ვახტანგ რჩეულიშვილი ომს უცხადებს «მოქალაქეთა კავშირს»?

    შაბათს გაიმართა საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სესიის პირველი სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა ცნეს საკუთარი უფლებამოსილება და, იმ წუთიდან, ძალაში შევიდა საქართველოს კონსტიტუცია.
    პირველ სხდომაზე ორი საინტერესო მოვლენა მოხდა. პირველი ის გახლდათ, რომ გამოიკვეთა ოპოზიციის რეალური ძალა. უფრო სწორად, ნათელი გახდა მისი სრული უსუსურობა. ახალ პარლამენტში დილის სხდ.ომაზევე წარმოიშვა კონფლიქტი: «ტრადიციონალისტთა» დეპუტატ თამაზ დაუშვილის უფლებამოსილების გაუქმებისა და კრწანისის საარჩევნო ოლქში ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.
    უმრავლესობამ, «მოქალაქეთა» ფრაქციის სახით, რა თქმა უნდა, დაიცვა თავისი დეპუტატის - ელდარ შენგელაიას ინტერესები (იგი ისედაც არჩეულია პროპორციული სიით) და თამაზ დაუშვილის (კრწანისში გამარჯვებულის) უფლებამოსილება არ ცნო.
    ოპოზიციამ სცადა ამ გადაწყვეტილების გაპროტესტება, მაგრამ სამანდატო კომისიის წინადადება დაუყოვნებლივ დაისვა კენჭისყრაზე და ყოველგვარი გართულების გარეშე გავიდა - ოპოზიციამ სულ ოცი ხმა მოაგროვა.
    შეიძლება თამამად ითქვას: დაახლოებით ასეთივე თანაფარდობა იქნება პარლამენტში მომავალშიც - ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის დროს.
    სხვათა შორის, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ «ეროვნულ-დემოკრატებს» პრეზიდენტი კატეგორიულ უარს ეუბნება თუნდაც ერთი მინისტრის პორტფელის დაუფლებაზე და მაქსიმუმი, რასაც მათ შეიძლება მიაღწიონ, არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი, რომელზეც «მოქალაქეთა კავშირი» ალბათ მხარს დაუჭერს გიორგი კობახიძის კანდიდატურას.

    შაბათის სხდომაზე, ზურაბ ჟვანიას წინააღმდეგ საკმაოდ ემოციური სიტყვით გამოვიდა ყოფილი ვიცე-სპიკერი, ვახტანგ რჩეულიშვილი. თუმცა, ვერ ვიტყვით რომ ეს სიტყვა სრულიად მოულოდნელი იყო. რჩეულიშვილისა და «მოქალაქეთა კავშირს» შორის დაძაბული ურთიერთობა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოყალიბდა. რჩეულიშვილი ამაოდ ეცადა თავისი გამოსვლისათვის ისეთი იერი მიეცა, თითქოს იგი მხოლოდ ზურაბ ჟვანიას ფიგურით იყო უკმაყოფილო. სინამდვილეში, ვახტანგ რჩეულიშვილმა ამ გამოსვლით ომი გამოუცხადა «შევარდნაძის პარტიას» და თუმცა ეს დარტყმა თავად პრეზიდენტის წინააღმდეგ ჯერჯერობით არ არის მიმართული, მაგრამ შევარდნაძეც, ბოლოს და ბოლოს, იძულებული იქნება გააკეთოს თვისებრივი არჩევანი.
    ეს არჩევანი კი უეჭველად «მოქალაქეთა» სასარგებლო იქნება. რჩეულიშვილს აშკარად პირადი წყენა ამოძრავებს. მან უდიდესი როლი შეასრულა (გადაუჭარბებლად) შევარდნაძის მიერ პატიაშვილისა და მისი გუნდის დამარცხებაში. ხშირად სწორედ იგი იღებდა თავის თავზე «პირველ დარტყმას» და ამბობდა იმას, რის თქმასაც სახელმწიფოს მეთაური ჯერჯერობით ვერ ბედავდა.
    მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძეს ეს ყოველივე ახსოვს და «პოლიტიკური უმადურობის» სინდრომის საშიშროებასაც აცნობიერებს, მას, ფაქტობრივად, არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან «მოქალაქეთა კავშირის» მმართველი ელიტა მეტად ამბიციურია და მოწინააღმდეგესთან სეპარატულ შეთანხმებას საკუთარ ლიდერსაც კი არ აპატიებს.
    მით უმეტეს, რომ ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია! შევარდნაძის გარშემო რამდენიმე დაჯგუფება ებრძვის ერთმანეთს ადგილის დასამკვიდრებლად. ვახტანგ რჩეულიშვილიცა და ავთო მარგიანიც «ალტერნატიულ ელიტებს» ქმნიდნენ და «მოქალაქეთა კავშირის» შევიწროებას ცდილობდნენ, მაგრამ ამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ.
    მიუხედავად ამისა, რჩეულიშვილი მომავალშიც შეუქმნის პრობლემებს მმართველ პარტიას. იგი საკმაოდ კარგად დაეუფლა პოლიტიკური თამაშის ხელოვნებას, ხოლო პარლამენტში ძალთა განლაგების გათვალისწინებით, ყოფილი ვიცე-სპიკერი უეჭველად შეკრებს «საკუთარ» ფრაქციას იმ დეპუტატთაგან, რომლებიც მაჟორიტარული წესით არიან არჩეული და შევარდნაძისაგან (მიუხედავად დიდი იმედისა) თანამდებობებს ვერ მიიღებენ.
    ამ დეპუტატთაგან შემდგარი «რჩეულიშვილის ფრაქცია» გავლენითა და მნიშვნელობით შეიძლება მეორე-მესამე გახდეს საკანონმდებლო ორგანოში. პრეზიდენტს ეს ყოველივე მხოლოდ გაურთულებს ცხოვრებას, მაგრამ იგი უკვე ვერ გამოძებნის ისეთ თანამდებობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომელიც რჩეულიშვილს დააკმაყოფილებს. თუ, რა თქმა უნდა, შევარდნაძე სწორედ მისთვის არ გაიმეტებს «სახელმწიფო მინისტრის» პოსტს.

«მიმომხილველი», 29 დეკემბერი, 1995 წელი.

მთელ გვერდზე