გივი გუმბარიძის საიდუმლო

    გივი გუმბარიძე მრავალი თვალსაზრისით მართლაც უცნაური ფიგურაა. 1990 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც იგი საკუთარი ნებით გადადგა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნის თანამდებობიდან (28 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების გამო) იგი «ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ» - არავინ იცის.
    ამბობდნენ, თბილისში ცხოვრობს და ქუჩაში არ გამოდისო, ზოგიერთი ცნობით კი, მოსკოვში გადასახლდა;
    საქართველოს ლიდერი იგი გახდა 1989 წლის აპრილში - 9 აპრილის მოვლენათა შემდეგ. თბილისში ჩამოსულმა რაზუმოვსკიმ (არა ედუარდ შევარდნაძემ, არამედ სწორედ რაზუმოვსკიმ - პოლიტბიუროში იგი კურირებდა საკადრო საკითხებს) გორბაჩოვს ურჩია გუმბარიძე დაენიშნა საქართველოს ხელმძღვანელად. გუმბარიძეს მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, - მოვლენები საქართველოში უკვე თვითდინებით ვითარდებოდნენ. ძველი ხელისუფლების, ძველი სისტემის დამარცხება გარდაუვალი იყო. გუმბარიძეს მხოლოდ იმ სისტემის შერბილება შეეძლო. მან, უპირველეს ყოვლისა, «ინტელიგენციასთან» დაახლოება სცადა, მაგრამ ამაოდ, - კომუნისტური საზოგადოების ელიტა უკვე გრძნობდა, რომ ძველი სისტემა განწირული იყო და მომაკვდავ ხელისუფლებასთან ალიანსს გაურბოდა.
    სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ეს ელიტა დღესაც სდებს ბრალს გუმბარიძეს უმოქმედობაში, - ზვიად გამსახურდიას აღზევებისას. «ელიტარული ინტელიგენცია» დღემდე დარწმუნებულია: გუმბარიძეს შეეძლო არ დაეშვა ზვიად გამსახურდიას მოსვლა ხელისუფლებაში, მაგრამ ეს არ გააკეთა.
    ამგვარი ბრალდება გუმბარიძის მიმართ სრულიად უსამართლო და უსაფუძვლოა: 9 აპრილის კომუნისტურ ხელისუფლებას ფაქტობრივად ძალაუფლება აღარ გააჩნდა. ეს თუნდაც იქედან ჩანს, თუ რა ადვილად დაიკავა ირაკლი წერეთელმა «იმელის» შენობა, გუმბარიძემ კი მისი აქედან გამოძევებაც ვერ გაბედა; იგივე გუმბარიძეს რომ მაშინ რაიმე ზომები მიეღო ზვიად გამსახურდიას და ირაკლი წერეთლის წინააღმდეგ, სწორედ ის, «ინტელიგენტები» აუყვირდებოდნენ, რომლებიც დღეს სდებენ ბრალს: «ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლა როგორ დაუშვაო».
    გუმბარიძემ 1989 წლის დეკემბერში სცადა «ეროვნული ქარიზმის» მოპოვება, როდესაც მართლაც კარგი სიტყვა წარმოთქვა სსრკ სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობაზე - 9 აპრილის მოვლენათა განხილვის დროს. მაგრამ ყოველივე ამაო იყო. კომუნისტურმა ისტებლიშმენტმა საქართველოში თავისი დრო მოჭამა; უფრო ზუსტად, მას უნდა გაეგრძელებინა არსებობა სხვა ფორმით.
    მიხეილ გორბაჩოვმა სწორედ ეს სიტყვა არ აპატია გივი გუმბარიძეს, - გადადგომის შემდეგ, კომპარტიაში არსებული წესისამებრ, გორბაჩოვს იგი სამუშაოთი უნდა დაეკმაყოფილებინა. «დააკმაყოფილა» კიდეც, - სოჭის ქალაქკომის მეორე მდივნობა (!?) შესთავაზა. ეს იყო აშკარა დაცინვა, რის შემდეგაც გუმბარიძე სახლში გამოიკეტა და განდეგილი ცხოვრება დაიწყო. ხალხში კი პოპულარობა მოიპოვა ანეკდოტმა. რას აკეთებს გუმბარიძე? - «მრგვალი მაგიდების კოოპერატივი გახსნა».

«მსგეფსი», 3 ოქტომბერი, 1996 წელი.

მთელ გვერდზე