და იმავე მდინარეში»; ერს თავისუფლების შანსი მხოლოდ ერთხელ ეძლევა. თავისუფლება სულიერი მდგომარეობაა და არა ფიზიკური. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ფორმალურად გაეროს წევრი ქვეყანაა, იგი გაცილებით უფრო ნაკლებად არის თავისუფალი, ვიდრე ჩეჩნები და თქვენ წარმოიდგინეთ აფხაზებიც კი.
    ქართველი ერი შეურიგდება ბედს. უფრო სწორად, იგი მას არც შებრძოლებია, - ქართველმა ერმა თავისუფლება ვერ მოიპოვა იმიტომ, რომ მას თავისუფლება არ სურდა!

«მსგეფსი», 18 იანვარი, 1996 წელი.
  

 მთელ გვერდზე