რას მოაწერეს ხელი მოსკოვში?

    «ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში», ანუ მდინარე ენგურის აუზში რუსეთის სამშვიდობო ძალთა მანდატის ვადის გაგრძელების შემდეგ მოვლენები ცოტა არ იყოს უცნაურად განვითარდა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არაფერი სმენიათ მოსკოვში ხელმოწერილი რაიმე დოკუმენტის შესახებ. უფრო მეტიც, ზოგიერთი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ არანაირი დოკუმენტი ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოსკოვში არ ყოფილა ხელმოწერილი, ხოლო დელეგაციები მხოლოდ სიტყვიერად შეთანხმდნენ მანდატში გარკვეული ცვლილებების შეტანის თაობაზე.
    თუ ასეა, მაშინ საქართველოს ელჩს რუსეთში, ვაჟა ლორთქიფანიძეს მეტად რთული ამოცანის შესრულება მოუხდა. ფაქტობრივად, მან გადაარჩინა პრეზიდენტის რენომე, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის აპრილის ცნობილი დადგენილებით, პრეზიდენტს ეკრძალებოდა რუსეთის სამშვიდობო ჯარების მანდატის ვადის ხელახალი გაგრძელება. პირიქით, ევალებოდა ყველაფერი გაეკეთებინა ამ ჯარების გასაყვანად კონფლიქტის ზონიდან იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი და აფხაზური მხარე არ დათანხმდებოდნენ მანდატში ცვლილებების შეტანაზე.
    ვინაიდან პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო არ არის მზად აფხაზეთში ახალი ომისათვის (სამშვიდობო ჯარების გაყვანა კი სწორედ ამას მოასწავებდა), შევარდნაძე იძულებული გახდა შერიგებოდა რეალობას, ხოლო ამ რეალობის შესაბამისი «გაფორმება» ვაჟა ლორთქიფანიძისთვის დაევალებინა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ უკანასკნელმა დავალება საკმაოდ მაღალ დონეზე შეასრულა; ყოველ შემთხვევაში, საქართველოში არავის მოსვლია აზრად მოეკითხა დოკუმენტი, რომელიც თითქოსდა მოსკოვში იყო ხელმოწერილი და რომელიც ვითომდაც ითვალისწინებდა საქართველოს წინადადებებს «მანდატთან დაკავშირებით».
    კიდევ უფრო რთული იყო ვაჟა ლორთქიფანიძისათვის, რუსული მხარე დაეთანხმებინა მიეღო ამგვარი თამაშის წესები, მაგრამ მან ესეც კი შეძლო. როგორც ჩანს, ლორთქიფანიძემ საკმაოდ სერიოზული პოზიციები მოიპოვა მოსკოვში; სულაც არ არის გასაკვირი, რომ ელცინის არჩევის შემდეგ «ვიწრო წრემ» ელიტარულ ბანკეტზე საქართველოს ელჩიც დაპატიჟა. ვაჟა ლორთქიფანიძემ რუსეთის დღევანდელ ისტებლიშმენტში «ფესვების გადგმის» თვალსაზრისით წარმატებებს მიაღწია, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით.
    მზარდმა გავლენამ მოსკოვში ვაჟა ლორთქიფანიძე შეიძლება ქართული პოლიტიკისათვის «თვითკმარ ფიგურად» აქციოს; გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში საქართველოს ელჩის შეცვლა არც ისე ადვილი იქნება პრეზიდენტისათვის, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლება ამგვარ ნაბიჯს უეჭველად აღიქვამს, როგორც სტრატეგიული კურსის შეცვლის უპირველეს სიმპტომს. რასაკვირველია, არსებობს გარკვეული ჩარჩო, ამპლიტუდა, რომელშიც ვაჟა ლორთქიფანიძე იმოქმედებს სავსებით დამოუკიდებლად. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ დღეს შექმნილ რეალურ პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში, ეს ჩარჩო საკმაოდ ფართოა.

«მერიდიანი», 23 აგვისტო, 1996 წელი.
   

მთელ გვერდზე