ნავთობსადენის მესამე მარშრუტი - აფხაზეთის გავლით?

    უცხოური სააგენტოები იუწყებიან, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარეობს კონფიდენციალური მოლაპარაკება კასპიის შელფის ნავთობის დასავლეთში ტრანსპორტირების კიდევ ერთი, ახალი მარშრუტის თაობაზე, რომელმაც ბაქოდან უნდა გაიაროს თბილისზე, შემდეგ ქუთაისზე, ზუგდიდზე, სოხუმზე და შეუერთდეს ნოვოროსიისკის ნავთობსადენის ტერმინალს, საიდანაც დაგეგმილია ტანკერებით, მდინარე დუნაის გავლით (რაკი თურქეთმა შეზღუდა ნავთობტანკერების მოძრაობა ბოსფორსა და დარდანელში) ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება ცენტრალურ ევროპაში.
    მოლაპარაკება იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ აფხაზებმა, რომლებიც არც თუ დადებითად აფასებენ ამ პროექტს (თუ რატომ - ქვემოთ მოგახსენებთ) ყველაფერი გააკეთეს, რათა ინფორმაციას «გაეჟონა» დასავლურ პრესაში. სავსებით ნათელია, რომ ამ პროექტს კავკასიის, რუსეთისა და დასავლეთისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მას შეუძლია კარდინალურად შეცვალოს გეოპოლიტიკურ ძალთა განლაგება რეგიონში.
    როგორც ცნობილია, დღემდე განიხილებოდა ორი ძირითადი მარშრუტი. პირველი: ბაქო - თბილისი – სუფსა, ანუ თურქეთის გავლით, ხმელთაშუა ზღვის ნავთობის ტერმინალებისაკენ და მეორე: ბაქო-გროზნო-მაიკოპი-ნოვოროსიისკი.
    დიდი ნავთობსადენის გაყვანა თურქეთის ტერიტორიაზე ამ ქვეყანას დიდ პოლიტიკურ (პერსპექტივაში ეკონომიკურ) დივიდენდებს მოუტანს - განუზომლად გაიზრდება თურქეთის გავლენა საქართველოში, რომელიც თავის მხრივ «კავკასიის გასაღებია»; კავკასიაში პოზიციათა განმტკიცებით კი თურქეთი უზრუნველყოფს საკუთარ გავლენას შუა აზიის რეგიონშიც.
    ამის შედეგად, თურქეთი ხდება ერთგვარი «გადამცემი რგოლი» დასავლეთსა და კავკასია-შუა აზიის სუბრეგიონს შორის, ანუ თურქეთი კიდევ უფრო გაზრდის თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას და, ამავე დროს, შეამზადებს პირობებს «დიდი თურანის» აღორძინებისა და დამკვიდრებისათვის.
    რაც შეეხება რუსეთს, მისი პოზიციები რეგიონში შესუსტდება იმდენადვე, რამდენადაც განმტკიცდება თურქეთის პოზიციები - რუსეთი ნელ-ნელა დაკარგავს გავლენას კავკასიასა და შუა აზიაში რაც (ჩრდილოეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით) მისთვის სახელმწიფოებრივი კატასტროფის ტოლფასია.
    სწორედ ამიტომ, რუსეთი დღეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ნავთობსადენმა თურქეთზე არ გაიაროს და კონსორციუმის მიერ «რუსული მარშრუტი» იყოს აღიარებული.
    ამ მიზნით, კრემლმა აამოქმედა დასავლეთზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი: ბოსნიიდან დაწყებული - სტრატეგიული იარაღის შემცირების პრობლემამდე. რუსული დიპლომატიის აქტიურობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. დასავლური პრესის მონაცემებით, უკლებლივ ყველა ქვეყანაში, ისლანდიიდან - ავსტრალიამდე და იაპონიიდან - არგენტინამდე, რუსი დიპლომატები მიღებებზე, შეხვედრებზე, ლანჩებსა და ალა-ფურშეტებზე შემთხვევას არ უშვებენ, თავის პარტნიორებს სთხოვონ მხარდაჭერა ამ საკითხში - ნებისმიერ სხვა საკითხში რუსეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ.
    რუსეთმა, ისევე როგორც თურქეთმა, თავის თავზე აიღო ყველა დამატებითი ხარჯი, რაც ნავთობსადენის მოდერნიზაციას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, მან ვერ შეძლო გადაეწყვიტა ყველაზე მთავარი, ფუნდამენტურად ქცეული პრობლემა, რომელიც ამ მარშრუტის განხორციელებას უშლის ხელს - ეს არის გაუთავებელი ომი ჩეჩნეთში.
    ჩეჩენი პარტიზანები იარაღის დაყრას არ აპირებენ და გააფთრებით იბრძვიან სამშობლოს თავისუფლებისათვის. ბრძოლები მიმდინარეობს თვით გროზნოში. ყოველდღიურად ათეულობით რუსი ჯარისკაცი იღუპება (აღსანიშნავია, რომ ერთ წლის განმავლობაში ჩეჩნეთში ხუთი ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა მაშინ, როდესაც ავღანეთში ათი წლის განმავლობაში - თხუთმეტი ათასი), ყოველდღე ხდება ტერორისტული აქტები რუსეთის მიერ ძალით დამკვიდრებული მარიონეტული ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ. შამილ ბასაევი განუწყვეტლივ იმუქრება «ბუდიონოვსკის ოპერაციის» განმეორებით რუსეთის ნებისმიერ ქალაქში და მის «თავზეხელაღებულთა რაზმს» მართლაც ძალუძს ამგვარი აქტის განმეორება.
    როგორც ჩანს, ჩეჩნები ბრძოლას არ შეწყვეტენ. ყოველ შემთხვევაში, ჩეჩნეთი მუდმივი დესტაბილიზაციის კერა იქნება - ამ პირობებში კი, ნავთობის კონსორციუმი არ მიიღებს გადაწყვეტილებას ნავთობსადენის ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გატარების შესახებ.
    რუსმა პოლიტიკოსებმა კონსორციუმს შესთავაზეს შემოვლითი გზის აგება, რომელიც ჩეჩნეთზე აღარ გაივლის, მაგრამ ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან ჩეჩნეთში მიმდინარე ომი მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიას აქცევს დაძაბულობის კერად.
    პრეზიდენტმა ელცინმა პრობლემათა ამ კომპლექსის გადასაწყვეტად თავისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა - უშიშროების საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, ოლეგ ლობოვი დანიშნა სრულუფლებიან წარმომადგენლად ჩეჩნეთში. ეს კვლავ და კვლავ მიუთითებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს კრემლი ნავთობსადენის საკითხს.
    ოლეგ ლობოვმა კი, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი აწარმოებს მოლაპარაკებას კონსორციუმთან და ყველა დაინტერესებულ პირთან კასპიის ნავთობისა და (მიაქციეთ ყურადღება) შუა აზიის ენერგომატარებელთა ტრანსპორტირების თაობაზე რუსეთის გავლით.
    დასავლეთი ყოველივე ამას დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. პრეზიდენტ კლინტონის უშუალო ჩარევის შედეგად მან ძალზე ოსტატურად «დააბალანსა» ეს წინააღმდეგობა. როგორც ცნობილია, კონსორციუმმა მიიღო გადაწყვეტილება პირველადი ნავთობის ორი მარშრუტით ტრანსპორტირების შესახებ. უფრო ზუსტად, კონსორციუმმა მიიღო გადაწყვეტილება, პირველადი ნავთობის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების თაობაზე. მაგრამ, ამავე დროს, რუსეთსაც დაუტოვა შანსი, გადაწყვიტოს პრობლემა ჩეჩნეთში და შექმნას პირობები მეორე მარშრუტით ნავთობის ტრანსპორტირებისათვის, რასაც რუსეთი, რასაკვირველიამ ვერ შეძლებს, ვინაიდან ჩეჩნეთის ომს ბოლო არ უჩანს, ხოლო ნავთობსადენის აფეთქება ჩეჩნეთის კარგად მომზადებული ტერორისტულ-დივერსიული ჯგუფებისათვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.
    სწორედ ამ გარემოებათა მთელი კომპლექსის გათვალისწინებით, რუსეთის სპეცსამსახურთა ანალიტიკურ ლაბორატორიებში (რომელთა დანიშნულებაა სხვადასხვა გეოპოლიტიკურ პრობლემათა გადაწყვეტის სქემების მომზადება) დაიწყეს მუშაობა მესამე შესაძლო ვარიანტზე: აზერბაიჯანიდან - საქართველოსა და აფხაზეთზე გავლით.
    თუ ნავთობსადენი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის, რუსეთი (ბაზების თაობაზე მიღწეული გადაწყვეტილების გათვალისწინებით) შეძლებს მასზე კონტროლის დამყარებას და (რაც მისთვის ყველაზე მთავარია) თურქეთის გავლენის ნეიტრალიზაციას. საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობსადენის გავლა, რუსეთისათვის, რა თქმა უნდა ნაკლებსასურველია ვიდრე საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ მოსკოვში «თურქულ ვარიანტთან» შედარებით ეს მაინც ნაკლებ ბოროტებად ითვლება.
    საქართველოსათვის, ეკონომიკური თვალსაზრისით სულერთია, მისი ტერიტორიიდან ნავთობსადენი თურქეთის ტერიტორიაზე გავა თუ რუსეთის. მაგრამ ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.
    საქართველოს ხელისუფლებას ხელთ მიეცა უმძლავრეს კოზირი, რომლითაც მან შეიძლება კიდეც მოუგოს «თამაში» ვლადისლავ არძინბას - მიუხედავად ამ უკანასკნელის ჭკუის და გონებამახვილობისა.
    ყოველ შემთხვევაში, სავსებით ნათელია, რომ შევარდნაძე «მესამე ვარიანტის» განხორციელებაზე თანხმობას განაცხადებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთში აღდგება საქართველოს იურისდიქცია და ამ ტერიტორიაზე დაბრუნდებიან ქართველი ლტოლვილები. აფხაზური მხარე ნებაყოფლობით ამ პირობებს, რასაკვირველია, არ დათანხმდება (თუნდაც ეკონომიკური დივიდენდების მიღების სანაცვლოდ). ამიტომ რუსეთი იძულებული იქნება გააძლიეროს ზეწოლა არძინბას რეჟიმზე, რათა აიძულოს იგი წავიდეს დათმობაზე.
    აფხაზების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იდენტურია იმისა, რომელიც მათ უკავიათ აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ამოქმედებასთან დაკავშირებით - ისინი სრულიადაც არ არიან წინააღმდეგნი რკინიგზაზე მოძრაობდნენ სამხედრო ეშელონები, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი არ დაუკავშირდება აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენას.
    ასეთივე პოზიცია ექნებათ მათ ნავთობსადენის თაობაზეც. შევარდნაძე კი ცდილობს, პრობლემის გადაწყვეტის იმგვარი სქემა შეიმუშაოს, რომელიც რუსეთს (და არა თვით საქართველოს) აიძულებს დაუპირისპირდეს არძინბას.
    უეჭველად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ რაც უფრო გაჭიანურდება კონფლიქტი ჩეჩნეთში და რაც უფრო გაიზრდება «თურქეთის მარშრუტის» შანსები, მით უფრო გაძლიერდება რუსეთის ზეწოლა სოხუმზე. საბოლოო ანგარიშით, ეს ზეწოლა ალბათ გამოიწვევს განხეთქილებას არძინბას გარემოცვაში (არა მოჩვენებით, თვალთმაქცურ, არამედ რეალურ განხეთქილებას), მაგრამ ამას დრო დასჭირდება.
    ამჟამად კი, ყველაზე მთავარია, საქართველოს ხელისუფლება არ აყვეს პოპულისტურ მოწოდებებს და არ მოითხოვოს რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან - პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის მიზნით, ვინაიდან რუსეთი ძალით პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას საქართველოს მაინც არ მისცემს, ხოლო ომის განახლების შემთხვევაში, მან შეიძლება მიიღოს საშუალება ე.წ. «აფხაზური ფორმირებების» მეშვეობით დაიპყროს დასავლეთ საქართველო და გადაჭრას «თურქული მარშრუტი», რათა საქართველოს ორივე შანსი წაართვას.

«მსგეფსი», 7 დეკემბერი, 1995 წელი.
   

მთელ გვერდზე