სნგ-ს ბადეში

    პარასკევს, 26 მაისს, საქართველოს ეროვნული დღესასწაულის პარალელურად, ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გაიმართა ე.წ. «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» სახელმწიფოს მეთაურთა მორიგი შეხვედრა, რომელშიც თორმეტიდან ათი პრეზიდენტი მონაწილეობდა.
    ნურსულთან ნაზარბაევმა და თურქმენბაში ნიაზოვმა, სხვადასხვა საბაბით, უარი განაცხადეს სამიტში მონაწილეობის მიღებაზე. ბოიკოტის ნამდვილი მიზეზი კი ის იყო, რომ ამ ქვეყნებს და მათ მმართველ ელიტებს «სნგ» ვერც აკმაყოფილებს და ვერც აშინებს, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე, რომელსაც თუ არ აკმაყოფილებს, ყოველ შემთხვევაშია აშინებს მაინც.
    საქართველოს ისტორიაში უეჭველად შევა ის ფაქტი, რომ 1995 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი დილიდან -საღამოსთვის იყო გადმოტანილი, რათა მინსკში მყოფ სახელმწიფოს მეთაურს მასზე დასწრება მოეხერხებინა. სახელმწიფო ტრადიციათა დამკვიდრების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად უარყოფითი ფაქტია. თუმცა, ბოლო დროს ჩვენში დამკვიდრებული პრიორიტეტების შესაბამისად - წვრილმანია თვით მინსკის შეხვედრასთან შედარებით.
    მინსკში, რუსეთმა და ბელორუსიამ, მთელი მსოფლიოსა და «სნგ»-ს თვალწინ, გრანდიოზული სპექტაკლი გაითამაშეს: ელცინმა და ლუკაშენკომ, «სნგ»-ს საბჭოს სხდომებს შორის, ხელი მოაწერეს შეთანხმებას  სასაზღვრო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ელცინმა სხვა თავისი «კოლეგების» გასაგონად ხმამაღლა აღნიშნა: «რუსეთსა და ბელორუსიას შორის საზღვარი აღარ არსებობს».
    ვიქტორ ჩერნომირდინმა და იმავე ლუკაშენკომ მეორე დღესვე საზეიმოდ «ამოთხარეს» სიმბოლური სასაზღვრო ბოძი, რითაც საბოლოოდ გაცხადდა ბელორუსიის სურვილი, შევიდეს კვლავ ერთიანი სახელმწიფოს (კავშირის) შემადგენლობაში რუსეთთან ერთად. ანუ, ფაქტობრივად, შევიდეს რუსეთში.
    რა თქმა უნდა, კრემლის სურვილი იყო, ამ შეხვედრაზე იმისთვის მიეღწია, რომ საზღვარი არა მხოლოდ რუსეთსა და ბელორუსიას, არამედ რუსეთსა და სხვა ქვეყნებს შორისაც მოშლილიყო, მაგრამ ამჯერად ეს არ გამოვიდა. უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტების მიერ დაკავებული პრინციპული პოზიციის გამო.
    როდესაც იხილებოდა «სნგ»-ს გარე საზღვრების ერთობლივი დაცვის საკითხი, ჰეიდარ ალიევმა განაცხადა: «თუ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, საზღვრები თავად უნდა დავიცვათ». საქართველოს დელეგაცია ამ პრინციპს არ დაეთანხმა. კერძოდ, ქართულმა მხარემ დააფიქსირა თავისი «განსაკუთრებული შეხედულება», რომლის თანახმად საქართველო მზად იქნება «სნგ»-ს გარე საზღვრების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწეროს მას შემდეგ, რაც აღდგება მისი ტერიტორიული მთლიანობა ანუ აფხაზეთი დაუბრუნდება საქართველოს. ამგვარი პოზიცია ნათელყოფს, რომ «აფხაზურმა ნაღმმა» წარმატებით იმუშავა და კვლავაც «იმუშავებს», ვინაიდან რუსეთი მის გაუვნებლებას სულაც არ აპირებს.
    ე.წ «სამშვიდობო ძალებს» წლის ბოლომდე გაუგრძელდათ მანდატი. რაც შეეხება ცვლილებებს ამ მანდატში, ეს მორიგი ბლეფია, რადგან მიღებულ დოკუმენტში კვლავ არის მითითება 1994 წლის აპრილ-მაისში ხელმოწერილ ოთხმხრივ შეთანხმებებზე. ანუ, ძალაში რჩება ორი უმთავრესი დებულება: გალში არსებობს აფხაზური ადმინისტრაცია, რომელსაც საკუთარი ძალისმიერი სტრუქტურა ჰყავს, ხოლო ლტოლვილთა დაბრუნება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ამ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, რაც თავის მხრივ უეჭველად ნიშნავს იმას, რომ ლტოლვილთა დაბრუნება რეალურად არ დაიწყება - როგორც ჩანს, კონსენსუსი რუსეთსა და საქართველოს შორის ედუარდ შევარდნაძის მიუღწეველ ოცნებად რჩება.

«მიმომხილველი», 31 მაისი, 1995 წელი.