პასუხად ოპონენტს

    გაზეთმა «საქართველომ», ბოლო ნომერში კვლავ გამოაქვეყნა ბატონ ზურაბიშვილის მორიგი სტატია, რომლითაც იგი აგრძელებს დისკუსიას «იდუმალი ორდენის» თემაზე.
    გარწმუნებთ, პატივცემულო მკითხველო, ჩემთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს დავით ზურაბიშვილის მიერ გამოთქმულ «კონტრარგუმენტთა» ვრცლად გაბათილება, თუმცა რაკი დისკუსია (ჩემი მხრივ) ამოწურულად მიმაჩნია, ამჯერად მხოლოდ მცირე განმარტებით შემოვიფარგლები:
    სახელისუფლებო სტრუქტურათა თაობაზე ბ-ნ ზურაბიშვილის მიერ განვითარებული საინტერესო თეორიის მიხედვით გამოდის, რომ დასავლეთის იმ ქვეყნებში, სადაც პრეფექტის ინსტიტუტი არსებობდა და არსებობს – დემოკრატიისა არაფერი გაეგებათ. თუკი რეგიონის ხელმძღვანელად ადმინისტრირების წესით «კაცის დანიშვნა იმთავითვე კომუნისტური სტრუქტურის დამკვიდრებას ნიშნავს, მაშინ საფრანგეთი და იტალია კომუნისტური (გნებავთ «პოსტკომუნისტური») ქვეყნები ყოფილა.
    ასევე, ძალიან ადვილად შემიძლია მკითხველს განვუმარტო, თუ რატომ მიმაჩნია რუსეთის საიდუმლო სამსახურები, «ანალიტიკური ცენტრები» და «რუსეთის ფარული ხელისუფლება» – იდენტურ ცნებებად (სწორედ მათ ვგულისხმობდი «იდუმალ ორდენში»). იმის დამტკიცებაც ძალიან იოლია, რომ ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სპეციალური სამსახურები და რუსეთის იმპერიის საიდუმლო სამსახური – აბსოლუტურად, თვისობრივად, კატეგორიულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ისიც გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ვსაუბრობ «ინტელექტუალურ ცენტრზე» და «იდუმალ ორდენზე», ვგულისხმობ არა «ადამიანთა ჯგუფს» (როგორც ეს ბ-ნ ზურაბიშვილს აქვს წარმოდგენილი) არამედ ინსტიტუტს, სისტემას.
    რაც შეეხება ჩემი საპასუხო სტატიის ტონს, ვეთანხმები ბატონ ზურაბს, რომ იგი ცოტა არ იყოს ემოციურადაა დაწერილი, მაგრამ ეს თვით პატივცემული ოპონენტის პირველი სტატიის ზოგიერთი, აშკარად შეურაცხმყოფელი პასაჟით იყო გამოწვეული. იმედია ამაზე მაინც შევთანხმდებით. მით უმეტეს, რომ როგორც თავად ზურაბიშვილის სხვა სტატიებიდან ჩანს, ბევრ რამეში თანამოაზრენი ვყოფილვართ.
    «ივერია-ექსპრესი», 8-10 თებერვალი, 1995 წელი.
   

მთელ გვერდზე