რუსული ორიენტაციის მომხრეთათვის ანუ, რატომ არ არის გულწრფელი საპარლამენტო უმრავლესობა?!

    როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რუსეთისათვის საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების გამოყოფის თაობაზე, დიდი საპარლამენტო ვნებათაღელვა გამოიწვია.
    დისკუსიამ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, უპირველეს ყოვლისა, იმ არაგულწრფელობისა და (პირდაპირ რომ ვთქვათ) სიყალბის გამო, რაც ე.წ. «უმრავლესობის» გამოსვლებში გამოსჭვიოდა.
    აქ იმაზე როდი გვაქვს საუბარი, მისაღებია თუ არა ესოდენ ხანგრძლივი ვადით რუსეთისათვის ბაზების გადაცემა, მაგრამ აღშფოთებას იწვევს «უმრავლესობის» წევრთა სურვილი და მცდელობა, როგორმე გააყალბონ საკითხის მნიშვნელობა, არ თქვან გულწრფელად, რასაც უეჭველად თავად ფიქრობენ.
    ეს ოდენ მათ სიმხდალეზე როდი მეტყველებს, არამედ იმაზეც მიუთითებს, რომ ისინი არ არიან დარწმუნებულნი თავიანთი ლიდერის სიმართლეში - წინააღმდეგ შემთხვევაში, რა საჭიროა არგუმენტაციის გაყალბება?
    უპირველეს ყოვლისა, უმრავლესობა შეეცადა იმ დებულების დაცვას, რომლის თანახმად, თითქოს, დოკუმენტის პარაფირება ან თუნდაც მისი ხელმოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს - რაკი საჭიროა, შემდგომ მისი რატიფიცირება საკანონმდებლო ორგანოში. ეს არის აშკარა დემაგოგია! თვით ამ დებულების ავტორებმაც კარგად უწყიან, რომ რაკი რუსეთის ჯარებს დღეს საქართველოში რეალურად უკვე აქვთ სამხედრო ბაზები, ამიტომ თუნდაც მხოლოდ დეკლარაციას მათი აქ ყოფნის კანონიერების შესახებ - უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს საქართველოს საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით.
    საქართველოს პარლამენტმა არათუ თანხმობაც რომ არ მისცეს, არამედ პირიქით, დადგენილებითაც რომ მოითხოვოს ამ ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, ბათუმიდან ისინი მაინც არსად არ წავლენ. მაგრამ რუსებს საქართველოს თუნდაც სიმბოლური თანხმობა სწორედ იმის დემონსტრირებისათვის სჭირდებათ, რომ ეს ქვეყანა საკუთარი ნებით მიდის რუსეთთან შემდგომ ინტეგრაციაზე.
    რატომღაც არც ეს მომენტი აღიარა უმრავლესობამ, ერთმა ქალბატონმა კი სრულიად მოურიდებლად განაცხადა: «იაპონიაშიც არის ამერიკის ბაზები, მაგრამ ეს არ აკნინებს იაპონიის სახელმწიფოებრიობასო» - თითქოს თავად არ უწყოდეს, რომ შედარება აშკარად არაკორექტულია. თანაც, არა იმიტომ, რომ «რუსეთის ჯარი სხვაა და ამერიკისა - სხვა» (როგორც ირაკლი წერეთელმა ბრძანა პასუხად), არამედ სულ სხვა კატეგორიის მიზეზთა გამო: ამერიკის შეერთებული შტატები იაპონიაში არ ისახავს იმავე სტრატეგიულ მიზანს, რასაც რუსეთი - საქართველოში; ამერიკას იაპონიაში სამხედრო ბაზები მართლაც იმისათვის სჭირდება, რათა სამხედრო-სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვოს პოტენციურ მოწინააღმდეგეებთან გლობალურ პაექრობაში და არა იმისათვის, რათა იაპონია ორმოცდამეცამეტე შტატის სახით შეიყვანოს შეერთებული შტატების შემადგენლობაში.
    რუსეთს კი, სამხედრო ბაზები საქართველოში, უპირველეს ყოვლისა სჭირდება საიმისოდ, რათა მტკიცედ აკონტროლოს შიდაპოლიტიკური პროცესები საქართველოში, გამოიყენოს ზემოქმედების ეს ბერკეტი, რათა პროცესები საჭირო მიმართულებით წარმართოს და, საბოლოოდ ჯამში, მიაღწიოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფოს აღდგენას (ოღონდ, რასაკვირველია, «ნებაყოფლობის» საფუძველზე - ეკონომიკური და პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემების ხანგრძლივი და თანდათანობითი, ევოლუციური ინტეგრირების გზით).
    რუსეთის ამგვარი სურვილი სავსებით აშკარაა ყველასათვის. არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობის მრავალი წევრი კიდეც ეთანხმება და იზიარებს რუსეთთან ინტეგრირების სტრატეგიას (თუნდაც კონფედერაციის სახით), მაგრამ მაშინ პირდაპირ თქვან ამის შესახებ! რა საჭიროა «თითიდან გამოწოვილი» არგუმენტების მოტანა «ამერიკა-იაპონიის ურთიერთობათა გამოცდილების» თაობაზე?
    ასევე გაუგებარია შევარდნაძის ზოგიერთი მხარდამჭერის განცხადება: «ბაზების დაკანონებას კი ვუჭერ მხარს, მაგრამ ოცდახუთი წელი რა ამბავიაო». რუსეთს ბაზები საქართველოში იმისათვის როდი სჭირდება, ხუთიოდე წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ თქვას: «ახლა კი მოვმაგრდით, გავიმართეთ წელში, გადავწყვიტეთ ჩვენი პრობლემები და ამიტომ, - მიბრძანდით თქვენს ქვეყანაშიო»!
    სინამდვილეში, რუსეთს ბაზების სახით მყარი გარანტიები სჭირდება გარკვეული ისტორიული პერიოდის განმავლობაში და არა მხოლოდ ხუთი წლით.
    სწორედ ამიტომ, გრაჩოვი არაფრის დიდებით არ მოაწერდა ხელს დოკუმენტს, სადაც მხოლოდ ხუთი (ან თუნდაც ათი) წელი იქნებოდა გათვალისწინებული. ვითომ ვერ ხვდებიან ამას უმრავლესობის პატივცემული წევრები? ხვდებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ რაკი პასუხისმგებლობისა ეშინიათ, ცდილობენ, ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ შევარდნაძეს გადააკისრონ, რაც უზნეობა და უსინდისობაა - უმრავლესობის ყველა წევრმა, ვინც СНГ-ში საქართველოს შესვლას მისცა ხმა, ამით ფაქტობრივად ხმა მისცა რუსეთის ყოფნას საქართველოში. მათ შორის - სამხედრო თვალსაზრისით.
    უზნეობაა, ამბობდე «СНГ-ს კი მივეცი ხმა, მაგრამ რუსეთის ჯარებისათვის, ოცდახუთი წლით ბაზების გადაცემას არ ვეთანხმებიო», რადგან ეს პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენის მცდელობაა მაშინ, როდესაც საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულ ადამიანს პასუხისმგებლობისა არ უნდა ეშინოდეს.
    ერთადერთი, ვისაც არ შეეშინდა სიმართლის თქმა (იმ სიმართლისა, რომლის თქმას თვით შევარდნაძეც კი ვერ ბედავს) იყო გურამ მამულია, რომელმაც უმალვე გაავლო პარალელი ოთხშაბათს პარაფირებულ დოკუმენტსა და იმ ხელშეკრულებას შორის, რაც 1597 წელს გააფორმა რუსეთის სამეფოსთან კახეთის მეფე ალექსანდრემ. ანუ, მან პირდაპირ თქვა, რომ რუსეთის ჯარების დაკანონება საქართველოს ტერიტორიაზე არის პოლიტიკური ორიენტაციისა და არა მხოლოდ სამხედრო - სტრატეგიული მიზანშეწონილობის საკითხი.
    გურამ მამულიამ დაუფარავად განაცხადა, რომ საქართველო დიახაც უნდა წავიდეს რუსეთთან შემდგომი დაახლოების და ინტეგრაციის გზით (ზემოთმოყვანილი ისტორიული პარალელი სწორედ ამას ნიშნავს), რათა გადაჭრას თავისი პრობლემები - მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.
    ედუარდ შევარდნაძეს კი გამბედაობა არ ჰყოფნის ეს აღიაროს - იგი СНГ-ს თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგაც ამბობდა (და ალბათ ახლაც იტყვის), რომ «სხვა გზა არ არის», რომ ეს ნაბიჯი «მწარე მსხალია», «ნაკლები უბედურებაა», «შუალედური ნაბიჯია» და ა.შ.
    სინამდვილეში, მანაც კარგად უწყის, რომ რუსეთისათვის ოცდახუთი წლით სამხედრო ბაზების გადაცემა არავითარ შემთხვევაში არ არის ტაქტიკური ნაბიჯი - ეს, სინამდვილეში, სტრატეგიული არჩევანია.

    კვლავ ვიმეორებ: ის, თუ რამდენად მოხერხდება ამ დათმობის გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ან საერთოდ რამდენად გამართლებულია ეს ნაბიჯი - სხვა საკითხია, მაგრამ თუ უმრავლესობის წევრებს ეს ნაბიჯი გამართლებულად მიაჩნიათ, მათ მეტი გულწრფელობა მართებთ.
    «პრორუსული ორიენტაცია» საქართველოში, რა თქმა უნდა, არსებობდა და არსებობს, მაგრამ დღევანდელობის თავისებურება ის გახლავთ, რომ მისი მიმდევრები ღიად ვერ ბედავენ ამის გამოხატვას და აშკარად ყალბი, ხელოვნური არგუმენტებით ცდილობენ თავიანთი პოზიციის დაცვას.
    ამით ისინი (თავისდაუნებურად) კი არ აძლიერებენ, არამედ ასუსტებენ სახელმწიფოს მეთაურის პოზიციას, ვინაიდან ხალხი უმალვე ხვდება სიყალბეს და არავითარ პატივს არ მიაგებს (მით უმეტეს, არჩევნებში მხარს არ დაუჭერს) იმათ, ვინც სიყალბით, არაგულწრფელობითა და ორპირობით ცდილობს ფონს გასვლას.
    თუ მართლაც თვლიდი და თვლი, რომ «რუსული გული დედამიწაზე უფრო დიდია» - გეყოს ვაჟკაცობა, პირდაპირ თქვა ამის შესახებ.

«ივერია-ექსპრესი», 29 მარტი, 1995 წელი.
   

მთელ გვერდზე