მტრის ხატი
   

    ომი ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ ახალ სტადიაში შედის. იგი, რა თქმა უნდა, ჯერ არ მთავრდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიამ შეძლო ჩეჩენთა ორგანიზებული წინააღმდეგობის გატეხვა - მას შემდეგ, რაც ფიზიკურად გაანადგურა ათასობით პატრიოტი და მიწასთან გაასწორა თითქმის ყველა დასახლებული პუნქტი.
    ფაქტობრივად, რუსეთის არმიის «გამარჯვებაზე» მხოლოდ ფარდობითად შეიძლება საუბარი - სინამდვილეში, იმ არაადამიანურ ტაქტიკას, რომელსაც რუსეთი მიმართავდა, «ომი» არც ჰქვია, რადგან ომსაც აქვს თავისი კანონები. რუსეთის არმია კი, უბრალოდ მიადგებოდა ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტს და იწყებდა მის უმოწყალო დაბომბვას - რეაქტიული არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით. მას შემდეგ, რაც ამ დასახლებულ პუნქტში ფაქტობრივად ცოცხალი აღარაფერი რჩება - «ძლევამოსილი» ჯარი შედის იქ და აღადგენს «რუსეთის იურისდიქციას»; ჩეჩენი მებრძოლები, რომლებიც ერიდებიან მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში, იძულებულნი ხდებიან უბრძოლველად დატოვონ დასახლებული პუნქტები, თუმცა ეს სერიოზულად არ ცვლის ვითარებას.
    მაგალითად: ქალაქ გუდერმესსა და სოფელ შალის რუსეთის არმია მაინც ბომბავდა ორი დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ეს დასახლებული პუნქტები დატოვა ჩეჩნეთის გვარდიამ. შედეგად დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოსახლე, ხოლო რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა მსოფლიოს ამცნეს, რომ «ფედერალურმა ჯარებმა გააფთრებული ბრძოლების შედეგად, დაიკავეს ჩეჩენ სეპარატისტთა უკანასკნელი გამაგრებული პუნქტები».

    ამრიგად, ჩეჩენი ხალხის გენოციდი გრძელდება - როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობას განზრახული აქვს ამ ხალხის სრული ფიზიკური განადგურება და მისი ხელმეორე დეპორტაცია მშობლიური ადგილებიდან: უკვე გაისმის «გულისამაჩუყებელი» მოწოდებანი იმის თაობაზე, რომ ჩეჩნეთში ათასობით ბავშვი დარჩა უპატრონოდ და საჭიროა მათი რუსეთში გაყვანა; იქმნება საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც სასტიკად აწამებენ ჩეჩენ პატრიოტებს. სხვათა შორის, ამ ბანაკებს რუსეთის «დემოკრატიული პრესა» «საფილტრაციო პუნქტებს» უწოდებს და არა «საკონცენტრაციო ბანაკებს» - ეს არც არის გასაკვირი. ისევე, როგორც საბჭოთა მზვერავი «რაზვედჩიკი» იყო, ხოლო ამერიკელი - «შპიონი», ასევე რუსეთის მიერ მოწყობილი ფაშისტური ბანაკები «საფილტრაციოა» და არა «საკონცენტრაციო».
    ეს საერთოდ დამახასიათებელია რუსეთის ნამუსგარეცხილი პროპაგანდისათვის - ყურადღება მივაქციოთ: მიუხედავად იმისა, რომ «დემოკრატიული პრესა» და ტელევიზია თითქოს «თანაუგრძნობს», «მხარსაც კი უჭერს» ჩეჩენი ხალხის ბრძოლას და გმობს «რუსეთის ფედერალური ჯარების სისასტიკეს საკუთარი მოქალაქეების (!) მიმართ», - ისინი რატომღაც არ იქცევიან ისევე, როგორც, ვთქვათ, აფხაზეთის ომის დროს: არ უთმობენ თავიანთ საინფორმაციო არხებს «მეორე მხარეს».
    მაგალითად, აფხაზეთში ომის დროს რუსი დიქტორები, მას შემდეგ, რაც მოვლენათა «ქართულ ვერსიას» გადასცემდნენ, ამბობდნენ «ახლა კი, გადმოგცემთ მეორე მხარის შეხედულებას» - რასაც მოჰყვებოდა აფხაზი პროპაგანდისტების მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც მათი სურვილისა და მისწრაფების გამოხატულება იყო.
    საინტერესოა, ახლაც იგივეს რატომ არ აკეთებენ რუსი «დემოკრატი ჟურნალისტები?» რატომ არ უთმობენ ეკრანს ჩეჩენ ტელეჟურნალისტებს, რათა მათ მოვლენათა საკუთარი ვერსია გააცნონ მაყურებელს?
    ასევე ორაზროვანია საერთოდ, რუსული დემოკრატიის პოზიცია - ისინი თითქოს წინააღმდეგნი არიან ამ ომისა, თითქოს მხარს უჭერენ ჩეჩენი ხალხის ბრძოლას, მაგრამ ამავე დროს კაჭკაჭივით იმეორებენ: ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, ეს ყოველივე რუსეთში ხდება და როგორ შეიძლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ, საკუთარ ტერიტორიაზე ამგვარი ქმედებაო.
    არადა, ჩეჩნები ხომ სწორედ იმიტომ იბრძვიან ესოდენი გააფთრებით, რომ არ მიაჩნიათ ჩეჩნეთი - რუსეთის ტერიტორიად. რუს დემოკრატებს ამის გაგონებაც არ სურთ. გარწმუნებთ, გულის სიღრმეში ყოველი მათგანი სრულად მხარს უჭერს ელცინის მოქმედებას და ჩეჩენი ხალხის გაჟლეტას, მაგრამ მათთვის ამჯერად მთავარია «დემოკრატიული იმიჯის» შენარჩუნება, რათა შემდგომ «უფლება დაიტოვონ» სხვის საქმეებში ჩარევისა.
    მაგალითად, როდესაც უკრაინელმა პარლამენტარებმა მტკიცე პროტესტი განაცხადეს ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული პროვოკაციული «განცხადების» გამო - პრეზიდენტ ელცინის წარმომადგენელმა თავი ასე იმართლეს: ხომ ხედავთ, რუსეთის პარლამენტი ჩვენს მოქმედებასაც კი აკრიტიკებს ჩეჩნეთის მიმართ, ამიტომ მათ აქვთ მორალური უფლება გააკრიტიკონ უკრაინის პოლიტიკა ყირიმთან დაკავშირებითო.
    ანუ, რუსი «დემოკრატების» მიერ ჩეჩნეთში ელცინის არაადამიანური პოლიტიკის კრიტიკა მხოლოდ ფანდია, რათა უფლება დაიტოვონ სხვის საქმეებში ჩარევისა.
    რუსმა დემოკრატებმა ხომ შესანიშნავად უწყიან: მათი დემონსტრაციული «დაპირისპირება» ელცინის მიმართ რეალურად არაფერს შეცვლის - აღმასრულებელი ხელისუფლება მაინც მოიქცევა ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ხოლო საპარლამენტო «შოუ» არავითარ შედეგს არ გამოიღებს ერთის გარდა: დაუტოვებს რუსეთის პარლამენტს იმის უფლებას, ჭკუა ასწავლოს და მიუთითოს საქართველოს, როგორ უნდა მოიქცეს იგი აფხაზეთის მიმართ; მოლდოვას - დნესტრისპირეთის მიმართ; უკრაინის - ყირიმის მიმართ და ასე შემდეგ.
    კიდევ უფრო ვირეშმაკულად ირჯება ცნობილი «დემოკრატი» და «ადამიანის უფლებათა დამცველი» კოვალიოვი, რომელსაც რუსეთში არანაკლებ დიდი შოვინისტისა და კიდევ უფრო დიდი «დემოკრატის» - ანდრეი სახაროვის შთამომავლადაც კი თვლიან. მთელი ომის განმავლობაში იგი ჩეჩნებს გვერდიდან არ მოშორებია და განუწყვეტლივ ლანძღავდა ბორის ელცინს. ოღონდ, თუ ყურადღებით დააკვირდებით მის განცხადებებს, შევნიშნავთ, რომ ისინი იმავე ყალბი თეზითაა განმსჭვალული, რომ «არ შეიძლება საკუთარი მოქალაქეების ხოცვა, დაუშვებელია საკუთარ ტერიტორიაზე სასაკლაოს მოწყობა და ასე შემდეგ».
    სინამდვილეში, კოვალიოვის მისია შემდეგ მიზანს ისახავს: მას ამ გზით სურს არ დაუშვას ჩეჩენი ხალხის ცნობიერებაში რუსეთის სახით «მტრის ხატის» ჩამოყალიბება - აქაოდა, ხომ ხედავთ, ორი რუსეთი არსებობს: როდესაც ერთი ტყვიას გესვრით - «მეორე რუსეთი» გიცავთ და მხარს გიჭერთო.
    სინამდვილეში, როგორი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს რუსეთში, ვინც არ უნდა მოვიდეს მოსკოვში ხელისუფლების სათავეში - პოლიტიკა ჩეჩნეთის მიმართ არ შეიცვლება, ვინაიდან ეს პოლიტიკა რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული და არა ელცინის «ხუშტურით».
    მეორე მხრივ, თუ ერის ცნობიერებაში ჩამოყალიბდა «მტრის ხატი» - აგრესიული მეზობლის სახით - წინააღმდეგობა პერმანენტული და დაუსრულებელი გახდება.
    XIX საუკუნეში ჩეჩენმა ხალხმა სწორედ იმიტომ გაძლო და იომა თითქმის ორმოცდაათი წელი, რომ მის ცნობიერებაში ეს ხატი არსებობდა და იგი, რა თქმა უნდა, არ სცნობდა (არც იცნობდა) ყალბ თეორიას «ორი რუსეთის შესახებ», რომელიც მოიგონეს მოღალატეებმა საკუთარი სამშობლოს მოსატყუებლად და შენიღბულმა იმპერიალისტებმა - თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხების დასაპყრობად და დასათრგუნად.

«მსგეფსი», 1995 წლის აპრილი.

მთელ გვერდზე