კავკასია - წინა აზიის სუბრეგიონი და ჩეჩნეთის კონფლიქტი

    რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა, «ელცინის გუნდის» ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ფიგურამ, სერგეი შახრაიმ ინტერვიუ მისცა რუსეთის რადიოს და ისაუბრა იმ მიზეზებზე, რომლებმაც (მისი აზრითა და შეხედულებით) პრეზიდენტი ელცინი «აიძულეს, მიეღო უმძიმესი გადაწყვეტილება ჩეჩნეთში ძალის გამოყენების თაობაზე».

    იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ხელმძღვანელები, ბოლო დროს, იძულებულნი ხდებიან ისაუბრონ ამ მიზეზთა შესახებ, რათა როგორმე მაინც დაამშვიდონ აბობოქრებული საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებისაგან მოითხოვს პასუხს ორ უმთავრეს კითხვაზე: რატომ არ იქნა გამოყენებული ძალა მაშინ (1991 წლის შემოდგომაზე), როდესაც ეს გაცილებით ნაკლებ მსხვერპლს მოითხოვდა და რამდენად აუცილებელი იყო, საერთოდ, ძალის გამოყენება ჩრდილოეთ კავკასიაში.
    შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე ათას ორასამდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი ათასამდე უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან ტყვედ ჩავარდა. ამავე დროს, რუსული გენერალიტეტის მტკიცებით, დაიღუპა შვიდი ათასზე მეტი ჩეჩენი «ბოევიკი», ხოლო «უფლებადამცველ» სერგეი კოვალიოვის ინფორმაციით - ოცდახუთი ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე ქალაქ გროზნოსა და სხვა დასახლებულ ადგილებში.
    პირველ კითხვაზე თვით ბორის ელცინმა გასცა პასუხი, ხოლო მეორეზე - სერგეი შახრაიმ. ორივე პასუხი ჩვენთვის (საქართველოსათვის) უაღრესად საინტერესო და საგულისხმოა. რუსეთის პრეზიდენტმა, 1994 წლის დეკემბერში, წერილით მიმართა რუსეთის სათათბიროს, რომელშიც იგი ცდილობდა განემარტა აღშფოთებული დეპუტატებისათვის თავისი გადაწყვეტილების მიზეზები და, კერძოდ, პასუხობდა კითხვაზე, თუ რატომ არ მიიღო მან ანალოგიური გადაწყვეტილება 1991 წელს, როდესაც ჯოხარ დუდაევმა ფაქტობრივად დაამხო ჩეჩნეთ-ინგუშეთის უმაღლესი საბჭო. ელცინის თქმით: «მაშინ ძალის გამოყენება ჩეჩნეთში შეუძლებელი იყო იმ მიზეზით რომ ჩეჩნეთის მოსაზღვრე საქართველოში ხელისუფლებას რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ძალები ფლობდნენ».
    ეს, რა თქმა უნდა, ქარაგმული მინიშნებაა იმ წინააღმდეგობაზე, რომელიც საერთოდ არსებობდა რუსეთსა და საქართველოს შორის ამ რეგიონში. აქ მხოლოდ გამსახურდიას ხელისუფლება არ იგულისხმებოდა, არამედ იგულისხმებოდა იმავე კატეგორიის სხვა მიზეზიც.
    კერძოდ ის, რომ 1992-1993 წლებში, როდესაც აფხაზეთში ომი მძვინვარებდა და რუსეთი «არძინბას დაშოშმინების პოლიტიკას» აწარმოებდა (სეპარატისტული რეჟიმის ფარული მხარდაჭერის პარალელურად) - ელცინს არასგზით არ შეეძლო ამ დროს ჩეჩნეთში ომის დაწყება, რადგან მოსკოვი უმალვე დაკარგავდა ყველა იმ პოლიტიკურ «კოზირს», რომელთა მეშვეობით იგი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს «შუამავლის» ფუნქციასა და როლს ჩემულობდა. მაგრამ ახლა, როდესაც მის მიერვე წარმართული პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და ენგურზე რუსეთის ჯარი დგას - რუსეთს უკვე შეუძლია იმ პრინციპის იგნორირება («კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით»), რომელთა დაცვასაც კატეგორიულად (სანქციების შემოღების მუქარით) მოითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისაგან. მართალია აქ შეიძლება წამოიჭრას ელემენტარული სინდისიერების პრობლემა, მაგრამ ეს პრობლემა «დიდ პოლიტიკაში» არააქტუალურად ითვლება.

    სერგეი შახრაი თავის ვრცელ ინტერვიუში უფრო შორს მიდის. იგი საუბრობს იმ პოლიტიკურ შედეგებზე, რომლებიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ძალის გამოუყენებლობას ჩეჩნეთში: «ჩეჩნეთი ადრე თუ გვიან მოახერხებდა რუსეთის ფედერაციისაგან განცალკევებას და, საბოლოო ჯამში, სრულ გასვლას რუსეთის შემადგენლობიდან. ამას კი უეჭველად მოყვებოდა ის, რომ რუსეთის შემადგენლობიდან გავიდოდა ინგუშეთიც. გარკვეული ძალები შეეცდებოდნენ სიტუაციის დესტაბილიზაციას ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში - ადიღეც გავიდოდა რუსეთიდან და დაიწყებოდა ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთს გაყოფის პროცესი. რუსეთის სხვა რეგიონებშიც დაიწყებოდა სეპარატისტული მოძრაობა - უპირველეს ყოვლისა თათრეთსა და ბაშკირეთში - რეგიონალური ელიტები გაემიჯნებოდნენ ცენტრს. რუსეთი იძულებული გახდებოდა «წასულიყო» ამიერკავკასიიდან, რასაც თავის მხრივ, მოყვებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კომუნიკაციების გაყვანა არა რუსეთის, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე - შავ ზღვასა და კასპიის ზღვაზე გაძლიერდებოდა თურქეთისა და, შესაბამისად, დასავლეთის პოზიციები. რუსეთის სამხრეთი მთლიანად დაუცველი აღმოჩნდებოდა მრავალი გეოპოლიტიკური საფრთხის თვალსაზრისით. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი და გამართლებული, აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება - გამოეყენებინა ძალა ჩეჩნეთში კონსტიტუციური წესრიგისა და სახელმწიფოებრივი იურისდიქციის აღსადგენად».
    სერგეი შახრაის ეს ტირადა იმდენად საინტერესოა, რომ ვრცელ და დაკვირვებულ ანალიზს მოითხოვს. ამჯერად, მკითხველის ყურადღებას შემდეგ, ჩემი აზრით საკვანძო მომენტებზე შევაჩერებ:
    ინგუშეთის მმართველი ჯგუფის მცდელობას, რუსეთის მეშვეობით დაიბრუნოს ე.წ. «პრიგოროდნი რაიონი» ან დააბრუნოს ამ რაიონში ინგუში ლტოლვილები - სრული კრახი ელის. რუსეთმა უკვე გააკეთა არჩევანი და აღარასოდეს უღალატებს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს რეგიონში - ოსურ ნაციონალიზმს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში კრემლის უმთავრესი და ერთადერთი დასაყრდენი ხდება;
    საგულისხმოა შახრაის რწმენაც, რომ ადიღეს «ლოიალობა» რუსეთის მიმართ მხოლოდ დროებითი მოვლენაა და არამყარი პოლიტიკური ფაქტორებითაა განპირობებული. ისევე, როგორც ყაბარდოსა და ჩერქეზეთში - რუსეთს ამ რეგიონშიც უაღრესად მძიმე პრობლემები აქვს, მაგრამ იგი ყოველთვის ოსტატურად თამაშობდა ერთი მხრივ ყაბარდოელებსა და ჩერქეზებს, ხოლო მეორეს მხრივ ყარაჩაელებსა და ბალყარებს შორის არსებულ წინააღმდეგობაზე. თურქული წარმოშობის კავკასიელი მთიელები რუსეთისადმი სიმპათიით ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ ისტორიულად და არც ახლა გამოირჩევიან, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში ნაციონალისტური მოძრაობის გაძლიერებისთანავე რუსეთი შეძლებს ამ პროცესების მართვას «დაჰყავი და იბატონეს» კლასიკური სქემის განხორციელებით;
    აფხაზურ-ადიღეური და თურქული წარმოშობის ჩრდილოეთ კავკასიელებს შორის რამდენიმე ძნელად გადასალახავი ტერიტორიული წინააღმდეგობა არსებობს. სწორედ ამას გულისხმობდა შახრაი, როდესაც ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის «გაყოფის მცდელობაზე» საუბრობდა. რუსეთი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იქნებოდა მის მიერვე შეკოწიწებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სიმბიოზების დაშლისა. ერთნაირი «საგარეო ორიენტაციის» მქონე ხალხთა შეთანხმებას იგი ხელს შეუშლის იმითაც, რომ კავკასიის ამ რეგიონში მილიონობით რუსი (კაზაკი) და სომეხი ცხოვრობს, რომლებიც უმალვე დაადასტურებენ თავიანთ ლოიალობას «ცენტრისადმი»;
    საყურადღებოა აგრეთვე, რომ შახრაი «ამიერკავკასიიდან წასვლას» პირდაპირ უკავშირებს «ჩეჩნურ პრობლემას», ხოლო რუსეთის ძალების გაყვანას საქართველოდან - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მაგისტრალის გავლას. სხვათა შორის, ეს ბოლო საკითხი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული დასავლეთთან შესაბამისი მოლაპარაკებებისას - რუსეთის ჯარების (ბაზების) დაკანონება საქართველოს ტერიტორიაზე უეჭველად ნიშნავს იმას, რომ დასავლური კონცერნები იძულებულნი (და რაციონალური თვალსაზრისით - ვალდებულნიც) გახდებიან მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობსადენის გაყვანის თაობაზე აწარმოონ არა მხოლოდ თბილისთან, არამედ მოსკოვთანაც, ვინაიდან რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოში (მათი სტატუსის იურიდიული გაფორმების მიუხედავად), გულისხმობს, რომ რეალურად, ნავთობსადენის უსაფრთხოების გარანტი რუსეთიც უნდა იყოს. ამგვარ გარანტიებს კი რუსეთი დასავლეთს ნამდვილად არ მისცემს იმ პირობებში, როდესაც თავად არის დაინტერესებული სატრანსპორტო მაგისტრალის გატარებით საკუთარ ტერიტორიაზე (იმავე ჩეჩნეთის გავლით).
    ამრიგად, დღეს, როდესაც ჩეჩენი ხალხი მართლაც გმირულად იბრძვის თავისუფლებისათვის (ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი უარყოფს - აქ ვისიმე «სიმპათია» ან «ანტიპათია» არაფერ შუაშია) წყდება არა მხოლოდ ლოკალური  პრობლემის ან თუნდაც მოსკოვში მმართველი ელიტის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონის, უფრო ფართოდ - სუბრეგიონისა და თვით რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს ბედი.

«ივერია-ექსპრესი», 3 მარტი, 1995 წელი.
   

მთელ გვერდზე